2019 წლამდე „ქართული ოცნება“ ფორმალურად მაინც ცდილობდა დემოკრატიულობის ნიღბის შენარჩუნებას (მიუხედავად ისეთი შემთხვევებისა, როგორებიც იყო სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეები, ან პერიოდული თავდასხმები ოპოზიციაზე და ა.შ.). ეს ნიღაბი წელს მთლიანად ჩამოიშალა. ახლა ჩვეულებრივ მოვლენებად ვიღებთ, მაგალითად, იმას, რომ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტი მთავრობის მხარდამჭერებმა მიწაზე დააგდეს და სცემეს, ან იმას, რომ გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს „სრულიად შემთხვევით“ აეროპორტში ყოფილი ძიუდოისტი დაესხათ თავს (ძიუდოისტი უგულავას ძალადობაში აქეთ ადანაშაულებს მაშინ, როდესაც გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს); აღარც ის გვიკვირს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, პოლიცია არ აკავებს და, ფაქტობრივად, მათ იმის საშუალებას აძლევს, რომ ოპონენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილად იქცა. ამ უძირო ავტორიტარიზმის ჭაობიდან თავის დასაღწევად ერთადერთი რეალური შანსი მთლიანი სისტემის დემოკრატიზაცია იყო, რაც პროპორციული არჩევნების დაპირების არშესრულებასთან ერთად მოკვდა (ალტერნატიულ გერმანულ მოდელზე მსჯელობა კვლავაც ჩიხშია).
სასტიკი ძალის და ტელე-ინტერნეტმედია პროპაგანდის გამოყენების გარდა, „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ტიპის არგუმენტებით ცდილობს ლეგიტიმაციის შენარჩუნებას. ქვემოთ ორ ასეთ არგუმენტს განვიხილავ.
„ქართული ოცნების“ პირველი და მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ხელისუფლება სასტიკი გზებით ცდილობს ქვეყანა „დაიცვას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მომავალი ავტორიტარული საფრთხისგან. ცხადია, ეს სათავეშივე მცდარი არგუმენტია, რადგან ავტორიტარიზმით ავტორიტარიზმის დათრგუნვა თვითწინააღმდეგობრივი მტკიცება, ანუ ოქსიმორონია; როგორ შეიძლება დაიცვა ხალხი შესაძლო ავტორიტარიზმისგან, თუკი თავად ხარ უკვე მზარდად ავტორიტარული?! ამავე დროს, ეს არგუმენტი გავლენას მაინც ახდენს ზოგიერთ მოქალაქეზე იმით, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმს თესავს. ზოგიერთი მოქალაქე თავის თავს ეკითხება: „რატომ უნდა ვიბრძოლოთ არსებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, თუკი მისი ალტერნატივაც ავტორიტარულია?“ არსებულ ავტორიტარიზმთან ბრძოლა საფრთხის შემცველია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს თავის გაწირვა, თუკი უკეთესი მომავლის პერსპექტივა არსებობს. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ასეთი პერსპექტივა არ არსებობს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული მმართველობის აღდგენის შანსი დიდია.
სწორედ იმიტომ, რომ შესაძლო ავტორიტარიზმის საფრთხე მინიმუმამდე დავიდეს, „სირცხვილიას“ აქტივისტები თავიდანვე ითხოვდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. პროპორციული სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ვერც ერთი დიდი პარტია ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოაგროვებს. შესაბამისად, მათ მოუწევთ სხვა პატარა პარტიებთან კოალიციაში შესვლა. ასეთი პლურალისტული მმართველობის დროს ხელისუფლების უზურპირება უფრო მეტად რთულია, ვიდრე ახლა. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა (სადაც დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა სუსტია), მსგავსი სისტემა ხელს შეუწყობს დემოკრატიული თამაშის წესებისა და კომპრომისებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ოლიგარქიული მმართველობის და „ბელადოკრატიის“ საფრთხეც თავისთავად შემცირდება, რადგან აზრთა პლურალიზმი და ინტერესთა მრავალფეროვნება გაჩნდება.
მეორე არგუმენტი, რითიც „ქართული ოცნება“ ნიჰილიზმს თესავს და საკუთარ ავტორიტარულ მიდრეკილებებს ირიბად ამართლებს, თავად ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა. ივანიშვილმა 27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემას მთავრობა 20 წელიწადშიც ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ეკონომიკური მიგრაციაა. გამოდის, რომ, ივანიშვილის აზრით, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს და, შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება ავტორიტარული იქნება თუ დემოკრატიული; ყველა შემთხვევაში განწირულები ვართ სიღარიბისთვის. მსგავსი ნიჰილიზმი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ისედაც არსებობს: ქართველების ნაწილს მომავლის აღარ სჯერა.
სინამდვილეში ლაპარაკი იმაზე კი არაა, რომ 10 ან 20 წელიწადში საქართველოსგან გერმანია ან შვედეთი გამოვა. ამის ალბათობა არც ისე დიდია - ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს რომ დავეწიოთ, შესაძლოა, ბევრად მეტი ძალისხმევა და დრო დაგვჭირდეს. ლაპარაკი იმაზეა, რომ საკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში შეგვიძლია დავეწიოთ ისეთ ქვეყანას, როგორიც, მაგალითად, ესტონეთია. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც, ფაქტობრივად, არ აქვს ღირებული ბუნებრივი რესურსები და, ამის მიუხედავად, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითუნარიანობის შესაბამისად) 35 000 დოლარზე მეტია. ესტონეთი უფრო მდიდარია, ვიდრე პორტუგალია (33 000 დოლარი) და რუსეთი (27 000 დოლარი). ამ დროს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 11 000 დოლარია, ანუ ესტონეთზე დაახლოებით სამჯერ ნაკლები! როგორ მოახერხა ამის მიღწევა ესტონეთმა, სადაც მილიონ სამასი ათასი ადამიანი ცხოვრობს? იმით, რომ შექმნა სტაბილური ეკონომიკური გარემო (ავტორიტარული ჩარევებისგან თავისუფალი), მაღალი დონის განათლების სისტემა და სახელმწიფო სერვისები, დაამყარა გრძელვადიანი და მტკიცე კავშირები დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან. ამ ყველაფრის გაკეთება საქართველოსაც შეუძლია.
იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს „ქართული ოცნება“, საქართველოს ნამდვილად აქვს მომავალი. საქართველოს ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად მმართველობის სტრუქტურების დემოკრატიზაციაა საჭირო, რაც ეკონომიკურ შედეგსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს. ამისათვის, პირველ რიგში, საყოველთაო ნიჰილიზმზე უნდა ვთქვათ უარი და საზოგადოების საერთო ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვიყოთ კონცენტრირებული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.