HBO-ს სერიალით მეც სხვებივით აღვფრთოვანდი. საოცრად რეალისტურადაა ნაჩვენები ჩერნობილის ამბები, ყველაფერი - როგორ ხუჭავდნენ თვალს და არ იმჩნევდნენ ისეთ რამეს, რაც იცოდნენ, რომ მომაკვდინებელი იყო. ან, თუ არ იცოდნენ, უნდა სცოდნოდათ...
ჰოდა, ვუყურებდი, რას უშვებოდა უხილავი ძალა მეხანძრეებს, მუშებს, უბრალოდ გარშემომყოფებს და მერე ჩემდა უნებურად ჩემ მიერ ასე, ერთი კვირის წინ, თაბუკაშვილზე, ორბელიანის მოედნის რეკონსტრუქციის დროს გადაღებული ფოტო გამახსენდა.
ჯერ, მოდი, თავიდანვე ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ჩერნობილის ტრაგედია გაცილებით, გაცილებით უარესი რამ იყო ვიდრე ეს ჩვენი ამბავია. მაგ მხრივ, ცხადია, შედარებაც არ შეიძლება. პარალელების გავლება ცოტა უხერხულიც კია, ისეთი მასშტაბის ტრაგედია იყო ჩერნობილი.
თუმცა მგონია, რომ მსგავსებების დანახვაც არ არის რთული.
კუთხსახეხი მანქანით („ბალგარკა“ ეგრე ყოფილა ქართულად. მეც, ცხადია, ლექსიკონში ვნახე და არ ვიცოდი) ქვის დამუშავებისას ამოფრქვეული მტვერი რადიაცია არ არის. ნაკლებად კლავს და ნაკლებად ასახიჩრებს. მაგრამ, მაინც - კლავს და ასახიჩრებს! აქაც დაავადება შეიძლება წლების შემდეგ განვითარდეს. აქაც ყველაზე უფრო დიდი დარტყმა მუშებზე მოდის.
ეგეთ მტვერს ჰქვია სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვერი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს ცოდნია, რომ ცუდი იყო. შეიძლება ფილტვის კიბოს, ასთმის მიზეზი გახდეს, ტუბერკულოზს შეუწყოს ხელი... იწვევს სილიკოზს - ფილტვის ქსოვილის დაზიანებას - უკურნებელ დაავადებას, რომელმაც შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს ან, უკეთეს შემთხვევაში, სამუდამოდ სახლში გამოკეტოს დაავადებული - ორი ნაბიჯის გადადგმაც კი დამქანცველი ხდება.
ამოფრქვეული მტვრისგან თავის დაცვა თითქმის შეუძლებელია. პირბადე არ შველის - ყველაზე ცუდი მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომლის შეკავებაც მხოლოდ სპეციალურ აირწინაღებს შეუძლია. ასევე, მტვრისგან შორს თუ ხარ და უშუალოდ ბუღს არ ისუნთქავ, არც ეგ შველის - ეგ ნაწილაკები კარგა შორს გაიფრქვევა ხოლმე.
იმაზე, რომ „ბალგარკის მტვერი“ ასეთი შხამია, არავინ დავობს. აი, ვიღაცები ამბობენ, დედამიწა ბრტყელიაო. სხვები - სიგარეტი სასარგებლოაო. ამის საწინააღმდეგო აზრი კი სულ, აი, საერთოდ არავისა აქვს.
არც ისაა საქმე, რომ აი, „ცუდი მტვერია, მაგრამ რა ვქნათ, შენებას ხომ არ შევაჩერებთ და, მოდი, ზვარაკად შევწიროთ მუშები და ზედ მივაყოლოთ გარშემო მცხოვრები მოსახლეობა. რა ვუყოთ, პარკის გვერდით მშენებლობისას ეს საშინელი შხამი გარშემო მოთამაშე ბავშვებს რომ ეფრქვევა, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობსო“. ამ მტვრის თავიდან არიდება ასი პროცენტითაა შესაძლებელი. ამ შენს „ბალგარკას“ უმაგრდება რაღაც ტიპი, რომელიც ბღღღღღ-ს დროს წყალს ასხამს და ბუღი არ დგება.
რა ღირს ეს დანადგარი არ ვიცი. ერთხელ დავინახე, სტამბის წინ მუშა ჭრიდა ქვას. ჩვეულებრივ „ბალგარკას“ ჰგავდა, რაღაც მისადგმელით. ხმა ჰქონდა, მტვერი - არა.
წესით ამაზე წერა 2019 წელს აღარ უნდა გვიწევდეს. არა მარტო ჰიპოკრატეს გამო, რომელიც, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა, არამედ იმიტომაც, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ შარშან თქვა, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამუშავება მხოლოდ სველი წესით მოხდესო.
ვიდრე გამკაცრდება რა ვქნათ? ჯერ, საერთოდ რეგულაციები რომ საჭიროა ეგეც ცოტა გულისმომკვლელია - რომ აი, თუ არ დააჯარიმე ორი კაპიკის გულისთვის თავის მუშასაც და შენც და შენს მეზობელსაც და შვილსაც და ყველას კიბოს შეაფრქვევენ სახეში.
ასევე, მერიას თუ გული შესტკივა, ნუთუ არ შეიძლება, რომ მათ მიერვე ჩატარებული სამუშაოებისას დაიცვან წესი? არ შეიძლება, სატენდერო პირობებში ჩადება, რომ ქვა სველი წესით უნდა დამუშავდეს?
კალაძემ ის განცხადებები შარშან გააკეთა. ფოტო ერთი კვირის წინ გადავიღე. დიდი ალბათობით, თუ რამე არ იღონეს, მსგავს ფოტოებს თქვენც გადაიღებთ - ჭავჭავაძეზე, ხუდადოვზე, გლდანში, ყველგან...