რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, ღვარცოფის შედეგად დაკარგულ ბოლო ადამიანს, არასრულწლოვან ბიჭს, ჯერ კიდევ ეძებენ. 12 სექტემბრის მონაცემებით, სტიქიიდან 41-ე დღეს, კატასტროფის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, გამოძიების პროცესს პროკურატურა მეთვალყურეობს.
გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ოფიციალური უწყებები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს არცერთ კითხვას, რომელიც შოვის ტრაგედიის გამოძიებასა თუ კატასტროფიდან პირველ 24 საათში, სამძებრო-სამაშველო ღონისძიების დაგეგმვას - დროულ და ეფექტიან რეაგირებას შეეხება.
არის რაიმე სიახლე?
„სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი სიახლეა“, - გვეუბნება ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, რომელიც შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის (დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მქონე ქალი) ინტერესებს იცავს.
ეს ერთადერთი სიახლე კი, ანა თავხელიძის თქმით, ეხება პროკურატურის მტკიცე უარს, მიაწოდოს საქმის მასალების ასლები ადვოკატებს. პროკურატურამ უარის დასაბუთება და არგუმენტაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 4 სექტემბერს წარადგინა.
საქმის მასალების ასლების გადაცემის მოთხოვნით იურისტებმა სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აგვისტოს ბოლოს, მას შემდეგ შეიტანეს, რაც გამოძიებამ მათ საქმის მასალების ასლების გადაცემაზე უარი უთხრა და ისინი იძულებულნი გახდნენ, ორი დღის განმავლობაში, ქუთაისში, საგამოძიებო უწყებაში წაეკითხათ შოვის ტრაგედიის ათტომიანი საქმე.
ანა თავხელიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13 სექტემბერს წარუდგენს პროკურატურის საპასუხო წერილობით პოზიციას. ამის შემდეგ კი სასამართლომ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, მაქსიმუმ 15 სექტემბერს უნდა გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა მათ საჩივარს და დაავალებს თუ არა გამოძიებას საქმის მასალების ასლების იურისტებისთვის გადაცემას:
„აბსურდული და აბსტრაქტულია პროკურატურის დასაბუთება, თუ რატომ გვეუბნება უარს საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე. პროკურორი თეორიულ დაშვებებზე ლაპარაკობს, თითქოს ჩვენ პოტენციურ ბრალდებულებს გამოძიების ტაქტიკას გავუზიარებთ, რაც სრულიად აბსურდული არგუმენტაციაა“.
ანა თავხელიძე ვარაუდობს, რომ გამოძიება მხოლოდ იმიტომ ეუბნება უარს იურისტებს საქმის მასალების გადაცემაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ არ სურთ დაკარგონ დოკუმენტაციის რედაქტირების შანსი:
„მასალების ასლები რომ გადმოგვცენ, შემდეგ უკვე, თუკი დასჭირდებათ, დოკუმენტებს ვეღარ დაარედაქტირებენ და საქმეში სხვა სახით ვეღარ ჩადებენ. როდესაც 22-23 აგვისტოს საქმის მასალებს გავეცანით, იქ იდო დოკუმენტები, რომლებიც ხელმოწერილი არ იყო და რომლის რედაქტირებაც ასეთ დროს ელექტრონული პროგრამითაა შესაძლებელი. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ სურთ თავის დაზღვევა, რომ რაღაც გარემოებების სათავისოდ გასწორება რომ დასჭირდეთ საქმეში, ამის შანსი დაიტოვონ“.
საქმის დამატებითი მასალების გასაცნობად „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტები ქუთაისში, სავარაუდოდ, 21-22 სექტემბერს ჩავლენ. გადასცემს თუ არა გამოძიება მათ საქმის მასალების ასლებს თუ კვლავ საგამოძიებო უწყებაში მოუწევთ შოვის სტიქიის ტომების კითხვა, ამ კითხვაზე პასუხს იურისტები უახლოეს სამ დღეში მიიღებენ.
უახლოეს სამ დღეში უნდა მიიღონ მათ ასევე პასუხი კითხვაზე, დაავალებს თუ არა ქუთაისის საქალაქო სასამართლო გამოძიებას საქმის კვალიფიკაციის დაზუსტებას და გამოძიების კიდევ ერთი მუხლით, სამოხელეო დანაშაულის მუხლით წარმართვას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ასევე, დაუტოვებს თუ არა შოვის ტრაგედიას გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ გამოძიებას პროკურატურას გადასცემს, როგორც ამას იურისტები მოითხოვენ, რაკიღა თვლიან, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და უწყება, რომელიც თავად იყო პასუხისმგებელი შოვის ტრაგედიის შემდგომ რეაგირებაზე, ვერ ჩაატარებს ობიექტურ გამოძიებას.
შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია ოქტომბერში?
სავარაუდოდ, ოქტომბრამდე გადაიდო შოვის სტიქიის შესახებ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბარიც. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა რამდენიმე დღის წინ კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ოქტომბრამდე ისინი გეგმავენ შეხვედრებს დარგის ექსპერტებთან, აპირებენ შოვში ჩასვლასაც. 22 სექტემბერს კი მოუსმენენ ამ საკითხზე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციას.
ამასთანავე, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის გადადების მიზეზად, თინა ბოკუჩავამ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ მზაობა დაასახელა. მისი თქმით, ფრაქციამ დრო მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
4 სექტემბერს პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას მხარს არ დაუჭერენ. მისი თქმით, პარლამენტის მიმდინარე სამუშაო კვირაში როცა წინასწარაა ცნობილი, რომ ოპოზიციური დეპუტატების რაოდენობა საკმარისი არ იქნება კენჭისყრისთვის, კომისიის შექმნის ინიციატივის დაყენებით მოხდება საკითხის დისკრედიტაცია, „ამიტომ სიმართლის დადგენა, მათ შორის კომისიის გამოყენებით, ვერასდროს მოხდება“.
საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ორ კითხვაზე პასუხის გასაცემად ითხოვს:
- იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში;
- იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პირველად გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ამ ინიციატივას „პოლიტიკური სპეკულაცია“ და „ისტერიის შექმნის სურვილი“ უწოდა.
ადრეული შეტყობინების სისტემა - გვაქვს თუ არ გვაქვს?
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად მომზადებული 2021 წლის „გეოლოგიური ბიულეტენი“ შეიცავდა გაფრთხილებას, რომ მოსალოდნელი ღვარცოფი საფრთხეს უქმნიდა ცენტრალურ მაგისტრალსა და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურას.
ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ ღვარცოფების გავლა საშუალოდ 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება და, ანგარიშის შეფასების თანახმად, საფრთხის პოტენციალი „მაღალია“.
დოკუმენტი ქვეყნის რეგიონებში ბუნებრივი გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებს აღწერს და აკეთებს პროგნოზს მომავალი წლისთვის.
ეს დოკუმენტები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არ ქვეყნდება და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ ანგარიშის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გახდა საჭირო.
შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დააყენა დღის წესრიგში ადრეული შეტყობინების გამართული სისტემის არსებობა-არარსებობის საკითხი.
ჯერ კიდევ 2014 წელს, დევდორაკის ხეობაში წამოსული ღვარცოფის შემდეგ დაიწყეს დარგის სპეციალისტებმა ლაპარაკი ადრეული შეტყობინების გამართული სისტემის აუცილებლობის შესახებ.
მაშინ სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან, მთის მასივი ჩამოიშალა, შვიდი ადამიანი იმსხვერპლა და დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700-მილიმეტრიანი და 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.
კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში ადრეული შეტყობინების სისტემის აუცილებლობის საკითხი 2015 წელს, როდესაც 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2019 წელს, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, მაშინ გარემოს დაცვისა და დღეს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა ექნებოდა.
ეს ამოცანა გაწერილი იყო გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამაშიც, რომელიც 2012-2016 წლებზე იყო გათვლილი და სადაც ვკითხულობდით, რომ 2021 წლამდე საქართველოს უნდა ჰქონოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემა.
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამები აღწერს და განსაზღვრავს ღვარცოფების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკებს და, შესაბამისად, აფასებს, როგორ და სად უნდა დაინერგოს ადრეული შეტყობინებების სისტემა, რომ თავიდან აიცილონ მსხვერპლი თუ ეკონომიკური ზარალი.
მაგალითად, 2017-2021 წლების ეროვნული პროგრამის თანახმად, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შერბილებისა და პრევენციისთვის გათვალისწინებული იყო 2 127 123 ლარი. 3 500 000 ლარი - ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სტაციონარული ქსელის გაფართოებისთვის - ეს ფული უნდა წასულიყო მეტეოროლოგიური სადგურებისა და საგუშაგოების, ადრეული შეტყობინების სისტემის გაძლიერებაზე, რაც დახვეწდა პროგნოზირების შესაძლებლობას.
უკვე დაწერილია 2022-2026 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამაც, რომლის თანახმადაც, მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია თითქმის 8 მილიონი ლარი.
გიორგი გოცირიძე, გეოგრაფი და გეომორფოლოგი, კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ადრეული შეტყობინების გამართული სისტემის ამოქმედებისთვის საჭიროა, ერთი მხრივ, დაჩქარდეს განახლებული კვლევის მიმდინარეობის პროცესი, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ გეოსაფრთხეებს, იქნება ეს წყალდიდობა, ღვარცოფები, კლდეზვავები, ქარი, გვალვა და ა.შ. და, მეორე მხრივ, გაჩნდეს სათანადო პოლიტიკური ნება და ბიუჯეტი სისტემის გასამართად:
„შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ფრაგმენტულად გვაქვს განგაშის რამდენიმე სისტემა და ასევე გვაქვს ზოგადი წინასწარი შეტყობინების სისტემა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მონაცემს იღებს ოპერატიულ რეჟიმში და იღებს იმ ფარგლებში, როგორი ბიუჯეტიცა და შესაძლებლობებიც აქვს. მაგალითად, განგაშის სისტემა აყენია დევდორაკზე, ახალდაბის მეწყერზე, სავარაუდოდ, რამდენიმე მდინარეზე, თუმცა, საკმაოდ ცოტა. რაც შეეხება ადრეული შეტყობინების სისტემას, ეს სისტემა ჯერ არ არის გამართული და ის გასამართია. ვფიქრობ, რომ საგანგებო პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს იმ ტემპთან შედარებით, რაც ახლა გვაქვს აღებული“.
როგორც გიორგი გოცირიძე გვიხსნის, ადრეული შეტყობინების გამართულმა სისტემამ დარგის სპეციალისტებს, შესაბამის სტრუქტურებსა და მოქალაქეებს, წინასწარ და კონკრეტულად უნდა შეატყობინოს ამა თუ იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა, არა იმგვარად, როგორც ეს, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, 112-ის მიერ დაგზავნილი შეტყობინებით მივიღეთ, რომ 9-10 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ნალექი იყო მოსალოდნელი და უწყება სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდა.
„ჩვენ იმდენად სუსტები ვართ ამ გამოწვევის წინაშე, რომ, მაგალითად, თბილისში რომ უნდა იწვიმოს, ესეც რაღაც დოზით შეტყობინებაა, მაგრამ ძალიან შორს არის სრულფასოვანი შეტყობინებისგან. ასეთ დროს უნდა დაკონკრეტდეს მეწყერსაშიში ადგილები. უნდა იყოს გაფრთხილება, რომ წვიმის დროს მოვერიდოთ ხევებს. კონკრეტულ ადგილებს. წინ სამეცადინო გვაქვს გამომცხადებელსაც და მსმენელსაც.
მე, სპეციალისტმა, უნდა ვიცოდე გარკვეული სიზუსტით, სად არის ნალექმატარებელი ღრუბლები, საიდან შეიცვალა ქარი, ანუ წინასწარი პროგნოზების შეკვრა უნდა შევძლო და წარმოვიდგინო, რომ ერთკვირიანი ამინდის პროგნოზი იმერეთში მომცემს ასეთ შედეგს, კოლხეთის დაბლობში კი ისეთს. და ა.შ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე უნდა მქონდეს, ერთი მხრივ, მონაცემების ოპერატიულად მიღების მონიტორინგის კარგი სისტემა და, მეორე მხრივ, კარგად ზონირებული ტერიტორია, რადგან ერთი და იგივე წვიმა ყველგან სახიფათო არ არის. სად არის ეს წვიმა სახიფათო, სად არის ეს ქარი სახიფათო, ამას უნდა ვასხვავებდე. უბრალოდ რომ წვიმს, ეს არ არის შეტყობინება“, - ამბობს გიორგი გოცირიძე.
ინფორმაციას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების, წყალმოვარდნებისა თუ ღვარცოფული პროცესების შესახებ პერიოდულად აქვეყნებს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო. ასე გამოაქვეყნა ამ უწყებამ ინფორმაცია 2023 წლის 3 აგვისტოსაც, შოვის სტიქიის დღეს, სადაც წერდა, რომ მოსალოდნელი იყო, მათ შორის, დასავლეთ საქართველოში, ღვარცოფული პროცესები.
ეს ცნობა სააგენტომ სოციალურ ქსელში, 3 აგვისტოს, 15 საათსა და 9 წუთზე გაავრცელა, ზუსტად იმ დროს, როდესაც შოვში სტიქია უკვე მძვინვარებდა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად კი, სატელეფონო შეტყობინება იმის შესახებ, რომ 3-5 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი იყო ღვარცოფული პროცესები, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2 აგვისტოს დაუგზავნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, მინისტრებს, გუბერნატორებს, მთავრობის ადმინისტრაციას, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ქალაქების პირველ პირებსა და სამაშველო სამსახურს.
ეს ინფორმაცია დაუდასტურა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმაც: „ვაგზავნით, რომ რეაგირება ჰქონდეთ და ადამიანები, ვინც იქ არიან, ყურადღებით იყვნენ“...
შოვის ტრაგედიიდან 35 დღის თავზე, 8 სექტემბერს, სტიქია დაატყდა თავს გურიის მუნიციპალიტეტს. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, რამაც სამი ადამიანის, მათ შორის, ორი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. წინასწარი შეტყობინების სისტემამ ვერც გურიის შემთხვევაში იმუშავა.