შოვის სტიქიიდან 84-ე დღეს ჯერ კიდევ ეძებენ მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ ბოლო, 33-ე ადამიანს, არასრულწლოვან ბიჭს. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამძებრო სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახის, რიონისა და გუმათჰესის წყალსაცავის ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი მოწყობილობები. ადგილზე მუშაობენ კინოლოგებიც. კიდევ რამდენ ხანს გასტანს სამძებრო სამუშაოები, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუსტი პასუხი არ აქვთ.
გვეუბნებიან, რომ ამგვარი თარიღი დათქმული არ არის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არსებობს კანონი, პროტოკოლი თუ ბრძანება, რომელიც ადგენს სტიქიის დროს დაკარგულთა ძებნისა და სამძებრო სამუშაოების დასრულების ვადებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი, სტიქიიდან ერთი კვირის თავზე, 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობდა, რომ „პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ ან დაღუპული იქნას ნანახი და თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი“.
გენერალური პროკურორის ზოგადი პასუხი გამოძიებით დაინტერესებულთათვის
როგორ მიმდინარეობს შოვის სტიქიის გამოძიების საქმე - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხსაც თითქმის სამი თვეა ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და, პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც შოვის სტიქიას სასწაულით გადაურჩნენ ან დაეღუპათ ოჯახის წევრები.
ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც შოვის ტრაგედიის საქმეს იძიებს, არცერთი განცხადება არ გაუვრცელებია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ერთადერთი ცნობა, რომელიც გამოძიების შესახებ ვიცით, არის ის, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა.
შოვის ტრაგედიის გარშემო დაგროვილ კითხვებს 24 ოქტომბერს ზოგადი კომენტარით გამოეხმაურა გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე. ის ამბობს, რომ საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, საზოგადოება კითხვებზე ამომწურავ პასუხს მიიღებს:
„გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. ასეულობით მოქალაქეა უკვე გამოკითხული. დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები და გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ“.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე (კოლეგასთან ერთად) ფაქტობრივად, ერთადერთი იურისტია, რომელიც შოვის სტიქიის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებს იცნობს. უფრო ზუსტად კი იცნობს მასალების ნაწილს. უკანასკნელად, საქმის მასალები მან დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატის სტატუსით ზუსტად ერთი თვის წინ, 20-24 სექტემბერს წაიკითხა ქუთაისის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში. გამოძიების პროცესს სწორედ ეს უწყება კურირებს. მაშინ საქმის მასალები 35 ტომს შეადგენდა.
იურისტს ჯერჯერობით უჭირს დაზუსტება, როდის მოახერხებს ქუთაისში წასვლას საქმის ახალი მასალების გასაცნობად. როგორც ცნობილია, გამოძიებამ ადვოკატს უარი უთხრა მასალების ასლების გადაცემაზე და ის დოკუმენტებს ქუთაისის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ეცნობა.
სექტემბრის ბოლოს, თბილისში დაბრუნებული ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას გამოძიების იმ ხარვეზებზე ესაუბრა, რაც მან საქმის მასალებში ნახა:
- მაგალითად ის, რომ სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრების ფოტოების უმეტესობა არა ექსპერტების, არამედ მაშველების მიერ იყო გადაღებული და, შესაბამისად, არ შეიცავდა გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- იურისტს კითხვები ჰქონდა მოწმეთა გამოკითხვის ხარისხთან დაკავშირებითაც. მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
- გარდა ამისა, ანა თავხელიძის თქმით, საქმის მასალებში შეინიშნებოდა ტენდენცია, რომ გამოძიებამ გასწია მინიმალური მცდელობა დაღუპულების ოჯახის წევრების დასარწმუნებლად, რომ ცხედრებისთვის მნიშვნელოვანი იყო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, გარდაცვალების ზუსტი დროისა და მიზეზის დასადგენად.
- საქმის მასალებიდან გაირკვა ისიც, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და დაასურათეს სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც უკვე სრულად იყო სახეცვლილი შემთხვევის ადგილი.
შოვის საქმეზე გამოძიების შედეგების და თერმული დრონების ჩანაწერების გასაჯაროება მოითხოვა 23 ოქტომბერს პოლიტიკურმა პარტია "ლელომ".
სტიქიის ზონაში თერმული დრონების რაოდენობისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 18 აგვისტოს გამოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი კითხვებზე თითქმის ორი თვის დაგვიანებით, 9 ოქტომბერს დაგვიბრუნა:
„2023 წლის 3-4 აგვისტოს შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სამსახურის სარგებლობაში არსებული თერმული კამერით აღჭურვილი 5 (ხუთი) ერთეული საფრენი აპარატი (დრონი), რომლებიც მუდმივ რეჟიმში იყო ჩართული საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში. საფრენი აპარატების (დრონი) მეშვეობით სრულად იქნა დათვალიერებული სტიქიის ზონა და მიმდებარე ტერიტორია.
ამასთან, გაცნობებთ, რომ დრონებით არ დაფიქსირებულა მეწყერში მოყოლილი არც ერთი ადამიანი, რომელიც დახმარებას საჭიროებდა, ასევე, არ დაფიქსირებულა არც გარდაცვლილი ადამიანი. დრონით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწის მასის ქვეშ მოყოლილთა პოვნა დრონით შეუძლებელია“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.
ოფიციალურ მონაცემებსა თუ თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით, შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რომ 3 აგვისტოს შოვში, სტიქიის შემდეგ პირველი რამდენიმე კრიტიკული საათის განმავლობაში, ტერიტორიის თავზე შს სამინისტროს თერმულმა დრონებმა იფრინეს. ამიტომ პარტია „ლელო“ გამოძიებას მოუწოდებს გაასაჯაროოს იმ თერმული დრონების ჩანაწერები, რომლებიც, ოფიციალური ცნობით, სტიქიის ზონაში მუშაობდნენ მეწყრის მოვარდნის პირველ საათებში.
ორჯერ უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე რეაქცია
გიო ადამია ერთ-ერთია იმ 15-მდე ადამიანს შორის, რომელიც 3 აგვისტოს, 6 წლის შვილთან ერთად შემთხვევით გადაურჩა სტიქიის ზონაში სიკვდილს. სხვებთან ერთად ის და მისი შვილი ღვარცოფში მოყვნენ და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ელოდნენ ვერტმფრენისა და მაშველების გამოჩენას.
სხვა გადარჩენილებთან ერთად დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მან ორჯერ მიმართა პროკურატურას. თუმცა, 16 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მან, ისევე როგორც სხვა გადარჩენილებმა, სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე უარი მიიღეს. პროკურატურის შეტყობინებაში წერია:
„ამ ეტაპზე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ ქმნის კანონით გათვალისწინებულ საკმარის საფუძველს თქვენი და თქვენი შვილის დაზარალებულად ცნობისთვის, რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ საჩივრის მოთხოვნა. აქვე გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა გონივრული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, თქვენთან მიმართებით“.
ამ წერილის მიღებიდან რამდენიმე დღეში, გიო ადამიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას და მის შვილს 3 აგვისტოს მიადგა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანი, სახელმწიფოსგან კი არანაირი ყურადღება არ მიუღიათ. მათ შორის, არც ჯანდაცვის სამინისტროსგან თვეების წინ შეთავაზებული ფსიქოლოგიური დახმარება, რომელზე თანხმობაც მან თავიდანვე განაცხადა.
გიო ადამია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სოციალურ ქსელში სტატუსის გამოქვეყნებიდან ერთ საათში, მას ჯანდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ:
„მითხრეს, კონკრეტული სახის კვლევები გეკუთვნით უფასოდო და თქვენს ნომერს გადავცემთ ფსიქოლოგსო. ფსიქოლოგმაც იმავე დღეს დამირეკა. დაგვიბარეს მეც და ბავშვიც. ფსიქოლოგმა მითხრა, ორი თვის წინ გირეკავდი და გათიშული გქონდა ტელეფონიო. რა ვიცი, შეიძლება იმ მომენტში მართლა გათიშული იყო ან მეტროში ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, როგორ ვერ დამიკავშირდნენ. მე და ჩემი შვილი 25 ოქტომბერს ვართ ჩაწერილი ფსიქოლოგთან ვიზიტზე“.
იურისტი ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეალურად, 3 აგვისტოს, სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე და, შესაბამისად, გამოძიება ვალდებულია, რომ თითოეულ მათგანს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი:
„რადგან ჩვენი კანონმდებლობით, დაზარალებულია პირი, რომელსაც მიადგა მორალური, მატერიალური ან ფიზიკური ზიანი. იქ, შოვში, ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, სამივე სახის ზიანი ერთდროულად მიადგა. ეს ადამიანები რეალურად შემთხვევითობამ გადაარჩინა და არა იმან, რომ მაშველებმა დროულად გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. ამ ადამიანებს მაშინაც ემუქრებოდათ საფრთხე, როდესაც მათთან მაშველები ჩავიდნენ, რადგან არავინ იცოდა, ტალახის ეს ტალღა კიდევ წამოვიდოდა თუ - არა“, - გვეუბნება ანა თავხელიძე.
კვლავ ღიადაა დარჩენილი შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. კომისიის შექმნა ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, 9 აგვისტოს მოითხოვა ოპოზიციურმა ფრაქციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათი განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში; იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პოლიტიკური სპეკულაცია“ და „ისტერიის შექმნის სურვილი“ უწოდა.
საგამოძიებო კომისიის საკითხის დაყენება ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ საშემოდგომო სესიის პირველსავე დღეებში სურდა, თუმცა ეს საკითხი ოქტომბრისთვის გადაიდო.
ისევ დგას თუ არა დღის წესრიგში შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა, ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ 24 ოქტომბერს ვერ მიიღო.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. 24 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო დაღუპული მაშველებმა 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.
სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ორი ადამიანი: შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა. მათი სიკვდილის მიზეზად ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დასახელდა.