Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ფემინისტური ტური გაიმართა


„ქალაქში, სადაც საუკუნის წინ დაიწყო ფემინისტური მოძრაობა, გამოდიოდა საქართველოში პირველი და ერთადერთი ფემინისტური გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, მოქმედებდა ქალთა პოლიტიკური ერთობის კლუბი და ქალები აქტიურად იბრძოდნენ პოლიტიკური უფლებებისთვის 8 მარტს ფემინისტური ტურის გამართვა სიმბოლურია“, - ამბობს ტურის ორგანიზატორი, სამოქალაქო აქტივისტი ქრისტინე მაღლაკელიძე და დასძენს, რომ კვლევებით დასტურდება, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქალთა მოძრაობა საქართველოში და კერძოდ ქუთაისში გააქტიურდა, იმ მიზეზით, რომ გენდერული თანასწორობა ორგანული იყო საზოგადოებისთვის და არ თავსმოხვეული.

„დღეს საქართველოში სამწუხაროდ უფრო ხშირად ფემიციდზე გვიწევს საუბარი, ვიდრე ქალთა პოლიტიკური უფლებებზე, თუმცა დღემდე ეს თემა აქტუალობას არ კარგავს“, - მიიჩნევს ქრისტინე მაღლაკელიძე.

ფემინისტური ტური ქუთაისში წმინდა ნინოს სახელობის ნომერ მესამე საჯარო სკოლასთან დაიწყო, სადაც საუკუნის წინ ქალთა სასწავლებელი ფუნქციონირებდა და სწორედ იქ სწავლობდნენ ქალები, რომლებმაც საქართველოში ქალთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყეს. ტური დასრულდა პუშკინის ქუჩის 12 ნომერთან, ქალაქის ისტორიულ ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობასთან, სადაც 1917-19 წლებში გამოდიოდა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“.

„გაზეთში იბეჭდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწოდებული პუბლიკაციები ქალთა პრობლემებზე და ცდილობდნენ კიდეც მათი გადაჭრის გზების პოვნას, რაც იმ დროისთვის ძალიან პროგრესული მიდგომა იყო, სამწუხაროდ, გაზეთმა ფინანსური პრობლემების გამო მხოლოდ 2 წელი იარსება, თუმცა 50-ზე მეტი ნომერი გამოვიდა, რასაც საზოგადოების ნაწილზე დიდი გავლენა უნდა მოეხდინა“, - ამბობს, ტურის ორგანიზატორი.

ფემინისტური ტური ქუთაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდა. მასში მონაწილეობდა ათამდე ვიზიტორი და მათ ნახევარი საათის განმავლობაში ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარე ფემინისტური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ადგილი მოინახულეს.

„ტური ინფორმაციულია და მასში მონაწილეობით კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ფემინისტური მოძრაობა, რომელიც საქართველოში დაიწყო და ევროპაში იყო ერთ-ერთი პირველი, მომდინარეობს ჩვენი კულტურიდან, ისტორიიდან. სასურველია მსგავსი საგანმანათლებლო ტური მოეწყოს სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანებისთვის, მოსწავლეებისთვის, რადგან ქალაქი მხოლოდ შენობები არ არის, ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინახავენ ისტორიას და მისი ცოდნით გავიაზრებთ, თუ რატომ ვცხოვრობთ და რა უნდა ვაკეთოთ“, - ამბობს ტურის მონაწილე, ფსიქოლოგი ლილე ყაზაიშვილი.

ფემინისტური ტურის ორგანიზატორი, ქრისტინე მაღლაკელიძე ამბობს, რომ მსგავს ტურებს მეტი მონაწილისთვის და ინტენსიურად დაგეგმავს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების შემდეგ.

XS
SM
MD
LG