Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატია


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 3 კანდიდატი წარადგინა. კანდიდატებიდან ერთი ცესკოს ამჟამინდელი თავჯდომარე თამარ ჟვანიაა, მეორე - „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მესამე - მარიამ შელეგია, პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ექსპერტი. მათგან ცესკო ერთ-ერთს აირჩევს.

კანდიდატების გამოცდილება

  • თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის არის „დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის“ (CDDRL) დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის სტიპენდიატი (სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ). იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი. ხელმძღვანელობდა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” (ISFED); 2011-2012 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის უფროსი მენეჯერი ნიგერიაში, მანამდე კი - NDI-ის საარჩევნო კონსულტანტი ბანგლადეშში.
  • ვლადიმერ ბოჟაძე არჩევნების სფეროში 1998 წლიდან მუშაობს. ის იყო საარჩევნო ექსპერტი და დამკვირვებელი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში.
  • მარიამ შელეგია, წლებია, ჩართულია საარჩევნო პროცესებში, რამდენჯერმე იყო საარჩევნი ოლქის წევრი და ცესკოს წარმომადგენელი.

ჟვანიას, შელეგიასა და ბოჟაძის კანდიდატურები არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს და პრეზიდენტს წარუდგინეს, უშუალოდ სალომე ზურაბიშვილს თავისი კანდიდატი აღარ დაუმატებია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ შერჩეული კანდიდატურები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ მზად არ არის უარი თქვას მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი ამბობს, რომ ყველა კანდიდატს აქვს კვალიფიკაცია და ყველას ეყოლება მხარდამჭერი, ამიტომ კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს.

თამარ ჟვანიას მოღვაწეობას შეფასებას აძლევს საიას აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი. მისი თქმით, იყო წარმატებები გამჭვირვალობისა და ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ იყო ასევე ნეპოტიზმის მაგალითებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას.

რაც შეეხება კანდიდატების გეგმებს, ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რომ თუკი ცესკოს ხელმძღვანელი გახდება, მუშაობას ორი მიმართულებით გააგრძელებს: საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების პროფესიონალიზმის ამაღლება დაბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიხედვით ხმის ელექტრონულად მიცემის სისტემის დანერგვა. მისი თქმით, ეს აუცილებელია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და იმ პირებისთვის, ვინც უბანზე მისვლას ვერ ახერხებს. ამასთან, დარჩება ხმის უბანზე მიცემის წესიც.

ელექტრონულად ხმის მიცემაზე ლაპარაკობს მარიამ შელეგიაც. მისი თქმით, ბიომეტრიული პასპორტით ხმის მიცემისა და დათვლის პროგრამა თავდაპირველად საპილოტე იქნება და ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაინერგება.

წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში ცესკომ ხმათა ორი მესამედით ერთ-ერთი კანდიდატი უნდა აირჩიოს. ცესკო 10 წევრით არის დაკომპლექტებული. აქედან სამი წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“, თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში შემავალ ოპოზიციურ პარტიებს, დანარჩენი წევრები კი პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG