Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო მედიას აკვირდება - რას ნიშნავს ეს?


ცესკოს ახალი სტრუქტურის, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქმის მთელი ქართული მედია დეზინფორმაციის გავრცელებაზე მუშაობს.

ზოგიერთმა მედიაორგანიზაციამ საკუთარი თავი ცესკოს მონიტორინგის ცხრილებში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა; ზოგს კი ანგარიშები ჯერ არც უნახავს. აგვისტოში "დეზინფორმაციის გამავრცელებელთა" ცხრილებში მოხვდა რადიო თავისუფლებაც, თუმცა შემდეგ ცესკოში ყველაფერი მექანიკური შეცდომით ახსნეს, ცხრილები ჩაასწორეს, რადიო თავისუფლება კი დაინტერესდა:

  • რა მიზანი აქვს ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მონიტორინგის?
  • ვინ და რა მეთოდოლოგიით ატარებს კვლევას?
  • რა შეკითხვები აქვთ მედიაექსპერტებს?

ინფორმაციის დაცულობის ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით (IFES, USAID) 16 აგვისტოს ამოქმედდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ პროექტი ინოვაციური და უნიკალურია - ერთადერთი მსოფლიოში.

საჯაროდ გაცხადებული მიზნების მიხედვით, ცენტრი მუშაობს „არასწორი ან ცრუ“ ინფორმაციის გამოსავლენად მედიაში, ინტერნეტსივრცესა თუ სოციალურ ქსელებში, რათა „არ მოხდეს საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დაზიანება“. ამისთვის აკვირდებიან რეგიონულ მედიებსაც.

200-ზე მეტი სატელევიზიო (ცენტრალური და რეგიონული) და ონლაინ პლატფორმის, ასევე 300-ზე მეტი ფეისბუკგვერდისა და ჯგუფის მონიტორინგში 15 ადამიანია ჩართული. ანგარიშები დაახლოებით ორ კვირიანი შუალედებით ქვეყნდება. რადიო თავისუფლებას ცესკოში უთხრეს რომ, მესამე ანგარიში სავარაუდოდ 24 სექტემბერს გამოქვეყნდება.

როგორც ცესკოში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შექმნა და გამართვა დაფინანსდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ; ცენტრის ყველა წარმომადგენელი ცესკოს თანამშრომლებად ითვლება და მათი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.

გვითხრეს ასევე, რომ დაფინანსების მოცულობით დაინტერესების შემთხვევაში, ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ.

როცა ანგარიშის ტექსტში ან ცხრილში ხვდები

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მონიტორინგის ერთ-ერთ ცხრილს, რომელშიც, ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ მოხვდა, ასეთი სათაური აქვს - „დეზინფორმაციული მასალების დინამიკა ონლაინმედიაში“.

„პუბლიკას“ - დეზინფორმაციაში, დისკრედიტაციასა და ინფორმაციის გამოტოვებაში ედება ბრალი.

რატომ და რისთვის? - განმარტება ანგარიშის ტექსტურ ნაწილში არ გვხვდება და ტექსტში ასევე არ იძებნება ცხრილებში თავმოყრილი მედიასაშუალებების დიდი ნაწილი.

„პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რედაქცია აუცილებლად ეცდება ამ არასასიამოვნო სიურპრიზის გარკვევას და დასაბუთებასაც მოითხოვს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის არასასიამოვნო ფაქტი მედიისთვის, რომელიც მუდმივად ცდილობს ყოველდღიურად ზედმიწევნით თანმიმდევრული იყოს მედიასტანდარტის დაცვის ნაწილში...

მსგავსი ტიპის ანგარიშის ცხრილში საკუთარი თავის აღმოჩენა ორგანიზაციისთვის არის სიურპრიზი და რასაც ნამდვილად გავაკეთებთ - დავუკავშირდებით ცესკოს, რათა გავარკვიოთ - ვინ არის ამ ანგარიშების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ - რა მეთოდოლოგიით ატარებენ კვლევას და რა მაგალითები აქვთ. დეზინფორმაციის ნაწილი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია - საინტერესოა, რა დეზინფორმაცია გავავრცელეთ?!“ - გვეუბნება ზაკაშვილი.

აგვისტოს ანგარიშის რამდენიმე ცხრილში მოხვედრილი იყო რადიო თავისუფლებაც.

დარღვევა მითითებული იყო 2 სტატიასთან დაკავშირებით, თუმცა არც შინაარსი იყო ახსნილი და არც სტატიები იყო დაკონკრეტებული. მას შემდეგ რაც რადიო თავისუფლებამ იკითხა, კონკრეტულად რა დარღვევები იპოვა ცესკოს ინფორმაციის მონიტორინგის ცენტრმა ამ მასალებში, გვიპასუხეს, რომ მექანიკური შეცდომა მოუვიდათ და რადიო თავისუფლება ცხრილიდან ამოიღეს.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სექტემბრის ანგარიშის ცხრილებში, ახსნა-ანმარტების გარეშე ტელეკომპანია „ფორმულას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში, დისკრედიტაციაში, ვიზუალურ მანიპულაციასა და დისკრიმინაციაში ედება ბრალი.

ტელეკომპანიაში რადიო თავისუფლებას 19 სექტემბერს უთხრეს, რომ არაფერი იცოდნენ ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის ანგარიშების შესახებ.

დეზინფორმაციული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებულ ცხრილშიც და ანგარიშის ტექსტშიც მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“. რატომ? ამის საფუძველი ერთი შეხედვით არ ჩანს.

ანგარიშის ტექსტში ნათქვამია, რომ არხმა ცესკოს თავმჯდომარის კომენტარი გაავრცელა; ასევე მოყვანილია „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ იდეის ერთ-ერთი ავტორის (კაკი ხუსკივაძის) ერთ-ერთი კომენტარი, სადაც ის ე.წ. „ალტერნატიული ცესკოს“ 25 ორგანიზაციის რესურსზე ლაპარაკობს, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას -ანგარიშის მიხედვით- „დისკრედიტირებულად“ მოიხსენიებს.

მითითებულ ბმულზე გადასვლისას - კონკრეტულ საინფორმაციო გამოშვებაში ამავე თემაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების - გივი მიქანაძისა და კახა კალაძის კომენტარებიცაა. მედიამონიტორინგის ანგარიშში ეს არ არის ასახული.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ცესკოსთან იმის გარკვევას, რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ანგარიშებსა და/თუ ცხრილებში, არაერთი მედიაორგანიზაცია ან გეგმავს, ან უკვე ცდილობს.

როდის ხვდებით „შავ სიაში“?

ანგარიშის გაცნობისა და მედიაექსპერტებთან ინტერვიუების შემდეგ რადიო თავისუფლება ინფორმაციის დაცულობის ცენტრის ხელმძღვანელს, გივი ხაჭაპურიძეს ესაუბრა.

„ზღვა მასალის“ გამო, შეუძლებელია ანგარიშის ტექსტში განვიხილოთ ყველა იმ მედიასაშუალებისა თუ ინტერნეტგამოცემის კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ცხრილების სტატისტიკაში ხვდებიან - გვითხრა ხაჭაპურიძემ. მისივე განმარტებით, შექმნილ ბაზებზე დაყრდნობით, პასუხს კონკრეტულ კითხვებზე, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს.

იმისი მიხედვით, რასაც გივი ხაჭაპურიძე ხსნის, ირკვევა, რომ ჟურნალისტური სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა სულაც არ არის საკმარისი, რომ მედიასაშუალება დეზინფორმაციის გამავრცელებელთა სიაში არ მოხვდეს.

„აღირიცხება ფაქტები, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელება ხდება ამა თუ იმ მედიასაშუალებიდან და არა მედიასაშუალების მხრიდან... გვქონდა შემთხვევა, როდესაც მასალაში წარმოდგენილი იყო ორივე მხარე, იყო ჩვენი პოზიციაც... აბსოლუტურად დაცული იყო ბალანსი, ყველანაირი ჟურნალისტური სტანდარტი დაცული იყო, მაგრამ ჩემთვის, როგორც ცესკოსთვის, ეს დეზინფორმაცია ხომ გავრცელდა?! ...

ამა თუ იმ რესპონდენტმა ამ მედიასაშუალებაში ხომ მოახერხა, რომ დეზინფორმაცია გაევრცელებინა?! ეს აპრიორი იქნება პოლიტიკური ფიგურის თუ სამოქალაქო აქტივისტის დეზინფორმაცია, რომელიც სტანდარტების დაცვით გავრცელდა ამა თუ იმ მედიასაშუალებაში... ამას აღვრიცხავთ ჩვენ“ – გვეუბნება გივი ხაჭაპურიძე.

მაგრამ მონიტორინგის ცხრილებში ხვდებიან არა რესპონდენტები, არამედ მედიასაშუალებები.

თუკი კომენტარის შინაარსი მეორე მხარესთანაც გადამოწმდება, არაფერი დამახინჯდება და საზოგადოებასაც ადეკვატური დასკვნის გაკეთების საშუალება მიეცემა, რატომღა უნდა მოხვდეს მედიასაშუალება დეზინფორმაციის გამავრცელებელთა სიაში?

ეს შეკითხვა დღეს არაერთ ჟურნალისტსა და მედიაექსპერტს გაუჩნდა.

ხომ არ ნიშნავს ცესკოს მიდგომა იმას, რომ, ამ ლოგიკით, მედიამ საერთოდ უნდა შეწყვიტოს იმ რესპონდენტების ჩაწერა, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში, ცესკოს შეფასებით, ცრუობენ?

რა თქმა უნდა, არა - ამბობს გივი ხაჭაპურიძე - მედიას შეუძლია ყველა რესპონდენტი ჩაწეროს და მათი კომენტარებიც გამოაქვეყნოს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფრის მიუხედავად, ასეთ შემთხვევაში, მედიასაშუალება მზად უნდა იყოს, რომ "დეზინფორმაციის" ამსახველ ცხრილებში მოხვდება.

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED), უკვე წლებია, იკვლევს დეზინფორმაციის გავრცელებას ფაქტებსა და ტენდენციებს სოციალურ მედიაში და საარჩევნო პერიოდში მონიტორინგს თავად ცესკოსაც უწევს.

„ჩვენი მედიამონიტორინგის ფარგლებში დეზინფორმაციად ვთვლით ცრუ ან არასწორ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება მიზანმიმართულად, ცალმხრივად, გადამოწმების გარეშე და, შესაძლოა, ამას ჰქონდეს ასევე კოორდინირებული ხასიათი - მეორე მხარის დისკრედიტაციის მიზნით.

ჩვენ ასე ვუყურებთ ამას და დისკრედიტაციასაც აქვს თავისი განმარტება, ვთქვათ იყო - ქსენოფობიური, ჰომოფობიური, სექსისტური თუ სხვა... ყველაფერს დასაბუთება ესაჭიროება“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

ორგანიზაციის დაკვირვებით, ცესკოს ანგარიშებში აღრიცხულია ძირითადად ის ფაქტები, „სადაც ცესკო ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი“ და „სამწუხაროა, თუკი კრიტიკული აზრი დისკრედიტაციად და მით უფრო - დეზინფორმაციად აღიქმება“.

გივი ხაჭაპურიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ცესკოს მუშაობის შესახებ კრიტიკული აზრისა და შეფასების გამო ანგარიშში არავინ მოხვდება. ის ცდილობს დააზუსტოს, რომ მონიტორინგის ფარგლებში აღირიცხება მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც რესპონდენტი დეზინფორმაციას, ტყუილს ამბობს, ხოლო ცესკო ამის საწინააღმდეგოს ფაქტებით ადასტურებს.

ცესკოს სექტემბრის ანგარიშში აღირიცხა, მაგალითად, შემდეგ თემებთან დაკავშირებული შემთხვევები: „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ შექმნა; ავსტრალიელი ქალის, შანეი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული პირის კავშირი №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან; „ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიის” დამკვირვებლად რეგისტრაცია“ და სხვა.

ანგარიშის ტექსტში ასევე ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ „ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის“ შუალედური ანგარიშიდან მედიაში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან „მხოლოდ კრიტიკულ ნაწილზე მოხდა აპელირება და ინტერპრეტირება“ და უყურადღებოდ დარჩა ანგარიშში ასახული დადებითი შეფასებები.

ცესკო შიშობს, რომ ამან შესაძლოა „საზოგადოების დეზორიენტაცია გამოიწვიოს და დატოვოს აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მხოლოდ უარყოფითად იყო შეფასებული“.

პრობლემებსა და "კრიტიკულ ნაწილზე" აპელირება ბუნებრივია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ (ISFED), რომელიც ანგარიშის ტექსტში „ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციად“ არის ნახსენები. ISFED-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ანგარიშებში ყურადღება უპირატესად იმ საკითხებზე მახვილდება, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებენ.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის ანგარიშებში ცალკეა ცხრილები სათაურით - „მედიასტანდარტების დარღვევა და ცრუ ინფორმაციები მედიაში“, სადაც კრიტერიუმებად, მაგალითად, განსაზღვრულია: ინფორმაციის წყაროს ბუნდოვანება, დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, ვიზუალური მანიპულაცია და ინფორმაციის გამოტოვება. იქვეა დეზინფორმაციის გრაფაც.

გივი ხაჭაპურიძე გვეუბნება, რომ ცხრილების სათაურები შესაძლოა გადაიხედოს.

მეთოდოლოგია, სტანდარტები, შეკითხვები

ახლახან, ISFED-მა ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრისგან გამოითხოვა კვლევის მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაცია.

„ოფიციალურ წერილზე მივიღეთ ძალიან ზოგადი ინფორმაცია და მეთოდოლოგიის დეტალებთან და შეფასების ტექნიკასთან დაკავშირებით ნამდვილად არ არის აქ წარმოდგენილი ინფორმაცია... როდესაც ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს, მეთოდოლოგიაზე საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას ვაწვდით“ - ამბობს ნინო დოლიძე.

რადგან ანგარიშებს არ ახლავს ინფორმაცია კონკრეტული მეთოდოლოგიის შესახებ, შესაბამისად, ბევრი შეკითხვა უჩნდება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც.

როგორც აქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „მონიტორინგის უფლება აქვს ყველას“, თუმცა "ყველაფერს შესაბამისი, სანდო დასაბუთება ესაჭიროება", მით უფრო, როცა პროცესში საბიუჯეტო ფული და ადმინისტრაციული რესურსი იხარჯება.

„თუკი მონიტორინგი არ იქნება კვალიფიციურად ჩატარებული, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მედიის თავისუფლებას... ჩვენ ვიცით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესები; ასევე ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ სურს მედიასაშუალებების კონტროლი და მათ შორის, იყო გარკვეული საუბარი იმის შესახებ, რომ დეზინფორმაციაზე დაწესებულიყო გარკვეული სანქციები... იმედი მაქვს, რომ ეს ანგარიშები საფუძვლად არ დაედება მედიის თავისუფლების შეზღუდვას“ - გვითხრა გოგოსაშვილმა.

მედიის საქმიანობაში ჩარევას არავინ ცდილობს და მიზანს მხოლოდ დეზინფორმაციის გამოვლენა და მასთან ბრძოლა რომ წარმოადგენს - ეს გივი ხაჭაპურიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არაერთხელ გაიმეორა.

ხოლო ფაქტი, რომ ტელეკომპანია „იმედი“ არცერთ ანგარიშსა თუ ცხრილში არ მოხვდა, ცენტრის ხელმძღვანელმა ახსნა იმით, რომ ეს ტელეკომპანია ცესკოსთან თუ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ მასალებს არ ავრცელებს.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამბავი არის ის, რომ გამოვავლინოთ დეზინფორმაციული მასალები, რომლებიც შეიცავს არასწორ ინფორმაციას, დამახინჯებულს, ინტერპრეტირებულს... გარდა ამისა, შევძლოთ დისკრედიტაციული ინფორმაციების იდენტიფიცირება; დისკრიმინაცია, რომელსაც მიმართავენ ხოლმე - არის ასეთი შემთხვევებიც; სიძულვილის ენის გამოვლენა მოვახერხოთ და თუ იკვეთება, მაგალითად, წყაროს ბუნდოვანება“ - გვეუბნება ხაჭაპურიძე.

კვლევების მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და მონიტორინგში ჩართული პირების კვალიფიკაციის შესახებ, გივი ხაჭაპურიძე განმარტავს შემდეგს:

  • „კონკრეტულ ოპერატორებს [მონიტორებს] განაწილებული აქვთ კონკრეტული მედიასაშუალებები. პოულობენ ინფორმაციას, რომელიც არის ცესკოს შესახებ. შემდგომ, ეს ინფორმაცია შედის ბაზაში იმის მიხედვით - დადებითი იყო, უარყოფითი იყო თუ ნეიტრალური და შემდგომ ხდება შეფასება“;
  • „თუკი ინფორმაცია იყო უარყოფითი და შესაძლოა, ყოფილიყო დეზინფორმაციული, ხდება მისი გადამოწმება... ხდება დეტალების მოკვლევა - შეესაბამება თუ არა სიმართლეს და თუ არ შეესაბამება, რა ნაწილში არ შეესაბამება და საბოლოოდ, ის ხვდება ანგარიშებში“;
  • „ყველა მათგანმა [მონიტორებმა] გაიარა ტრენინგი, რომელსაც მე ვუტარებდი მედიასტანდარტებთან და ცრუ ინფორმაციის გამოვლენასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმების ფარგლებში იქნა მათთვის ტრენინგი ჩატარებული“;
  • „მათ გაიარეს, მოდით ასე დავარქვათ, ტესტირება და საგამოცდო პერიოდიც, რათა უნარ-ჩვევები კარგად აეთვისებინათ, ვისაც ეს ესაჭიროებოდა და ამის შემდეგ შეუდგნენ მონიტორინგის პროცესს“.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მონიტორების ნაწილი პროფესიით ჟურნალისტია და ასევე, მათ შორის, არიან მისი ყოფილი თანამშრომლებიც.

თავად გივი ხაჭაპურიძე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო. მისი საქმიანობა ბაზარზე ძირითადად მედიამონიტორინგისა და პიართან დაკავშირებული სერვისების მიწოდებას გულისხმობდა.

ხაჭაპურიძის თქმით მის ერთ-ერთ ბოლო კომპანიას ერქვა „მედია თვალი“, რომელიც „ამჟამად ქართულ ბაზარზე პროდუქტს არ ქმნის" და საზღვარგარეთის შეკვეთებზეა ორიენტირებული.

ცესკოში მუშაობის დაწყებამდე, გივი ხაჭაპურიძე ასევე იყო „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) მოწვეული ექსპერტი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG