რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი სახელად COVID19, ამის დადგენა რეალურად ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევას, ანუ იგივე ანტისხეულებზე, დაფუძნებულ კვლევას შეუძლია. თუკი ჩატარებული ტესტის შედეგად, ადამიანის სისხლში აღმოჩნდება იმუნოგლობულინი G, ეს ნიშნავს, რომ მან ვირუსი უკვე გადაიტანა. ანუ, გადაიტანა სრულიად უსიმპტომოდ, ან მსუბუქი სიმპტომებით, ექიმისთვის არ მიუმართავს და ის, როგორც კოვიდინფიცირებული, არ დაფიქსირებულა ოფიციალურ სტატისტიკაში.
როგორც უცხოეთში ჩატარებული მსგავსი ტიპის კვლევები ცხადყოფს, კოვიდინფიცირებულთა, უფრო ზუსტად კი იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ვირუსი ისე გადაიტანეს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ინფიცირებულთა ოფიციალურად დარეგისტრირებული რიცხვი.
რა შედეგი აჩვენა სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევებმა?
სეროპრევალენტობის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური კვლევა ესპანეთმა ჩაატარა. გამოცემა „ელ პაი“, 14 მაისს წერს, რომ ესპანეთში ანტისხეულებზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 70 000-ზე მეტი ჯანმრთელი ადამიანი იყო ჩართული, აჩვენა, რომ კორონავირუსი გადატანილი აქვს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს. ანუ, როგორც გამოცემა წერს, თუკი ამ მონაცემებს რიცხვებში გადავიყვანთ, გამოდის, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემამ 90% ინფიცირებულებისა, ვერ გამოავლინა. სეროპრევალენტობის კვლევის გამოქვეყნების პერიოდში, ესპანეთში ინფიცირებულთა ოფიციალური მაჩვენებელი იყო 228,691, სეროპრევალენტობის კვლევა კი აჩვენებს, რომ რეალურად იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელმაც ვირუსი უკვე გადაიტანეს (დიდწილად უსიმპტომოდ ან მცირე სიმპტომებით), შეადგენს 2,350,000 შემთხვევას. პრევენციის მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჰიგიენის საზოგადოების ეპიდემიოლოგი, ხესუს მოლინა კაბრიანა ამ გამოკვლევაზე დაყრდნობით ამბობს: „თუკი 2,350,000 შემთხვევიდან დაიღუპა 27,100 ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ვირუსით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი, დაახლოებით 1,2%-ია“.
გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ განგელტში, აპრილში ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს ჰქონდა გადატანილი. გამოკვლევა ბონის უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. კვლევაში 900 ადამიანი მონაწილეობდა. როგორც გამოცემა „დოიჩე ველე“ 4 მაისს წერდა, თუკი ეს მაჩვენებელი გერმანიის მთელ მოსახლეობაზე გადაითვლება, მაშინ, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირდა მილიონ 800 ათასი ადამიანი, ანუ იმაზე ათჯერ მეტი, ვიდრე ეს რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ არის აღრიცხული.
ადამიანების სისხლში ანტისხეულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი აჩვენა აპრილში, ამერიკაში, ბოსტონის გარეუბანში, ჩელსიში, მასაჩუსეტსის გენერალური ჰოსპიტლის ექიმების, ჯონ ლაფრატესა და ვივეკ ნარანბაის მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ, რომელშიც 200 შემთხვევით შერჩეული ადამიანი მონაწილეობდა. გამოკვლეული ადამიანების 31,5%-ს, ანუ 63 ადამიანს, სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა. ეს მონაცემები მათ გამოცემა „ბოსტონ გლოუბს“ გაუზიარეს. მკვლევრებმა გამოიყენეს კომპანია „ბიომედომიკსის“ ტესტები, რომლის სანდოობა 90%-ით არის განსაზღვრული.
25 მაისს სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევა დაიწყო იტალიამ. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტრომ და სტატისტიკის სააგენტომ, იტალიის წითელ ჯვართან თანამშრომლობით, 25 მაისს დაიწყო სეროპრევალენტობის კვლევა. გამოკვლევაში 2000 პატარა და დიდი ქალაქიდან, 150 ათასამდე ადამიანი იქნება ჩართული. გამოკვლევა მოიცავს 6 ასაკობრივ ჯგუფს.
სეროპრევალენტობის კვლევა და საქართველო
სეროპრევალენტობის კვლევა 22 მაისს დაიწყო საქართველომაც. როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, კვლევის საბოლოო შედეგები 30 მაისს უნდა გახდეს ცნობილი.
ამ ეტაპზე, სეროპრევალენტობის კვლევა თბილისში, თელავსა და ბოლნისში ჩატარდა. კვლევაში თბილისიდან 1000 ადამიანია ჩართული. თელავიდან და ბოლნისიდან კი 150-150. წინასწარი მონაცემებით, ჩატარებული კვლევის შედეგად, სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა 6-10 ადამიანს, ანუ 0,6%-ს - 1%-ს.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ 27 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, აღნიშნული მონაცემები ზოგადი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, რადგან ჩასატარებელია მომდევნო სამუშაოები, რაც ამ მონაცემის საქართველოს მოსახლეობაზე გადათვლას გულისხმობს:
„კვლევა ჩავატარეთ თბილისის მოზრდილ მოსახლეობაში, რომელიც შეადგენს დაახლოებით 860 ათას ადამიანს. კვლევაში მონაწილეობდა 1000 ადამიანი. ამას ნუ ჩათვლით საბოლოო მონაცემად. ჯერჯერობით მხოლოდ შევაგროვეთ მონაცემები. ეს შედეგები მუშავდება, ამას თავის წესები აქვს და ეს მონაცემი შეიძლება მცირედით გაიზარდოს, ან შემცირდეს. ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემის გადათვლა მთელ მოსახლეობაზე. ეს მონაცემი გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვა ქალაქებში ჩატარებული მსგავსი კვლევებისას, მაგალითად, ნიუ იორკში, სადაც ანტისხეულები მოსახლეობის 21 პროცენტს ჰქონდა, ლოს ანჯელესში -4, სტოკჰოლმში კი ერთი კვლევით- 7.5, მეორეთი 10 პროცენტი იყო“.
თბილისში, ბოლნისსა და თელავში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევის დეტალებზე საუბრისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებიც. ხათუნა ზახაშვილმა, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელიც ამ კვლევებს ხელმძღვანელობს, რადიო თავისუფლების კითხვებს ონლაინ-პრესკონფერენციაზე ზოგად ფორმატში უპასუხა. აპირებს თუ არა დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლავ გააგრძელოს სეროპრევალენტური კვლევები და სხვა რეგიონებიც მოიცვას, ამ კითხვაზე პასუხი არ ყოფილა:
„დეტალურად საუბრისგან, ამჯერად, თავს შევიკავებთ, რადგან მონაცემები დამუშავების პროცესშია. უბრალოდ გეტყვით, რომ კვლევა ჩატარებული იყო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებული სიებიდან ასევე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ გამოსაკვლევი პირები. ბოლნისსა და თელავში კვლევა ჩატარდა 18 წელს ზევით მოსახლეობაში. შედეგებმა აჩვენა ის, რასაც მოველოდით. ბოლნისში ერთ შემთხვევაში გამოვლინდა ინფიცირება. თელავში არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა. კვლევა ჩატარდა ორი სწრაფი ტესტის გამოყენებით - ანტიგენსა და ანტისხეულზე დაფუძნებული ტესტებით. ყველა დადებითი შემთხვევა შემდგომ გადამოწმდა PCR მეთოდით. მიღებული შედეგები გაანალიზდება და მოგვიანებით უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით“.
რა შედეგი უნდა აჩვენოს სეროპრევალენტობის კვლევამ, ანუ, მოსახლეობის რამდენ პროცენტს უნდა ჰქონდეს გამომუშავებული ვირუსზე ანტისხეულები, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს და ფართო გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიდეს? - რადიო თავისუფლების ამ კითხვას ონლაინ-პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა:
„საქართველოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგად გამოვლენილი 0,6%, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ძალიან შორს არის ამ მონაცემისგან. თუკი შვედეთის ტაქტიკას მოვიშველიებთ, რომელმაც, პრაქტიკულად, მიუშვა ვირუსი და საბოლოოდ, კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ სტოკჰოლმშიც კი, სადაც ვირუსის დადასტურებული შემთხვევები იყო ძალიან მაღალი, მოსახლეობაში სეროპრევალენტობა იყო დაახლოებით 7%. მოსახლეობის 70%-ს მაინც უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი ამ დაავადებაზე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნორმალურად ჩაითვალოს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით ჯერ, რამდენ ხანს ტოვებს ეს დაავადება იმუნიტეტს. ასე რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის ის მიდგომა, რომ შექმნიდნენ პოპულაციურ იმუნიტეტს და ამით შეაჩერებდნენ დაავადების შემდგომ გადაცემას, არ აღმოჩნდა სწორი. ფაქტი ის არის, რომ, იმის იმედზე ყოფნა, რომ შეიქმნება პოპულაციური იმუნიტეტი და ის დაგვიცავს შემდგომ დაავადების ფართო გავრცელებისგან, ჯერ ყველა ქვეყანა შორსაა და მით უმეტეს ჩვენ, რაკიღა ძალიან ცოტა ინფიცირებული გვყავს და შესაბამისად, ამ ქვეყანაში, სეროპრევალენტობა იქნება ძალიან დაბალი“.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჯიბლაძე ამბობს, რომ სეროპრევალენტობის კვლევის სანდო შედეგების მისაღებად, საჭიროა, რომ კვლევა არა მხოლოდ ორ-სამ ქალაქში, არამედ სხვადასხვა რეგიონში ჩატარდეს:
„თბილისი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქალაქი იყო, ამიტომ თუ გვინდა, რომ მივიღოთ სანდო შედეგი, უნდა ჩატარდეს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ყველაზე დაზარალებულ რეგიონებშიც. ამით მივიღებთ საშუალო რიცხვს და შევძლებთ ვთქვათ, რომ მოსახლეობის 2-მა ან 5-მა პროცენტმა გადაიტანა ვირუსი და აქვთ იმუნიტეტი“.
როგორც სერგო ჩიხლაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ მონაცემის ცოდნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით და სწორედ ამიტომ, მას მიაჩნია, რომ სეროპრევალენტობის კვლევა გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩატარდეს, რადგან სწორედ ანტისხეულებზე დაფუძნებული კვლევის შედეგებია ერთ-ერთი განმაპირობებელი იმ შეზღუდვების შემსუბუქებისა თუ კვლავ გამკაცრებისა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც:
„ამით გზით ჩვენ მიღებთ ინფორმაციას ვირუსის ზოგადი გავრცელების მასშტაბის შესახებ და გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელების ტენდენციები. თუკი ინფექციის მაჩვენებელი ნელ-ნელა დაიკლებს, ეს ნიშნავს, რომ აღარ არის გავრცელების ტენდენცია, საპირისპირო შემთხვევაში კი ეს იქნება სიგნალი, რომ ვირუსი კვლავ გააქტიურებულია და გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი. ამ ტიპის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია სამი მიზეზით: პირველი - რეალური სურათის შესაფასებლად, მეორე - რეალური სტატისტიკის გამოსაყვანად და მესამე - მონიტორინგისთვის, რათა დაიგეგმოს სამომავლო ნაბიჯები“.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება, ანტიგენზე დაფუძნებულ ტესტებსა და სისხლში ანტისხეულების არსებობს, გამოიმუშავებს თუ არა ადამიანი მყარ იმუნიტეტს COVID19-ის გადატანის შემდეგ? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მეცნიერებს ჯერ არ აქვთ. სწორედ ამის შესახებ წერს საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ თავის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში კორონავირუსის შესახებ და მიუთითებს, რომ „სათანადო მგრძნობელობის და სპეციფიურობის ტესტების გამოყენება მოსახლეობაში გადატანილი ინფექციის დონის (პრევალენტობის) დასადგენად მნიშვნელოვანია, თუმცა, ბუნდოვანია ამ ტესტების გამოყენება ე.წ. „იმუნური პასპორტისთვის“ რამდენიმე მიზეზის გამო: სადღეისოდ უცნობია, რამდენად იცავს შექმნილი იმუნური პასუხი ადამიანს განმეორებითი ინფიცირებისგან და რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი“.