გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გიორგი კეფაშვილი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს. კეფაშვილი ჯერ ოკუპირებულ ოსურ სოფელ ოტრევში გადაიყვანეს, იქიდან კი ცხინვალის იზოლატორში წაიყვანეს. კეფაშვილის ოჯახის წევრებმა ამ დაკავების შესახებ ქართველი პოლიციელებისგან შეიტყვეს.
დაკავებები საოპუპაციო ხაზთან
- სუსის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს.
- გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავების სულ 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.
დაკავებულის მამა, დავით კეფაშვილი, ამბობს, რომ გიორგი სოფლის განაპირას საძოვრად მყოფი საქონლის მოსანახულებლად იყო წასული. სოფლის განაპირას ტერიტორიის ნაწილი მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული, შემოუღობავ მიწის ნაკვეთებში კი შეუძლებელია იმის გარკვევა, სად იწყება ოკუპირებული ტერიტორია. სოფელი ფლავი ოკუპირებულ სოფელ ოტრევს ესაზღვრება და ტერიტორიის დიდ ნაწილზე მავთულხლართებია გავლებული. გიორგი კეფაშვილის ოჯახი ვარაუდობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავად გადმოვიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
კეფაშვილების მეზობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდოდა და საქონელს საკუთარ ბაღთან აძოვებდა. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართების გამო სოფლის მოსახლეობის ნაწილი საკუთარ ნაკვეთებს ვეღარ ამუშავებს და იქ მიახლოებაც კი საფრთხის შემცველია. ფლავის მცხოვრები მანანა ფოსური ამბობს, რომ სოფელი დაუცველია და მუდმივად შიშით უწევთ ცხოვრება.
ფლაველი ახალგაზრდის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“. მიმდინარეობს მოლაპარაკება კეფაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს დროებით კეტავს. ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
„სკოლებში გამოსაშვები საღამოების დროს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით 25 მაისის 20:00 საათიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე არ განხორციელდება მოქალაქეების გაშვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუნქტები მუშაობას 26 მაისის 08:00 საათიდან განაახლებენ.