Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა გამოძიებას კვალიფიკაციის დაზუსტებას სთხოვს


დავით ბერიაშვილი
დავით ბერიაშვილი

რაჭაში, კურორტ შოვში ღვარცოფის მოვარდნისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" [PHR] დაიცავს. პროკურატურამ გარდაცვილი ახალგაზრდა კაცის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო, თუმცა უარი უთხრა საქმის მასალების გადაცემაზე. თავის მხრივ, დავით ბერიაშვილის დედა გამოძიებისგან ითხოვს კვალიფიკაციის დაზუსტებას და იმის დადგენას, ჰქონდა თუ არა შოვის ტრაგედიისას ადგილი სამოხელეო დანაშაულს (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი) ან განსაცდელში მიტოვებას (სისხლის სამართლის კოდექსის 128 მუხლი). მას ასევე სურს გამოძიებას აწარმოებდეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული სამაშველო და სამძებრო ოპერაციებში და ვერ ჩაითვლება მიუკერძოებელ მხარედ, არამედ პროკურატურა.

"ჩვენ ამ საქმეში ჩავერთეთ 17 აგვისტოს, მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის, დავით ბერიაშვილის დედის დაზარალებულად ცნობა სამოხელეო დანაშაულის ფარგლებში. ჩვენ ვუთითებდით, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანმა შესრულებამ. ასევე ვითხოვდით გამოძიება წარმართულიყო სწორი კვალიფიკაციით და დამატებოდა არსებულ მუხლებს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლი და განსაცდელში მიტოვება", - უთხრა რადიო თავისუფლებას PHR-ის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ. პროკურატურამ გამოძიებისთვის ახალი მუხლების დამატებაზე უარი თქვა, რაც შეეხება დაზარალებულად ცნობას, დავით ბერიანიძის დედა დაზარალებულად ცნო, მხოლოდ არა სამოხელეო დანაშაულის ფარგლებში, არამედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქმის მასალების გადმოცემა გვეკუთვნის კანონით, თუმცა დღევანდელი მონაცემებით ამაზე უარს გვეუბნებიან. ამბობენ, რომ შეგვიძლია ადგილზე გავეცნოთ საქმის მასალებს, მაგრამ ასლების გადმოცემაზე უარს ამბობენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა მოცულობის საქმეა, შეუძლებელია მისი ასე გაცნობა. კანონი ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს სრული წვდომა უნდა ჰქონდეს საქმის მასალებზე", - ამბობს ანა თავხელიძე.

დღეს არსებული ინფორმაციით, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

დავით ბერიაშვილი შოვში სტიქიისას ორ მეგობართან, და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად დასასვენებლად იყო ე.წ. მამისონის კოტეჯებში. 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა სამივე ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. დავით ბერიაშვილის ცხედარი მაშველებმა სხვა გარდაცვლილებთან შედარებით ადრე იპოვეს, ის ოჯახის წევრებმა 5 აგვისტოს ამოიცნეს. შედარებით დიდხანს გაგრძელდა მისი მეგობრების ცხედრების სამძებრო სამუშაოები.

18 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, შოვში 27 ცხედარია ნაპოვნი. ამ დრომდე დაკარგულია 6 ადამიანი.

სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ოფიციალური სრულყოფილი ინფორმაცია. ცნობები დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება.

XS
SM
MD
LG