Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“იქ დრონს არ უმუშავია” - სამთო გიდი იხსენებს შოვის სტიქიის პირველ ღამეს


თორნიკე მაცაბერიძე, სამთო გიდი
თორნიკე მაცაბერიძე, სამთო გიდი

„ცოცხალი ადამიანების დასახმარებლად და გადასარჩენად მეგონა, რომ მივდიოდი, და მერე რომ ვნახე იქ სიტუაცია და მივხვდი, რომ ხელით ვერაფერს ვიზამდი და ტრაქტორის სათხრელი იყო იქაურობა, წამოვედი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე მაცაბერიძე, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ძმასთან ერთად ავიდა.

თორნიკე პროფესიონალი სამთო გიდია და იცის, როგორ შეიძლება დაეხმარო ექსტრემალურ პირობებში ადამიანებს. მან და მისმა ძმამ შოვში გაატარეს 3 აგვისტოს ღამე და მთელი 4 აგვისტო.

ახლა, როცა შოვის ღვარცოფის თითქმის ყველა მსხვერპლი უკვე ნაპოვნია, თორნიკე ჰყვება სამაშველო ოპერაციისას დაშვებულ შეცდომებზე.

„მნიშვნელოვანია, პირველ საათებში რა რეაგირება ქონდა სახელმწიფოს, რომ ადამიანები გადაერჩინა”, - ამბობს თორნიკე და დეტალურად იხსენებს იმ გზას, რომელიც გაიარა თავისი სოფლიდან შოვამდე 3 აგვისტოს. ის ამბროლაურში, სოფელ ველევში ცხოვრობს. სწორედ ამ სოფლიდან იწყება მისი გზა შოვისკენ.

„4 [საათი] ან 5-ის წუთები იქნებოდა, როცა [მეწყრის შესახებ] გავიგე “მთის ამბებიდან”, ნელ-ნელა ვარკვევდი ორ რამეს: რამდენად რთული იყო სიტუაცია და შევძლებდი თუ არა ჩემი მანქანით მისვლას. იქ ეწერა, რომ 16 ადამიანია მეწყერში მოყოლილი. ვერ ვხვდებოდი, გარე სამყაროს იყვნენ მოწყვეტილები თუ მეწყერში იყვნენ მოყოლილები.

გელა მთივლიშვილს [მთის ამბების რედაქტორი - რ.თ.] ვიცნობ და მას დავურეკე იმის გასარკვევად, რამდენად რთულად იყო საქმე. გელამ მითხრა, რომ დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეეძლო, მაგრამ ვარაუდობდა, რომ საქმე რთულად იყო“, - იხსენებს თორნიკე. მან სახლიდან შოვამდე ჯერ მანქანით, შემდეგ კი ფეხით იარა.

თორნიკე და მაშველების ვერტმფრენი სტიქიის ადგილას თითქმის ერთდროულად მივიდნენ.

„6-ის 5 წუთზე გავდივარ სოფლიდან, 6-ს რომ 15 წუთი აკლია, ვარ გლოლაში და იქ უკვე ზის შვეულმფრენი. 6-ს აკლდა 10 წუთი, როცა გლოლას ხიდზე გადავედი და ჩანგრეულ გზასთან მივედი, 6-ს რომ 5 აკლია. 6-ზე დავაყენე მანქანა იქ, საიდანაც ფეხით წავედი მეწყრის ზონაში.

აქედან შოვამდე არის დაახლოებით 2 კილომეტრი, შეიძლება ცოტა მეტიც. ტყიანი, დახრილი ფერდობის გავლით მივედი იქამდე.

7-ს რომ 15 აკლია, ვიყავი უკვე ისეთ ადგილას, საიდანაც ვხედავდი “სანსეტ შოვთან“ შვეულმფრენის დაფრენას.

ფოტო თორნიკეს ტელეფონიდან, სადაც ჩანს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შოვის თავზე და ფოტოს გადაღების დრო - 18:45
ფოტო თორნიკეს ტელეფონიდან, სადაც ჩანს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შოვის თავზე და ფოტოს გადაღების დრო - 18:45

ამ რეისით გადაიყვანეს სავარაუდოდ მაშველები შოვში და იქიდან წამოიყვანეს ხალხი. ეს დრო ემთხვევა იმ გოგოს [მარიამ ბერიანიძის - რ.თ.] ნაამბობს, რომელიც მეწყერში იყო მოყოლილი და ვინც პირველი რეისით გადმოიყვანეს შოვიდან შვილთან ერთად. ის ამბობს, რომ 7-ს რომ 5 წუთი აკლდა, მაგ დროს წამოვიდნენ”, - გვიყვება თორნიკე, რომელმაც დროში მოვლენების ხდომილება, მოგვიანებით, ტელეფონით გადაღებული ფოტოების თარიღებით აღადგინა.

იხსენებს, რომ მისი შოვში მისვლის დროს ტალახის უზარმაზარ მასაზე მაშველებს უკვე დალაგებული ჰქონდათ ფიცრები და ეხმარებოდნენ ღვარცოფში მოყოლილებს გამოსვლაში.

„7-ს რომ 5 წუთი აკლდა, ვიყავი “სანსეტ შოვის“ მოპირდაპირე მხარეს, ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო თოკის გაჭიმვა, რომ მანდ გვევლო. ზევით რა ხდებოდა, არც ვიცოდი.

ვიღაც ადამიანმა გადაირბინა ტყეში, რომელსაც გამოველაპარაკეთ და გვითხრა, რომ ზემოთ ბევრი ადამიანია შეკრებილი, ასამდე, ოღონდ არაფერი უჭირთო.

ნახევარ საათში ვიყავით ყოფილი სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე, სადაც მართლა დაგვხვდა ძალიან ბევრი ადამიანი და მათ არაფერი უჭირდათ, იქ ადგილზე იყვნენ მაშველებიც, მესაზღვრეებიც და პოლიციელებიც.

ამ ხალხს გამოველაპარაკე, მაინტერესებდა, მეორე მხარეს გადასვლა როგორ შეიძლებოდა. ყველა ამბობდა, ვერ გადახვალო. მერე ერთი-ორმა მაშველმა თქვა, რაჭველები გადავიდნენ, მარა რეალურად გაჩერებულები არიან, ვერ მუშაობენო. მე როგორც ვიცი, ამბროლაურის სამაშველო გადავიდა მანამდე, ვერტმფრენის გარეშე, ორი მდინარე იყო გადასალახი.

გადაღმა ვინც იყო, ერთ-ერთ მათგანსაც ველაპარაკე მერე, რომელმაც მითხრა, რომ არ არის პირობები, ვერ ვმუშაობთ, გათენებას ველოდებით და შევხმიანდეთ დილასო“.

თორნიკეს შეფასებით, შოვში სამაშველო ოპერაცია ფაქტობრივად არ ჩატარებულა, არამედ ეს იყო დაღუპულების სამძებრო სამუშაოები.

სამ აგვისტოს ვერტმფრენმა მხოლოდ სასტუმრო “სანსეტ შოვის“ სტუმრები და ღვარცოფში მოყოლილი ის ადამიანები გამოიყვანა შოვიდან, ვინც თვითონ მოახერხა სამშვიდობოს გასვლა.

დაღამებისთანავე ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა და შიშველი ხელებით ვერც იქ დარჩენილი მაშველები ახერხებდნენ ტალახით დაფარულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვინმეს დახმარებას.

“გადარჩენით იქ არავინ გადაურჩენიათ - ვინც [3 აგვისტოს] თავისით გადარჩა, იმათ დაეხმარნენ [მაშველები] გამოსვლაში, ბილიკი გაუკეთეს და გამოიყვანეს. დანარჩენები, სამწუხაროდ, ან პირველივე წუთებში, ან პირველივე საათებში გარდაიცვალნენ და მერე წაიღო კიდეც ღვარცოფმა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე.

სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მაშველებმა სტიქიის ზონიდან პირველ დღეს 70-ზე მეტი, მეორე დღეს კი 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს ვერტმფრენით.

ოფიციალური პირები ამტკიცებენ იმასაც, რომ 3 აგვისტოს, როცა ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა, სტიქიის ზონაში მაშველები და დრონები კვლავ ცდილობდნენ დაკარგულების პოვნას და დახმარებას.

თორნიკე ჰყვება, რომ 3-დან 4 აგვისტოს ღამეს, რომელიც ღია ცის ქვეშ გაატარა იმ ადამიანებთან ერთად, ვის სიცოცხლესაც საფრთხე აღარ ემუქრებოდა, არც მას და არც სხვა რომელიმე იქ მყოფ ადამიანს დრონები არ შეუმჩნევიათ.

„როგორც კი დაბნელდა, მაშინვე შეწყდა სამძებრო სამუშაოები. სანამ დაღამდებოდა, რაციაში ეგეთი ნათქვამებიც იყო, “ვიღაცების ხმები ისმის, მაგრამ იქამდე ვერ მივდივართო“.

მაგ დროს, როცა ვიღაცის შველა გინდა, შეიძლება გეგონოს, რო ხმები გესმის, ან რაიმე ფაჩუნი ადამიანის ხმას მიამსგავსო. არ ვიცი, მათ რამდენად მართლა დაკარგული ადამიანების ხმები ესმოდათ, თუმცა ეგეთი ლაპარაკი ნამდვილად ისმოდა რაციებში“, - იხსენებს თორნიკე და გვიყვება, როგორ იპოვა უცხოელი ტურისტების ჯგუფი, რომლის ერთ წევრსაც ჰქონდა დრონით გადაღებული ღვარცოფში ჩარჩენილი ადამიანების კადრები.

“10-ს რომ 1 წუთი აკლდა, მაშინ მაჩვენეს ის კადრი, სადაც ჩანან მეწყერში მოყოლილი ადამიანები. კი მითხრეს, რომ ეს კადრი მაშველებსაც ჰქონდათ უკვე ნანახი, მაგრამ მაინც დავრეკე 112-ში, რომ ინფორმაცია მიმეწოდებინა”, - ამბობს თორნიკე.

ის 24 აგვისტოს გამოკითხეს პოლიციელებმა სწორედ 112-ში გაგზავნილი შეტყობინების გამო.

კადრში, რომელიც თორნიკეს უცხოელმა ტურისტებმა აჩვენეს, ჩანან ტალახში ჩაფლული ადამიანები, ვინც სამშვიდობოს გასვლას ცდილობს. მას შემდეგ, რაც თორნიკემ ეს კადრი ფეისბუკზე გაასაჯაროვა, სტიქიას გადარჩენილმა მარიამ ბერიანიძემ მასში საკუთარი თავის, მეუღლისა და შვილის გარდა ამოიცნო ის ადამიანებიც, ვინც მასთან ერთად იყო ღვარცოფში მოხვედრილი.

თორნიკე ჩვენთან საუბარში იხსენებს 4 აგვისტოსაც - ამ დღეს იპოვეს პირველი ცხედრები შოვის სიახლოვეს.

“ჩვენ ცხედრები არ გვიპოვია, პირად ნივთებს ვპოულობდით, თუმცა მაშველები ჩვენს თვალწინ პოულობდნენ გარდაცვლილებს.

ერთი კოტეჯიდან ნანგრევები იყო დარჩენილი, დანარჩენები სულ გამქრალი იყო და იმ ნანგრევებში ვიპოვეთ ერთ-ერთი დაკარგულის პირადი ნივთები”.

თორნიკემ შოვი 4 აგვისტოს საღამოს დატოვა. მისთვის ამ დროს უკვე ცხადი იყო, რომ იქ ცოცხლად ვინმეს პოვნის შანსი აღარ არსებობდა.

ამ დღიდან შოვის ამბები უკვე იქ დარჩენილი მეგობრებისგან იცის, რომლებიც მაშველებს ცხედრების პოვნაში ეხმარებოდნენ.

“[ჩემი მეგობრები] მესამე დღესაც იქ იყვნენ, მეოთხესაც, მეხუთესაც და ბევრ ისეთ ადგილებში დადიოდნენ, სადაც სხვები არ იყვნენ ნამყოფები და ამბობენ, რომ სუნიც იგრძნობოდა, რაც გარდაცვლილს ნიშნავს, დიდი ალბათობით, მაგრამ იქ მაშველების ნავალი არ ეტყობოდა.

ძაღლები მესამე დღემდე არ ჰყოლიათ, ქვემოთაც არავინ ეძებდა ძალიან დიდხანს, ნავებიც გვიან ჩართეს საქმეში - ჩემი მეგობრები ცდილობდნენ, დრონებით მოეძებნათ ცხედრები და პოლიცია ხელს უშლიდა.

საერთოდ ყველაფერი სხვანაირად იყო გასაკეთებელი, ჩემი აზრით. გარდა იმისა, რომ შვეულმფრენი დაგვიანებით მივიდა, იქ მუშაობის გამოცდილების ნაკლებობაც იყო. თოკის გაჭიმვა ან რამე სხვა რომ გამხდარიყო საჭირო, [მაშველებიდან] ბევრმა არ იცის თოკთან მუშაობა. ფაქტია, რომ 5 აგვისტოს დაამზადეს ბოტებზე მისაბმელი ფიცრები, რომლითაც სიარული უფრო გამარტივდა. თუნდაც ამ ფაქტით ჩანს, რომ არც ეკიპირება და არც გამოცდილება არ არსებობს ასეთ ვითარებაში მუშაობის.

ისიც ფაქტია, რომ [3 აგვისტოს] ღამით არც თერმულ და არათერმულ დრონებს არ უფრენია. დღისითაც არ უფრენია სამაშველოს დრონებს - ღვარცოფში ჩარჩენილები ამბობენ, რომ მათ თავზე ერთმა დრონმა გადაიფრინა და, როგორც ირკვევა, ეს ერთი დრონი ტურისტების იყო.

მთელი ღამე გარეთ ვიყავი და იქ არანაირ დრონს არ უფრენია. სხვა მოხალისეებთანაც მქონდა ამაზე ლაპარაკი, მედიასთან ვინაიდან ვლაპარაკობ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მხოლოდ ისეთი რამეები ვთქვა, რაც გადამოწმებული მაქვს და რაშიც ეჭვი არ მეპარება - 95%-ით შემიძლია ვთქვა, რომ იქ დრონს არ უმუშავია”, - ამბობს მოხალისე მაშველი. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ის ფრთხილად და მოზომილად, მაგრამ მაინც ლაპარაკობს, იმ ადამიანების სიჩუმეა, რომლებიც სტიქიის ღამეს ან მომდევნო დღეებში იყვნენ შოვში.

ამ დრომდე, შოვის ტრაგედიის შესახებ მხოლოდ გადარჩენილი სამი ოჯახის წევრები და რამდენიმე მოხალისე ჰყვება. საზოგადოება არ იცნობს არც იმ „რაჭველ ბიჭებს”, რომლებიც შოვში ვერტმფრენის ჩასვლამდე ეხმარებოდა ღვარცოფში მოყოლილებს და ადგილობრივებიც ფრთხილობენ ჟურნალისტებთან საუბარს.

„...თითქოს ამის ანალიზი უხერხულია - როგორ შეიძლება კითხვის ნიშნები დასვა, როცა სტიქია მოხდა. გასაგებია, რომ სტიქია მოხდა, მაგრამ მომავალში მაინც ხომ უნდა ვიყოთ უკეთ მომზადებული.

მოტივაცია, რის გამოც ამაზე ვლაპარაკობ, ისაა, რომ სამაშველო შვეულმფრენები მალე შეიძინოს სახელმწიფომ, უკეთესი აღჭურვილობა და გადამზადება ჰქონდეთ მაშველებს”, - გვეუბნება თორნიკე.

სტიქიის ზონაში დაღუპულების სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება ორი არასრულწლოვნის საპოვნელად. სახელმწიფო უწყებებს ჯერაც არ გამოუქვეყნებიათ ოფიციალურად გარდაცვლილების და გადარჩენილების სია. გამოძიება კი, სტიქიის ზონაში 3 აგვისტოს დაღუპული დავით ბერიანიძის დედის ადვოკატების ცნობით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს.

ისინი ითხოვენ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად პროკურატურამ წარმართოს, ასევე, გამოძიება დაინტერესდეს იმით, იყო თუ არა სამსახურებრივი გულგრილობისა და განსაცდელში მიტოვების ფაქტები.

XS
SM
MD
LG