Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდ შედევრზე, რომელსაც ეწოდება „ცისა ფერს“. მსოფლიო ბარათაშვილს, უპირველეს ყოვლისა, ამ ლექსით იცნობს. ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომელსაც არაფერში არ ჰქონდა ბედი, სიკვდილის შემდეგ მთარგმნელებში გაუმართლა და მისმა გენიალურმა მთარგმნელმა, დიდმა რუსმა პოეტმა ბორის პასტერნაკმა „ცისა ფერს“ რუსული და შემდეგ მსოფლიო კულტურის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად აქცია. ლექსს ძალიან საინტერესო თავგდასავალი აქვს. ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჰქონდა რუსულიდან თარგმნილი ლექსი, რომელიც ასე იწყებოდა: „ფერსა შავს, ფერსა ბნელს“... ამ ლექსში უცნობი რუსი პოეტი და მისი ქართველი მთარგმნელი რუსული პოეზიის საყვარელ თემას ამუშავებდნენ: „ჩემს შეყვარებულს შავი თავალები აქვს“. არანაირი სულიერება, მიწიერი შეყვარებული და მისი შავი თვალები. შეყვარებულს შავი თვალები აქვს და ამიტომ მე შავი ფერის ერთგული ვარ, – ეს იყო სულ. სიყვარულია. აფროდიტეა. აფროდიტე პანდემოსი ანუ საერთო სახალხო აფროდიტე, მიწიერი სიყვარული. და ამ მასალიდან ქმნის ბარათაშვილი თავისი სულიერების ერთ-ერთ შედევრს და უმღერის სხვა აფროდიტეს, ცისფერ აფროდიტეს, აფროდიტე ზეციურს, აფროდიტე ურანიას. ესაა მოგზაურობა მიღმურ სამყაროში, სადაც უკვე მიცვალებული, სისხლგაციებული პოეტი შეხვდება უსასრულობას, ცისფერ მარადიულობას. ჩვენი კულტურის ინგლისელი მესაიდუმლე რეიფილდი იტყვის, „მერანი“ პლუს „ცისა ფერს“ უდრის „ლურჯა ცხენებსო“. ბარათაშვილის ცისფერიდან იბადება გალაკტიონიც...

XS
SM
MD
LG