„ჰრქუა დამან მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს“, - ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, იოანე 11, 1-45
ახალგაზრდა, თავაღერებული, ნერვულად მოსაუბრე, უბილწესი გინების მთქმელი, უფროსის მორჩილი, რომელსაც მეორედ გამეორება არ სჭირდება... - რა შეიძლება კიდევ გაგახსენდეს ირაკლი ღარიბაშვილის ხსენებაზე? პოლიციის გენერალი სიმამრი; დეპუტატი ცოლისძმა; ცოლის დაწინაურებული ნათესავები, რომლებიც, თურმე, მისი ნათესავები არ არიან; „ბატონ ბიძინასთვის“ იაფად ნაყიდი „ვერტალიოტები“... ასევე შეუძლებელია არ გაგახსენდეს, მისი არსაიდან მოსვლა და არსაით წასლვლა! განა, ვინმემ გამოიცნო, რატომ და საიდან მოიყვანა ან რატომ და სად გაუშვა ბატონმა ბიძინამ ეს უცნაური ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საოცრად მოიხდინა ჰაკიმ-ფაშას ეგზოტიკური სახელი?
რომ ვიცოდეთ ირაკლი ღარიბაშვილის გაშვების მიზეზი, იოლად ჩავწვდებოდით, მისი დაბრუნების აზრსაც, თუმცა ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ სისტემა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეს შვიდი წელია აშენებს, არამდგრადია და, რომ ამ სისტემის წონასწორობიდან ხშირი გამოსვლა, დისკომფორტს უქმნის სისტემის შემქმნელს და მოქმედებისკენ უბიძგებს მას. სწორედ სისტემის არამდგრადობის გამო დასჭირდა ჯერ გიორგი კვირიკაშვილის შეცვლა, მერე საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა სრულიად დამამცირებელი ფორმით. ბოლოს პარლამენტის ცალკეულმა წევრებმა (რომლებსაც მორჩილების გარდა სხვა არაფერი ევალებოდათ) „გამოავლინეს ხასიათი“, მხარი არ დაუჭირეს მოსამართლეების სიას და დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა. ივანიშვილი ხედავს, რომ, ცუდი ამბები უცნაური სიხშირით ხდება მის თავს. შესაძლოა, ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ მისთვის შეუქცევადად ცუდი პროცესები დაიწყო და ამიტომ ცდილობს მოეჭიდოს რამე მყარს.
რა შეიძლება იყოს ეს „რამე“?
ბიძინა ივანიშვილის გატაცების გათვალისწინებით, აქ შეიძლებოდა ხელი წაგვცდენოდა და გვეთქვა, თუ ღარიბი წყალწაღებული ხავსს ეჭიდება, მილიარდერი წყალწაღებული გიგანტურ ხეებს (თუნდაც liriodendron tulipifera-ს) ეჭიდებაო, მაგრამ სინამდვილეში, ვითარება ბევრად უარესია: ივანიშვილი წარსულის ლანდებს ებღაუჭება!
2015 წლის დეკემბერში „ბატონმა ბიძინამ“ ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერმინისტრობამდე შს მინისტრი) ჩაანაცვლა გიორგი კვირიკაშვილით, რომელიც მთავრობის მეთაურად დანიშვნამდე ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამ ცვლილების შედეგად, კვლავ ივანიშვილს რომ დავესესხოთ, შეიცვალა „მთავრობის რიტორიკა“, რომელიც ნაკლებად აგრესიული გახდა, თუმცა, კვირიკაშვილმა „ბატონბიძინას“ მოლოდინი ვერ გაამართლა და მალე მისი ადგილი დაიკავა დაუჯერებლად უენერგიო და უინიციატივო მამუკა ბახტაძემ, რომელმაც ვერც დანიშნულ ლიდერად ივარგა და, შესაბამისად, ვერც მმართველი პარტიისა წიაღსა და ქვეყანაში მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეჩერება შეძლო. საჭირო გახდა წარსულიდან აგრესიული ირაკლი ღარიბაშვლის გამოხმობა (თუ არ უყვარხართ, ეშინოდეთ მაინც?), საჭირო გახდა მისი ხელახლა დაბადება, მისთვის სულის ჩადგმა, თუმცა ეს გააკეთა არა ამომრჩეველმა (ვისაც ხელეწიფება პოლიტიკოსისთვის სიცოცხლის მინიჭება), არამედ ბიძინა ივანიშვილმა, შესაბამისად პოლიტიკოსი ღარიბაშვილიც ხელახლა კი არ დაიბადა, არამედ მკვდრეთით აღდგა, ოღონდ აღდგა როგორც რუსი მწერლის, ლეონიდ ანდრეევის მოთხრობის გმირი ლაზარე, რომელშიც მხოლოდ ხრწნის პროცესი შეჩერდა, სხვა მხრივ კი გვამად (სუნი, ლაქები და ა.შ.) დარჩა. „იმ ქვეყნად“ მას არაფერი უნახავს და მოსაყოლიც არაფერი აქვს. და განა, რა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა ირაკლი ღარიბაშვილმა „არყოფნის“ ოთხი წლის განმავლობაში, რომ ჯერ პარტიაში გააჯანსაღოს ვითარება, შემდეგ კი ქვეყანაში? ხომ ვნახეთ, რაც შეუძლია ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცოცხლებულ სხვა „გვამებს“?
უფრო მეტად დაეყრდნობა პოლიციას, უფრო მეტი ფარული ჩანაწერი გავრცელდება, უფრო მეტად ხისტი იქნება ოპონენტებთან, უფრო მეტი დარღვევებით ჩატარდება არჩევნები და, შესაბმისად, უფრო მეტად მოიწამლება გარემო.
ვითარების თვისებრივად შეცვლა მხოლოდ ამომრჩევლის მიერ სულჩადგმულ და, შესაბამისად, დამოუკიდებელ ლიდერს შეუძლია. ქართული ოცნების ფლანგზე ასეთი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ჯერ ისევ ინარჩუნებს სიცოცხლის სუსტ ნიშნებს, თუმცა „ბატონი ბიძინა“ ცოცხალ ხალხთან მუშაობას, რატომღაც, მის მიერვე გაცოცხლებულ პოლიტიკურ გვამებთან ურთიერთობას ამჯობინებს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საფრთხეს უქმნის მისსავე პოლიტიკურ სოცოცხლეს, რადგანაც, ასეთი ურთიერთობის შედეგად, უმალ ცოცხალი დაემსგავსება მკვდარს, ვიდრე მკვდარი ცოცხალს.