„ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ევროპარლამენტარები ოლიგარქს უწოდებენ „მეცენატ და ქველმოქმედ” ივანიშვილს და მისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. 15-16 თებერვალს, მმართველი პარტიის წევრები მიუთითებდნენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნები საქართველოს ომში ჩართვის მიზანს ემსახურება.
პარალელურად, თბილისს ვაშინგტონიდანაც აკრიტიკებენ, „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ითქვა, რომ კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა. თბილისიდან უპასუხეს, რომ აშშ-ს უფრო მძიმე კანონი აქვს.
„ქართულ ოცნებასა“ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნაპრალი სულ უფრო ცხადი ხდება ანალიტიკოსებისთვის, რომლებსაც მთელ ამ სურათში საქართველოს საგარეო ორიენტაციისთვის დამაზიანებელი ტენდენციები აშფოთებთ.
„ნულოვანი ფასი“, „ჩალის ფასი“
„რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის შანტაჟს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. პირადი სანქცირება? იმდენს იზამთ, ქართველი ხალხი დაგიყადაღებთ აქ მყოფ თქვენ მონებს, უსამშობლო აგენტებს, ქვეყნის მტრებს! თურმე სამების ეკლესიის ამშენებელი უნდა დაასანქცირონ და ფერიის მთაზე ეკლესიის დამანგრეველი, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი, კანონის სრული დარღვევით, ციხიდან გამოვუშვათ?“, - წერს ფეისბუკპოსტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი, ხისტი განცხადებებით გამორჩეული დიმიტრი სამხარაძე და განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საერთაშორისო პარტნიორები „ითხოვენ დაბომბილ ქართულ ქალაქებს, დახოცილ ქართველებს, გაუბედურებულ ქვეყანას!“. აქვეა მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსმა სასარგებლო არაფერი მოუტანა არც მოლდოვასა და არც უკრაინას, რომლებსაც ეს სტატუსი ივნისში მიანიჭეს.
„ბიძინა ივანიშვილის ერთი თმის ღერსაც არ გავცვლი მთლიანად აღებულ ცრუ, ბოროტმოქმედ ევროპარლამენტზე“, - ვკითხულობთ ერთ-ერთ კომენტარში, სამხარაძის პოსტის ქვეშ. ევროკავშირზე გული არც სხვა კომენტატორებს დასწყდებათ. ისინი წერენ, რომ „საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირში“, „ევროპა აღარაა ევროპაში და ჩვენ სადღა შევდივართ?“ კითხულობს ერთი.
„ჩვენთვის ევროკავშირს მაშინ აქვს ფასი, როცა ევროკავშირში დაცულია სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფალი მედია და ასე შემდეგ. ასეთი ევროკავშირის წევრობა უნდათ ჩვენს მოქალაქეებს“, – ეს უკვე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებია. 16 თებერვალს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეს მსჯელობა მიუღებელია“, „თუკი ვიღაც გვეუბნება, რომ ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემს, თუ საქართველოში უარს ვიტყვით სამართლის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, თავისუფალ მედიაზე და „ნაცმოძრაობას“ დავუბრუნებთ ხელისუფლებას“. ვინ ითხოვს ამ ყველაფერს, კობახიძე არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოს „შარში გახვევის“ პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას „არავითარი ფასი არ აქვს“, „ნულოვანი ფასი აქვს“. ხოლო მანამდე მის მიერ ნათქვამი სიტყვები - „ჩალის ფასი აქვს“ – 15 თებერვალს „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გაიმეორა.
ირაკლი კობახიძე საგანგებო მადლობას უხდის ევროპარლამენტის უნგრელ დეპუტატებს, რადგან ისინი „არ ექვემდებარებიან იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც არის მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ“. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა დაბლოკა დიპლომატიური პროტესტი, რომელიც ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა გამოეცხადებინა მიხეილ სააკაშვილის გამო.
„ეს არის პროცესი, რომლითაც ხელისუფლება თავის თავსაც აზარალებს და რაც ყველაზე ცუდია - ქვეყანასაც. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, განვითარება, კეთილდღეობა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე... ახლა რასაც ვხედავთ, ეს თვითდაზიანების პროცესია... არასწორი გათვლაა, როდესაც რჩები ერთი ქვეყნის, უნგრეთის იმედად. უნგრეთს თავად აქვს ბევრი პრობლემა და „ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უნგრეთი საბოლოოდ შეძლებს მის დაცვას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე - პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში (2014-2018).
თენგიზ ფხალაძე განმარტავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულის ან უდანაშაულობის შესახებ და ევროპა, თავისი გამოცდილებით, მაღალ სტანდარტებზე მიგვითითებს.
„ერთია სამართლებრივი მხარე და მეორეა სამართლიანობის განხორციელების ფორმა. ლაპარაკობენ მხოლოდ იმაზე, რომ მართლმსაჯულებაც და პატიმრის მიმართ მოპყრობაც უნდა იყოს ევროპაში დამკვიდრებული, ცივილიზებული პრაქტიკის შესაბამისად. ეს საჭიროა არა ევროპარლამენტისთვის, არამედ საჭიროა ქვეყნისთვის“, - გვეუბნება ფხალაძე.
„სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია დამტკიცდა უმრავლესობით. 576 კოლეგა და მე ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სხვა პატიმრების მსგავსად, არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა. გვჭირდება სასწრაფო ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სწრაფად, რათა საქართველომ, ბოლოს და ბოლოს, სხვა საკითხებზე ფოკუსირება შეძლოს“, - წერს ტვიტერზე „მწვანეთა პარტიის“ წევრი, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
„ვფიქრობ, ხდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეის საბოტაჟი ხელისუფლების მხრიდან. ეს იდეა ოდითგანვე უკავშირდებოდა ევროპულ ცივილიზაციას და სახელმწიფოს მოწყობის ევროპულ წესებსა და ტრადიციებს. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი პირველი რესპუბლიკა, რომელიც იმ დროისთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დემოკრატია... ხდება იმ იდეის საბოტაჟი, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) ხელმძღვანელი და „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე. ხელისუფლების მოქმედებები მისთვის იმაზე მეტყველებს, რომ „კერძო კეთილდღეობის, ძალაუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გარდა, სხვა ყველაფერი მეათეხარისხოვანია“.
„შეიძლება საგარეო-პოლიტიკური თანხვედრაც იყოს [რუსეთთან] და [თუ ამ გზას გავაგრძელებთ] შედეგად ასეც გამოვა; მაგრამ მე უფრო მგონია, რომ [ხელისუფლებაში] გულწრფელი თანამოაზრეები არიან რუსული პოლიტიკური აზრის და სჯერათ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, რომ არის რაღაც დასავლური შეთქმულებები და ამ გზას მიჰყვებიან... ვფიქრობ, რომ ხალხი ამას ხვდება, მაგრამ რამდენად არის ხალხი მზად, რომ ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგოს, ეს მეორე საკითხია“, - გვეუბნება ცუცქირიძე.
ევროპარლამენტთან ჭიდილის პარალელურად, „ქართული ოცნება“ უპირისპირდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ შემუშავებული „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტი. ვაშინგტონში უარყოფენ „ხალხის ძალის“ განმარტებებს, რომ მომზადებული პროექტი ამერიკული კანონის (FARA) მსგავსია და მას უფრო რუსეთისა და უნგრეთის მოდელს ამსგავსებენ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხოდ არც აშშ დატოვა და ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოში მომზადებული პროექტი "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
„შეიძლება ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება ის ამით დაინტერესდა - მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს“, - ამბობს კობახიძე.
„ჩვენ ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით ჩვენი კანონპროექტი“, - უთხრა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმაც და დასვა შეკითხვებიც: „ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოში რა უნდა მოხდეს?!“, „ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია, პარტნიორებთან რატომ უნდა მქონდეს?“.