როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ნატოს ელჩების შეხვედრაზე გადაწყდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი განკარგულების (NED) მექანიზმის ამოქმედება, რაც ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არ შეეწინააღმდეგა, და ეს არ არის მოსალოდნელი, ამოქმედდება ნატოს საიდუმლო თავდაცვითი გეგმები აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც მთელ აღმოსავლეთ საზღვარს მოიცავს თურქეთის ჩათვლით. ეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გაზრდის საშუალებას მისცემს. შეხვედრისას ელჩებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის თავდასხმით მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი გათამაშდა და დადასტურდა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცნობები იყო 100 პროცენტიანი სიზუსტის. მოსალოდნელია, რომ ნატომ ხვალ ლიდერთა ონლაინ სამიტი მოიწვიოს.
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 24 თებერვალს დამოუკიდებლობის სასახლეში სამხედრო საბჭოს სხდომა გამართა და განაცხადა, რომ ბელარუსი ჯარისკაცები არ იღებენ მონაწილეობას დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში.
ამასთან ლუკაშენკამ აღიარა, რომ მან სთხოვა პუტინს, რომ ერთობლივ წვრთნაში, „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში, მონაწილეობის მისაღებად რუსეთიდან გადასროლილი სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი ბელარუსში დაეტოვებინა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო "უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ახალი ტალღის შესახებ" განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ჯარები უტევენ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს სხვადასხვა მიმართულებით. უკრაინამ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გაააქტიურა თავდაცვის უფლება და ამასთან, უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს.