Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევანი და ნიკოლოზი - ორი სიკვდილის ერთი ამბავი


უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ნიკოლოზ გელენიძე და ლევან ლობჟანიძე
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ნიკოლოზ გელენიძე და ლევან ლობჟანიძე

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, 48 წლის ლევან ლობჟანიძე და 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე, გარდა ომში ბრძოლისა და სიკვდილისა, სხვა ამბავმაც დააკავშირა ერთმანეთთან. 15 ნოემბერს, ნიკოლოზი, რამდენიმე დღის წინ დაღუპული ლევანის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა ცხელი წერტილიდან, როდესაც საარტილერიო დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.

ნიკოლოზ გელენიძის ცხედარს საქართველოში 25 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენებენ. ლევან ლობჟანიძის ცხედარი კი, უკრაინაში მებრძოლი ქართველების ცნობით, სოფელ კლიშჩიივკასთან, სხვა ცხედრებთან ერთად, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში რჩება.

ყოველ დილით მწერდა, რომ არ მედარდა

თაკო ლობჟანიძე მამას უკანასკნელად გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, 26 ოქტომბერს, დილით ელაპარაკა. ეს მათი ყოველდღიური რუტინა იყო - დილა-საღამოს ლაპარაკი. ხან ვიდეოზარით, ხან ისე, მიწერ-მოწერით. მთავარი იყო, რომ ერთმანეთის ამბავი გაეგოთ.

„იცოდა, რომ განვიცდიდი და რომ არ მენერვიულა, ფაქტობრივად, ყოველწამიერი ურთიერთობა გვქონდა. სამსახური, ამინდი, ყოველდღიური წვრილმანი, ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემს გვერდით იყო. 25 ოქტომბრის საღამოსაც, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, უკრაინიდან მაკვალიანებდა, რა წამალი უნდა მიმეცა ჩემი შვილისთვის, რომელიც გაცივდა და ავად იყო“.

კიდევ უფრო მეტი სიმშვიდისთვის, ლევან ლობჟანიძე შვილს ომში, თავის საცხოვრებელ გარემოსაც ხშირად ათვალიერებინებდა ხოლმე:

„სახლში იყო თუ გარეთ, ბუნებაში, ყოველთვის სიმშვიდეში იყო. მაჩვენებდა, რომ არაფერი აკლდა, კარგად იყო. სულ ხუმრობდა და იმდენად ამსუბუქებდა მდგომარეობას, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც, უკანასკნელად დამელაპარაკებოდა... მამა 27 ოქტომბერს დაიღუპა“.

ლევან ლობჟანიძე სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც აფხაზეთში იბრძოდა. მისი შვილი ამბობს, რომ საბრძოლო სულისკვეთება მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევდა.

უკრაინაში თურქეთიდან, 2022 წლის ზამთარში წავიდა. ბოლო წლების განმავლობაში სწორედ იქ მუშაობდა.

48 წლის ლევან ლობჟანიძე უკრაინაში მოხალისედ ჩასვლის შემდეგ, თავდაპირველად „ქართულ ლეგიონში“ ირიცხებოდა. რამდენიმე თვის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმში, „თბილისში“ გადავიდა, რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის „კარპატსკი სიჩის“ ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ შვილები მამის ომში წასვლის წინააღმდეგნი იყვნენ, მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს:

„პირადად რამდენს ვეხვეწებოდი, მაგრამ ვერ ისვენებდა. ომი რომ დაიწყო და ნახა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები, მეგობრები წავიდნენ უკრაინაში, მათთან ინტენსიური ურთიერთობა გააბა. ჩემი ძმები იქ არიან, ჩემი გასაკეთებელი მე უნდა გავაკეთო და აქ ვერ გავჩერდებიო“, - სწერდა თურქეთიდან შვილებს.

„რომ ვეუბნებოდი, ნუ აიტკიე აუტკივარი თავი-მეთქი, მპასუხობდა, არა, თქვენს წინაშე უნდა ვიყო ამაყიო. სექტემბერში, მამაცობისთვის წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვეს. მიგზავნიდა ფოტოებს, უხაროდა. იყო ძალიან ბედნიერი და მართლა ამაყი“.

ლევან ლობჟანიძე ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მიღებული ჯილდოთი
ლევან ლობჟანიძე ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მიღებული ჯილდოთი

ლევან ლობჟანიძის სიკვდილის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ქართველ დაღუპულ მებრძოლებზე, რუსული წყაროები ავრცელებდნენ ცნობებს: „მოკლულია კიდევ ერთი ქართველი დაქირავებული "ბოევიკი". ეს ფრაზა თაკო ლობჟანიძისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია:

„მამაჩემი არ იყო რიგითი დაქირავებული მებრძოლი. მამაჩემს სულ სხვა მოტივი ამოძრავებდა - მტრის დამარცხება, რომელთან ბრძოლაც ჯერ კიდევ აფხაზეთში დაიწყო. მამას არ ჰქონდა ის მდგომარეობა, რომ ფულის გამო წასულიყო ომში. ჰქონდა თავისი საქმე თურქეთში და ფულის საჭიროება ნამდვილად არ ედგა. ძალიან ძნელია, როცა ასეთ რამეს კითხულობ მოკლულ მამაზე“.

ლევან ლობჟანიძის ცხედრის ცხელი წერტილიდან გამოსვენების თაობაზე ოჯახს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან. თაკო ლობჟანიძის თქმით, ოჯახი იმედს არ კარგავს, რომ მისი ცხედრის გამოსვენება ცხელი წერტილიდან მალე მოხერხდება.

მისივე თქმით, მამა დეკემბერში, შვებულებით გეგმავდა სახლში დაბრუნებას. უკრაინაში ბრძოლას კი ომის დამთავრებამდე, გამარჯვებამდე აპირებდა.

ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, რომ წინა ხაზზე იყო

ლევან ლობჟანიძის ოჯახისთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა 31 წლის ნიკოლოზ გელენიძის სიკვდილის ამბავი, რომელიც სწორედ ლევანის ცხედრის გამოსვენების ოპერაციისას მოყვა საარტილერიო დაბომბვაში და ადგილზე დაიღუპა:

„ახლა ნიკას ცხედრის ჩამოსვენებას ველოდებით. ნიკა და მამა ერთ დანაყოფში იყვნენ. ნიკას დაღუპვის ამბავი ჩვენთვის მეორე და არანაკლებ დიდი ტრაგედია იყო. ჩვენ ყოველთვის იმას ვუსვამთ ხაზს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამის ცხედრის დაბრუნება გვინდა და დღეებს ვითვლით, არ გვინდა, რომ მისი ცხედრის გამოსვენებას კიდევ ვინმე შეეწიროს. ჯერ მამის სიკვდილი არ გვქონდა გადახარშული და ნიკას ამბავი დაემატა. თან ნიკაც ჩემი ასაკის იყო და ასეთ ასაკში, ასე სიკვდილი“... მეუბნება თაკო ლობჟანიძე.

აფხაზეთიდან დევნილ, 31 ნიკოლოზ გელენიძის ცხედარს ოჯახის წევრები და ახლობლები 25 ნოემბრის დილას დახვდებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ფოთში გადაასვენებენ. იქ, სადაც ახლა მისი ოჯახი ცხოვრობს.

მამის ცხედარს სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდება.

ნიკოლოზ გელენიძის პანაშვიდი კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაში
ნიკოლოზ გელენიძის პანაშვიდი კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაში

ნიკოლოზ გელენიძე, ლევან ლობჟანიძის მსგავსად, სპეციალური დანიშნულების რაზმის, „თბილისის“ რიგებში იბრძოდა.

როგორც მისი ძმა, დავით გელენიძე მეუბნება, ამ რაზმში ის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადავიდა:

„როგორც შევიტყვეთ, თავდაპირველად სხვა დანაყოფში ყოფილა, რომელიც შედარებით უკანა ხაზზე იბრძოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ თვითონ მოუთხოვია, სხვა დანაყოფში, წინა ხაზზე გადაყვანა“.

ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში სექტემბრის დასაწყისში ისე წავიდა, რომ ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ:

„დედას უთხრა, რომ პოლონეთში სამუშაოდ მიდიოდა. მე კი მითხრა, პოლონეთში მივდივარ, სამთვიან სამხედრო კურსებზე და სამი თვის შემდეგ დავბრუნდები სახლშიო. პატარაობიდანვე ჯიუტი იყო. რასაც ჩაიფიქრებდა, ის უნდა შეესრულებინა. უკრაინაში რომ ჩავიდა, მერე დაურეკა დედას და უთხრა, სადაც იყო. ყოველ საღამოს ურეკავდა, რა თქმა უნდა, არ ეუბნებოდა, რომ წინა ხაზზე იბრძოდა. ამშვიდებდა, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ უკან ვართ და არანაირი საფრთხე არ გვემუქრებაო. ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, რომ წინა ხაზზე იყო“.

2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, საომარ მოქმედებებში 57 ქართველი მოხალისე დაიღუპა. მათ შორის რამდენიმე მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათი ცხედრები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.

XS
SM
MD
LG