Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ადარებს


ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

ევროპარლამენტის რეზოლუციას „რუსთავი 2"-ის ეთერში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან ევროპის პარლამენტის დოკუმენტი საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ადარებს.

„საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს მოგვიანებით არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვართ, ამ შემთხვევაშიც, - თქვა კობახიძემ და დაამატა, - რა სჭირს ევროპარლამენტს არ ვიცი. მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ევროპარლამენტარებზე. ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო, მაშინ, რაც ხდებოდა, გადაიცემოდა ხოლმე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. ის, რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში".

577 მომხრე, 33 მოწინააღმდეგე, 26-მა თავი შეიკავა - ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და გაუშვას უცხოეთში სამკურნალოდ.

ამავე რეზოლუციას დაემატა შესწორება. მასში, ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ, ევროპარლამენტარები უწოდებენ ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქს" და ითხოვენ მისთვის სანქციების დაწესებას.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. 2022 წლის 12 მაისიდან ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები დიდი ხანია ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. იმავეზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" დასკვნაც, რომლის შედგენაშიც მონაწილეობდა არაერთი (მათ შორის ამერიკელი) სამედიცინო ექსპერტი. სააკაშვილის მონახულებაც ელოდება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმიც.

ოჯახის მოთხოვნაა, რომ სააკაშვილმა მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს. ეს თხოვნა არ გაითვალისწინა სასამართლომ და ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დატოვა.

XS
SM
MD
LG