კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფმა წერილობითი გაფრთხილება მისცა სასულიერო პირებს, რომლებმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, საბაწმინდის ეკლესიასა და ვეჯინის დედათა მონასტერში, თვითნებური სამუშაოები ჩაატარეს.
საბაწმინდის ეკლესიისა და ვეჯინის დედათა მონასტრის რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ნათლად ჩანს, ძეგლების არქიტექტურულ იერსახეში უხეში ჩარევის ფაქტები სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელდა.
ზედამხედველობის ჯგუფი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორი ძეგლის შესასწავლად 24 სექტემბერს ჩავიდა.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სასულიერო პირებს განესაზღვრათ სამთვიანი ვადა, რათა სააგენტოში წარადგინონ შესაბამისი პროექტი არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად:
„წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, საბჭომ უნდა იმსჯელოს, რათა ამოშენებულ ღიობებს მიეცეს ფუნქციური დატვირთვა და შესაბამისი იერსახის მქონე კარი განთავსდეს. შეიძლება ითქვა, რომ სასულიერო პირებმა მიიღეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ამოაშენეს ღიობები მათი შეხედულებისამებრ, რასაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად არ ვეთანხმებით. ამოშენების შედეგად ძეგლის დაზიანებები არ არის დაფიქსირებული. აგურის მოხსნა მარტივად არის შესაძლებელი და ასევე მარტივად შეიძლება მის ნაცვლად ამ ღიობში განთავსდეს ავთენტური ფორმის ხის კარი. სასულიერო პირები თანახმანი არიან, რომ წარმოადგინონ პროექტი“.
რაც შეეხება ვეჯინის დედათა მონასტერს, იქ ძირითადი კარის ერთი ფრთა ჩანაცვლებულია დროებითი კარით, სადაც გაკეთებულია ჭრილი და მასში მოთავსებულია ღუმელის საკვამური:
„სასულიერო პირები ამბობენ, რომ ღუმელი მათ გასათბობად სჭირდებათ. თუმცა, ის ფორმა, რა ფორმითაც მონასტერში ღუმელია განთავსებული, ტაძრის მხატვრულ იერსახეს ეწინააღმდეგება, არ ესადაგება და საჭიროა მისი ცვლილება. ამ შემთხვევაში, სასულიერო პირებს მიეცათ სამთვიანი ვადა, რომ სააგენტოში წარმოადგინონ პროექტი, რათა მოხდეს მისი განხილვა და მეთოდოლოგიური გადაწყვეტა“, - ამბობს ბექა ბარამიძე.
ორივე ძეგლი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას ექვემდებარება. რადიო თავისუფლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე 24 სექტემბერს ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ექვთიმე ლეჟავას დაუკავშირდა. ის ირწმუნებოდა, რომ ვეჯინის მონასტერსა და საბაწმინდის ეკლესიაში სამუშაოები ნორმების სრული დაცვით წარიმართა. მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან სამუშაოების შეთანხმების ვალდებულება მას არ გააჩნდა.
საბაწმინდის ეკლესია
მეცამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლია. ეკლესია გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობაა. ის აშენებულია ძირითადად აგურით. ეკლესიის შიდა სივრცეს საკურთხევლის სამი და გუმბათის ყელში გაჭრილი თორმეტი მაღალი სარკმლის გარდა, კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს, რომლებიც გაჭრილია სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების ღერძზე.
ეკლესიას XX საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს გუმბათის ყელი და ლავგარდანი.
საბაწმინდის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსს.
რაც შეეხება ვეჯინის სამონასტრო კომპლექსს, ტერიტორიაზე მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში აგებული რამდენიმე ეკლესია მდებარეობს, მათ შორის, ყველაწმინდის, ამაღლების, აღდგომის მცირე, ღვთისმშობლის, მოციქულის და წმ. გიორგის ტაძრები.
გუმბათიანი ეკლესია, სადაც დღეს დედათა მონასტერი მდებარეობს, აშენებულია გვიან შუასაკუნეებში. ეკლესია აგებულია თავისი ეპოქისათვის დამახასიათებელი მხატვრულ-არქიტექტურული სახით. შენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აგებულია ვეჯინის ციხეში, რომელიც ჯერ კიდევ მერვე-მეცხრე საუკუნეებში წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ციხე-სიმაგრეს.