Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელი: ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2019 წელს გარდაიცვალნენ


რადიო თავისუფლება იხსენებს იმ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც 2019 წელს გარდაიცვალნენ.

ელგუჯა ბერძენიშვილი

მოქანდაკე, მხატვარი

ელგუჯა ბერძენიშვილი 4 იანვარს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია „დეკორატიული პანო“ ბიჭვინთაში (1967წ.), „ნავები“ (1955წ.), „მეუღლის პორტრეტი“ (1956წ.), „აბესალომ და ეთერი“ (1968წ.); კონსტანტინე გამსახურდიას რომანის, „დიდოსტატის მარჯვენის“, ილუსტრაციები (1972წ.).

გურანდა გაბუნია

კინოსა და თეატრის მსახიობი

გურანდა გაბუნია 4 თებერვალს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში, მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, გვერდით. „ოთარი და თეატრი ჩემთვის ერთად იყო... სიყვარული არასდროს ქრება. თუ არის, არ ქრება“, - თქვა მან ერთხელ.​

გურანდა გაბუნიას დაკრძალვა
გურანდა გაბუნიას დაკრძალვა

გურანდა გაბუნია 20-მდე ქართულ ფილმში მონაწილეობდა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. უამრავი როლი აქვს ნათამაშევი როგორც კინოში, ასევე თეატრში: „ქარიშხალი“ (ირინე), „ანტიგონე“ (ისმენე), „ჩალის ქუდი“ (კლარა), „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (ჟოზე), „სირანო დე ბერჟერაკი“ (როქსანა)...

ომარ თურმანაული ​

პოეტი

„ნეტავ, ჩემ თავს არა ვგავდე (ჩემი არაფერი მინდა)“... პოეტი ომარ თურმანაული 1959 წლის 25 მაისს სოფელ ხილიანში დაიბადა.

სულ რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული: „დღე-ღამის დედა“, „ცოდვები და გვირილები“, „ჯარისკაცის ჩანაწერები“... ეს უკანასკნელი აფხაზეთის ომის შემდეგ დაწერა.

ეროვნული პარლამენტის არქივში შენახულია ჩანაწერი, სადაც ამბობს: „აფხაზეთის ომის შემდეგ, სადაც როგორც რიგითი ჯარისკაცი ვიყავი, სამი წელი რუსთაველზე წიგნებს ვყიდიდი. მერ წავედი, ძაღლი სახლში არ უნდა მოკვდესო და, იქნებ, სადმე რამე ვნახო, გადავრჩე-მეთქი...“

სტრასბურგში ქართველი ავტორების ნაწარმოებები თარგმნა ფრანგულად. 1998 წელს საფრანგეთში დაიბეჭდა მისი რომანი - „ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი“.

„მაგრამ ხსოვნის ამ ძვირფასი ტვირთით

ვუახლოვდები თანდათან სიკვდილს

და ვფიქრობ შიშით: გამატანს ღმერთი

რაიმეს ჩემი სიკვდილის იქით?“ (ომარ თურმანაული)

გარდაიცვალა 23 მარტს სტრასბურგში.

ინტერვიუ ომარ თურმანულთან
please wait

No media source currently available

0:00 0:10:25 0:00

ნოდარ მგალობლიშვილი

მსახიობი

ნოდარ მგალობლიშვილი1931 წლის 15 ივლისს გომბორში დაიბადა. 1954 წელს შოთა რუსთაველის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა. 1976 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს, 1979 წელს - სახალხო არტისტის, 2001 წელს - ღირსების ორდენი, რომელზეც პროტესტის ნიშნად თქვა უარი.

„როდესაც ადამიანს ღირსებას ართმევენ, მას ღირსების ორდენი აღარ უნდა მიანიჭო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეიძლება მიაყენო შეურაცხყოფა, ხელფასი არ მისცე, გაუყინო და შემდეგ ორდენი მისცე. 37 წელს მეტი არაფერი ხდებოდა”,- თქვა მაშინ.

ნოდარ მგალობლიშვილი თეატრის მსახიობი იყო, თუმცა კინოშიც თამაშობდა. თეატრში მისი შესრულებული როლებია: ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“ - ფრედი; ლილი იოსელიანის „ჩვენი ერთი საღამო“ - ვახტანგი; კარლ ჩაპეკის „დედა“ - ტონი; ედუარდ როსტანის„სირანო დე ბერჟერაკი“ - ლე-ბრე; ვ. კოროსტილევის „ასი წლის შემდეგ“ - რილეევი; ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ - მოშიაშვილი; ჰენრიკ იბსენის„მოჩვენებანი“ - ოსვალდი; გრიგორ გორინის „ბარონი მიუნჰაუზენი“ - მიუნჰაუზენი; ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ - ჰაკი; უილიამ შექსპირის „ოტელო“ - იაგო; მიხეილ ჯავახიშვილის„ჯაყოს ხიზნები“ - თეიმურაზ ხევისთავი; ფეოდორ დოსტოევსკის „მარადი ქმარი“ - ტრუსოცკი...

გარდაიცვალა 26 მარტს 87 წლის ასაკში.

გიორგი დანელია

კინორეჟისორი

კინორეჟისორი გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. სულ ერთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი მოსკოვში გადასახლდა. 1959 წელს დაამთავრა უმაღლესი სარეჟისორო კურსი „მოსფილმში“, მიხეილ კალატოზოვის კლასში.

გიორგი დანელიას ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის არის „არ დაიდარდო!“, „აფონია“, „მიმინო“, „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“, „შემოდგომის მარათონი“. მისი ფილმებისთვის სცენარს ხშირად რეზო გაბრიაძე წერდა, მუსიკას კი - გია ყანჩელი.

გიორგი დანელია 2019 წლის 4 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

გია ყანჩელი

კომპოზიტორი

გია ყანჩელი სიცოცხლეშივე გახდა ეპოქალური კომპოზიტორი. სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, კინომუსიკასაც წერდა, ასევე მუსიკას სპექტაკლებისთვის.

დაიბადა 1935 წლის 10 აგვისტოს. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, შემდეგ - ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი.1995 წლიდან ცხოვრობდა ანტვერპენში.

გია ყანჩელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი.

გარდაიცვლა 2 ოქტომბერს თბილისში. მისივე სურვილით, იგი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ნუგზარ ჯუღელი

სპორტული კომენტატორი

ცნობილი ტელედიქტორი და მსახიობი ნუგზარ ჯუღელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1 სექტემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარცხნიდან: ჯამლეტ ხუხაშვილი, ნუგზარ ჯუღელი
მარცხნიდან: ჯამლეტ ხუხაშვილი, ნუგზარ ჯუღელი

ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მან საქართველოს ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც წლების განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“. ის იყო ასევე სპორტული გადაცემების წამყვანი და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორი.ნუგზარ ჯუღელს ბევრი კურიოზიც უკავშირდება. მაგალითად, ერთხელ მისმა მეგობარმა ფეხბურთელმა, კახი ასათიანმა, მისი ფურცლები განზრახ არია. ნუგზარს არაფერი უეჭვია და ეთერში შემდეგი ტექსტი წაიკითხა: „დღეს რუსთავის მეტალურგები, რომლებიც ჩაბმულნი არიან სოციალისტურ შეჯიბრებაში, შრომით ვახტზე მიაღწიეს უდიდეს გამარჯვებას... მოკრიფეს 10 ტონა ჩაის ფოთოლი“.

ნოდარ ხადური

პოლიტიკოსი

10 სექტემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა კი 2012-2016 წლებში ეკავა.

1999 წლიდან ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტში თემებზე: მაკროეკონომიკა, ეკონომიკის პრინციპები, საქართველოს ეკონომიკა... იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვეციაში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში.

მიხეილ კობახიძე

რეჟისორი

მიშა კობახიძის მიერ 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა „ქორწილი“ ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო. 1967 წელს გადაიღო ფილმი „ქოლგა“, რომელმაც პოლონეთში, კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი პრიზი და „ფიპრესის“ პრიზი მოიპოვა. 1969 წელს ფილმ „მუსიკოსების“ გამო საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები დაეწყო და დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ მიხეილ კობახიძე იყო მამა „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმის მონაწილის, მსახიობ გეგა კობახიძისა, რომელსაც 1984 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, მიესაჯა.

1996 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. გარდაიცვალა 13 ოქტომბერს 80 წლისა თბილისში.

დაკარგული 8 ½
please wait

No media source currently available

0:00 0:47:12 0:00

ფირუზ კანთელაძე

ფეხბურთელი

ფეხბურთელი, „დინამოს“ მცველი ფირუზ კანთელაძე 1949 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. ის იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978 წ.), ვიცე-ჩემპიონი (1977 წ.) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1969, 1976 წწ.), ასევე საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979 წწ.) მფლობელი და საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967წ.). ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

(მარცხნიდან): რევაზ ჩელებაძე, დავით ყიფიანი და ფირუზ კანთელაძე
(მარცხნიდან): რევაზ ჩელებაძე, დავით ყიფიანი და ფირუზ კანთელაძე

ფირუზ კანთელაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 194 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში - 18 შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ მან, ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

გარდაიცვალა 10 ნოემბერს.

ზაზა ურუშაძე

რეჟისორი

7 დეკემბერს 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე.

ის დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), „აქ თენდება“ (1998), „სამი სახლი“ (2008), „დარჩი ჩემთან“ (2011), „ბოლო გასეირნება“ (2012) და „მანდარინები“ (2013), რომელიც წარდგენილი იყო „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე, ასევე ნომინირებული იყო ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ზაზა ურუშაძე 1999-2000 წლებში იყო „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2002-2004 წლებში კი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

დავით წერედიანი

პოეტი

30 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი. წერედიანი დაიბადა 1937 წელს. 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა ვიიონის „დიდი“ და „მცირე ანდერძის“ თარგმანები, ფაუსტის თარგმნისთვის კი მან ორჯერ აიღო „საბა“. ასევე „საბა“ გადაეცა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გარდა ამისა 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

„ცრის... რა უღრანი ღამეა...

ღმერთო, გზას ავცდი მგონი...

ძახილის ძალა მომეცი,

ძალი წყვდიადში დგომის.

ამ ქვადქცეული ღამიდან,

ამ ბნელეთით და მკვდრეთით,

სხვა რა გააღწევს ნამდვილი,

მწარე ძახილის მეტი....“

2005 წელს გამოიცა დავით წერედიანის „ანარეკლი“, 2010 წელს კი პოეტური კრებული „ორიონი“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG