„ჩემი ძმები“
ცდებოდა შავი პრინცი. მისი რომ გაგეგო, სულ არ იყო საჭირო ბევრი გეკაიფა. „ჩემი ძმებისაც“ თავის დროზე ბევრმა გაიგო. პოპულარული სიმღერა იყო. ქართველებს რაიმე სანდო ჩარტი რომ გვქონდეს, ორიათასიანების დასაწყისის ჰიტების ჩამონათვალის თავში იქნებოდა. მაგრამ ამ სიმღერის მნიშვნელობა მხოლოდ საოცრად ადვილად ასაკვიატებელ მისამღერსა და „კვამლის დამუღამებაზე“ ტექსტში არ ყოფილა. უამრავი ახალგაზრდისთვის „ჩემი ძმები“უფრო მეტი იყო, ვიდრე „მაესტროზე“ გასული რეპისა და პოპის მორიგი ნაზავი. ეს უფრო მოწოდება იყო. თითქოს არაფერი განსაკუთრებული - არც ამბოხზე იყო ლაპარაკი, არც სოციალურ ან პოლიტიკურ უსამართლობაზე. „ერთად მოვუსმინოთ ჰიპ-ჰოპს საკაიფოსო“, მღეროდა „შავი პრინცი“და ეს საკმარისი იყო.
„იუტუბის“ კომენტარებში ერთი იხსენებს, თუ როგორ მოხვდა გულზე ეს ტრეკი. როგორ გაცვითა აუდიოკასეტა „ჩემი ძმების“ თავიდან გადახვევით. მარტო ის არ ყოფილა ასე. „ნიკოს პოდკასტში“ სტუმრობისას ჰიპ-ჰოპის დიდი მოყვარული მურთაზ ჩიქოვანი იხსენებდა, სწორედ „ძებნილებმა“ შემაყვარეს რეპი - 2pac-ამდე ეგ მოვისმინეო. ვინ იცის, კიდევ რამდენი იყო ეგრე.
შავ პრინცსა და „ძებნილებს“ კარგი ნიშა ეჭირათ. ერთი მხრივ, მაშინ პოპ-სიმღერებს უფრო წერდნენ, ვიდრე ჰიპ-ჰოპს. არც მათი „განგსტერინოობისა“ სჯეროდა ვინმეს. ამას, წესით, ქუთაისელი რეპერები მაშინვე კარიკატურად უნდა ექცია. არც მთლად უმაგისობა იყო - ბევრს შავმა პრინცმა მხოლოდ ამ სიმღერებით დაამახსოვრა თავი, მაგრამ ჰიპ-ჰოპის მოყვარულებმა იცოდნენ, რომ „ძებნილებს“ ზურგს ისტორია და გამოცდილება უმაგრებდა - ისინი ხომ ჯერ კიდევ გაგანია ოთხმოცდაათიანებში გამოვიდნენ მამაქალაქის გეტოებიდან და ცივი და მონჯღრეული შენობების სცენაზე დადგნენ.
„გიჟთან გიჟი“
ბევრი სხვადასხვა ისტორია არსებობს, თუ როგორ მოისმინა ოთხმოცდაათიანების ბევრმა სხვადასხვა ქართულმა ჯგუფმა მათთვის მნიშვნელოვანი ალბომი. ინტერნეტამდელ ეპოქაში ხომ მოსმენა კი არა, უბრალოდ, ინფორმაციის მიღებაც ჭირდა. „ძებნილთან“ (ჯგუფს თავიდან „ძებნილი“ ერქვა, მერე კი თავის თავს „ძებნილებად“ მოიხსენიებდნენ.) დაკავშირებითაც არსებობს ლეგენდა, რომ შავმა პრინცმა თავის მეზღვაურ ნათესავს სთხოვა, რამე რეპი ჩამომიტანე ამერიკიდანო. მანაც მაღაზიაში ითხოვა, რამე კარგი რეპი მომეცითო და, შედეგად, Public Enemy-ს ფირფიტა ჩამოუტანია.
„ძებნილის“ პირველ ალბომს ნამდვილად ეტყობა Public Enemy-ს სიყვარული. ის 1999 წელს გამოუშვეს, თუმცა უკვე რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგი იყო. თავიდან უფრო ვიწროდ ქუთაისური ფენომენი იყო - ლიხს აქეთ თითქმის არავინ იცნობდა. თუმცა ნელ-ნელა მათი მუსიკა თბილისშიც შემოვიდა. აქა-იქ ვინმე კასეტას გადააწყდებოდა და დააფასებდა. შემდეგ კი სერგიმ გამოიყვანა „ჯეოპოპში“ (რა გახდა ძველი გადაცემების არქივი? რას ჩაუჯდებოდა კაცი!). მე პირველად აქედან გავიგე მათი არსებობა - კარგა გამოცდილი კოლექტივივით იდგნენ მიკროფონებთან და, აი, ამ ტრეკს უბერავდნენ. მას შემდეგ მათი ფანი გავხდი მეც და კიდევ ვინ იცის, რამდენი ადამიანი.
„მე ქუთაისელი ვარ“
იმ „მაესტროსდროინდელი“ კლიპების შემდეგ ქართული მუსიკალური სცენა ძალიან შეიცვალა. განსაკუთრებით ჰიპ-ჰოპი განვითარდა - სხვათა შორის, დიდწილად იმ ახალგაზრდების ხარჯზეც, რომლებიც „ჩემს ძმებს“ კასეტაზე უსმენდნენ.
შავი პრინცი კი იგივე დარჩა. სცადა შეცვლილიყო - დროებით “პრინცი P” გახდა, სატელევიზიო შოუშიც გამოჩნდა, მაგრამ მაინც იგივე შავი პრინცი იყო.
თითქოს აკაკი ბაბუნაშვილს, მეგობრებისთვის - შურიკას, გარდასახვა არ უნდა გასჭირვებოდა. ისედაც ხომ თითქოს პერსონაჟს ჰგავდა - თავისი ჩაცმულობით, შავი სათვალით, ბლანჟეთი, „მი ბანდიტოთი“... მაგრამ, არა... ეს იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, შავი პრინცი მისი პერსონა არ ყოფილა. აკაკი ბაბუნაშვილი მართლა შავი პრინცი იყო.
მისი ეს სიმღერაც მაგიტომ მიყვარს - ძალიან ნამდვილია. ცოტა გზააბნეულად რეპავს, თითქოს არც ბიტი უვარგა და მთელი ხიბლიც მისამღერშია (ჰიპ-ჰოპისთვის ეს კარგი არაა), მაგრამ, სამაგიეროდ, როგორი ნამდვილია! ტრეკი კი არა, ცარიელი ჯიგარია!
შავმა პრინცმა კარგა მოზრდილი დისკოგრაფია დატოვა - ძირითადად კასეტებია. ზოგან ძებნილებთან ერთადაა, ზოგან - ჯოკერთან და ზოგანაც - მარტო. ყველაფერი კარგი არ არის. ყველაფერი ნამდვილია. იმიტომაც დატოვა ამხელა კვალი.