„პუტინის კოცნა“ (2010, დანია, რეჟისორი ლიზ პედერსენი)
თუკი 2010 წელს გადაღებულ ამ ფილმს (რომელიც მედიაწიგნიერების თავისებური სახელმძღვანელოცაა) ინტერნეტში მოძებნით და ნახავთ, უთუოდ დარწმუნდებით, რომ კარგი დოკუმენტური კინო არა მარტო ასახავს სინამდვილეს, არამედ ისტორიის წინასწარმეტყველებაცაა.
„პუტინის კოცნა“ ლიზ პედერსენის პირველი აღიარებული ფილმია. თუმცა მას პოსტსაბჭოთა რუსეთი დიდი ხანია აინტერესებდა და კინოჩანახატებსაც იღებდა რუს ახალგაზრდებზე. 2007 წელს პედერსენმა მოსკოვში გაიცნო 16 წლის გოგო, მაშა დონკოვა, რომელიც პუტინის მხარდამჭერი ორგანიზაციის, „ნაშის“ აქტივისტი იყო. უმოკლეს დროში მაშამ ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყურადღება მიიპყრო; გოგონა საშუალო კლასის რუსული ოჯახიდან, რომელმაც 15 წლის ასაკში ირწმუნა „ნაშის“ ნათელი მომავალი, მშვენიერი სახე გახდა პუტინის იდეოლოგიის პროპაგანდისთვის. სწორედ მაშას თაობა, „ახალი სისხლი“ სჭირდებოდა პუტინს ძალაუფლების გასაძლიერებლად, რადგან აქამდე ითვლებოდა, რომ მას ძირითადად ის ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვისაც საბჭოთა წარსული ენატრება. მაშას და მის ამბიციურ მეგობრებს არასდროს უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში. ისინი უსმენდნენ თანამედროვე მუსიკას, მშვენივრად ფლობდნენ კომპიუტერს და არც ინგლისურის სწავლა უჭირდათ. ხელისუფლებამ იმ წლებში წარმატებით შეძლო ასეთი ახალგაზრდების ყურადღების მიპყრობა. უფრო სწორად, როგორც კი კრემლმა პირდაპირ მიმართა ამ თაობას, როგორც კი დაჰპირდა, რომ გზას გაუხსნიდა წარმატების და პოპულარობის მოსაპოვებლად, „ნაშის“ რიგები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
წარმატებაზე, ცხადია, მაშა დონკოვაც ოცნებობდა. არსებითად მიაღწია კიდეც თავისას - ერთ შეხვედრაზე მაშამ პუტინი იხილა და აკოცა. მაგრამ საგულისხმოა, რომ პედერსენმა თავის ფილმს დაარქვა „პუტინის კოცნა“, თითქოსდა მაშა და მისი მეგობრები თავად რუსეთის პრეზიდენტმა გადაკოცნა. დანიური დოკუმენტური ფილმის სათაური ერთგვარი მხატვრული ტრიუკია, რომელიც „პუტინის კოცნის“ მთავარი გზავნილი ხდება - ჩვენ ვუყურებთ მთელ პროცესს რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლების განმტკიცებისა, ვუყურებთ, როგორ კოცნის დიქტატორი მთელ ქვეყანას (და არა მარტო თავის ქვეყანას) და, ამავე დროს, ვხედავთ, როგორ იცვლება ფილმის მთავარი გმირი - მაშა დონკოვა. განსაკუთრებით პირველი მარცხის შემდეგ.
დამარცხება, ან თუნდაც პაუზა წარმატების მოპოვების გზაზე, ხშირად, მართლაც რომ მადლი ხდება ადამიანისთვის. მაშას ამ მხრივ ბედმა გაუღიმა. მაგრამ პუტინის ხაფანგში უამრავი სხვა ახალგაზრდა გაება. სხვებთან ერთად - დამარცხებულები, წარუმატებლები. „უფროსმა ამხანაგებმა“ მათ ასწავლეს, რომ რუსეთს შინაც და გარეთაც უამრავი მტერი ჰყავს. ქვეყანა რომ გაძლიერდეს და განვითარდეს, პირველ რიგში ამ ხალხის მხილებაა საჭირო. ასე შემოდის ფილმში მეორე გმირი, ჟურნალისტი ოლეგ კაშინი, რომელსაც „ნაშის“ წევრები თავს დაესხმებიან და სასტიკად სცემენ. მაშა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე იმ კაცს დაუმეგობრდებოდა, რომელსაც მისი თანაგუნდელები ებრძოდნენ.
ბედმა გაუღიმა ფილმის ავტორს, ლიზ პედერსენსაც. იმ ეპიზოდების გადაღებების შემდეგ, რომლებშიც მაშა პუტინის მომხრეთა რიგებშია, „პუტინის კოცნის“ ბიუჯეტი ამოიწურა. პედერსენი დაბრუნდა დანიაში და ახალი სპონსორების ძებნა დაიწყო. დაფინანსების მოპოვების შემდეგ უმალვე გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მას თითქმის რადიკალურად შეცვლილი მაშა დახვდა. ასე შექმნა ცხოვრებამ ფილმის „დრამატურგია“, ასე გადაიქცა რეალური ამბავი კინოდ, რომელმაც ახალგაზრდა ქალის ბიოგრაფია შეინახა. საბოლოოდ კი მივიღეთ ორმაგი ტრანსფორმაცია - ერთი მხრივ, ფილმის გმირისა, რომლის კარიერული კიბე პუტინის კოცნის შემდეგ ნელ-ნელა დაიშალა და, მეორე მხრივ, პუტინისა... მთელი ქვეყანა რომ არსებითად საკუთარ სექტად აქცია.
ამ თვალსაზრისით ისიც საინტერესოა, თუ როგორ ცვლის ისტორია ფილმის მნიშვნელობას. 2010 წელს, როცა „პუტინის კოცნის“ პრემიერა სანდენსის ფესტივალზე მოეწყო, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ საქართველოს შემდეგ პუტინი უკრაინას შეუტევდა. ე.წ. სუვერენული დემოკრატია უკვე მოქმედებდა - პუტინის „ექსპერტებმა“ დასავლეთის დემონიზაციის კამპანია გააძლიერეს და ხელისუფლების მხარდამჭერი „ქუჩის ახალგაზრდების“ არმიაც შექმნეს, მაგრამ დემოკრატიის იმიტაციის პროცესი გრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც „ნაშის“ აქტივისტები „პუტინის კოცნის“ მეორე გმირს, ოლეგ კაშინს გაუსწორდნენ, ძალადობის აქტი კრემლმაც კი დაგმო და მოუწოდა პროკურატურას რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა გამოძიება. მაგრამ პუტინის ხელისუფლებას ახალგაზრდა ექსტრემისტების დასჯა არ აწყობდა. ეს ხალხი მას 2011 წლის გაყალბებულ არჩევნებში, კონტრაქციებისთვის სჭირდებოდა.
„პუტინის კოცნა“ შესანიშნავი კინემატოგრაფიული დოკუმენტია იმის გასაგებად, თუ როგორ დაიწყო ავტორიტარიზმის განმტკიცების პროცესი რუსეთში. რაც მთავარია, ეს მაყურებლის მანიპულაციის და ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე ასახული რეალობაა. თუმცა, ლიზ პედერსენის ფილმი რომც მოძველებულიყო, როგორც მხატვრული ნაწარმოები, „პუტინის კოცნა“ მაინც შევიდოდა კინოს ისტორიაში - კინოკამერამ ხომ ამ ფილმით ერთი ადამიანი, მაშა დონკოვა გადაარჩინა. საგულისხმოა, რომ მაშა, რომელიც „ნაშისთან“ კონფლიქტის შემდეგ რუსეთიდან გადაიხვეწა, მიუხედავად მიწვევისა, არასდროს დასწრებია ფილმის ჩვენებას ევროპასა და ამერიკაში. მართალია, პუტინის პოლიტიკაზე აუგად სიტყვა არ დასცდენია, მაშას არასდროს მიუღია მონაწილეობა დისკუსიებში, რომლებიც „პუტინის კოცნის“ პრემიერის შემდეგ გაიმართა.
რცხვენოდა? თუ ეშინოდა?