Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უკვდავი პოლკი" თუ უკვდავი "ზომბი"?


9 მაისს საბჭოთა კავშირის ხელისუფლება აღნიშნავდა გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე, იმართებოდა „სამხედრო პარადი“, რომელსაც იბარებდა ჯერ სტალინი, მერე - ხრუშჩოვი, ბრეჟნევი... ომის ვეტერანები იკრიბებოდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, იხსენებდნენ დაღუპულ თანამებრძოლებს, მღეროდნენ „კაწიუშას“ და ა.შ. მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა, ომის ვეტერანებიც თითო-ოროლაღა შემორჩნენ და 9 მაისის აღნიშვნამაც ბუნებრივად დაკარგა დიდებულება. ქერჩის სრუტეში, დასავლეთ უკრაინაში, ბელორუსიის ჭაობებში, უნგრეთის ქალაქებსა თუ ბერლინის მისადგომებთან დაღუპული თუ გადარჩენილი პაპა-ბებიები საოჯახო ალბომებად და ცალკეული ოჯახების მინავლულ ტკივილებად იქცნენ. ნელ-ნელა ისტორიას ჩაბარდა როგორც საბჭოთა კავშირი, ასევე „ევროპის განმათავისუფლებელი“ წითელი არმია - გენერლები, ოფიცრები, ჯარისკაცები...

თუმცა ვითარება შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ისეთი მასშტაბით დაიწყო მოსკოვმა 9 მაისის აღნიშვნა, თითქოს ამდენი დრო არ გასულა, თითქოს საბჭოთა კავშირი არ დაშლილა, თითქოს სტალინი არ მომკვდარა... ომის ვეტერანთა გამქრალ არმიასაც იოლად მოუძებნეს შემცვლელები „უკვდავი პოლკის“ წევრების - ომის მონაწილეთა შთამომავლების - სახით. თანაც, როგორც ყოველთვის, მოსკოვი ამჯერადაც არ შემოიფარგლება მხოლოდ თავისი ქვეყნით და ყველანაირად ცდილობს „პარადის“ ჩატარებას როგორც ყოფილ საკავშირო რესპუბლიკებში, ასევე ე.წ. ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების (აღმოსავლეთ ევროპის) ქვეყნებში.

9 მაისს რუსეთი ცდილობს წარმოჩინდეს თავისი სანატრელი სახით - საბჭოთა კავშირად, რომლის ლიდერი აღლუმებს იბარებდა დედამიწის მეექვსედზე და წყვეტდა სამყაროს ბედს, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხს.

საბჭოთა კავშირი არ ყოფილა მასში შემავალი რესპუბლიკების „ძმური კავშირი“, როგორც ეს ჰიმნსა და კონსტიტუციაში ეწერა, არ ყოფილა დამოუკიდებელი ქვეყნების პარციალური ჯამი. კომუნისტურმა რუსეთმა წინამორბედზე მეტი სისასტიკითა და ენთუზიაზმით შეაგროვა რუსეთის იმპერიის ნაწილები და დაარქვა მას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი და მასში შემავალი ერებიც პირობითად ინარჩუნებდნენ თავიანთ ეროვნულობას. ერთგვარი შიდამოხმარების პირობითობა იყო „ქართველობა“, „უზბეკობა“, „უკრაინელობა“, „ყაზახობა“, „სომხობა“ და ა.შ. რომელიც აზრსა და შინაარსს კარგავდა საბჭოთა კავშირის გარეთ, დანარჩენ სამყაროში.

რა ეროვნების იყო საბჭოთა მოქალაქე? - ამ კითხვას მისდა უნებურად ზუსტი პასუხი გასცა მექსიკაში საბჭოთა კავშირის საელჩოს ერთმა რიგითმა თანამშრომელმა ქალმა, სახელად ლუსიამ, რომლის შესახებაც თავის მოგონებებში წერდა კინორეჟისორი გიორგი დანელია. ამბავი ხდება მექსიკაში, ერთ-ერთ კინოფესტივალზე 1961 წელს:

რუსი? - მეკითხება მექსიკელი კოლეგა გვარად ფერნანდესი.

ქართველი!

რუსი. - თარგმნის ლუსია.

საბჭოთა კავშირიც ეს იყო, როცა ლუსია წყვეტდა დედამიწის მეექვსედზე ვინ იყავი, რა გინდოდა და როგორ უნდა მოქცეულიყავი.

როგორც უკვე ვთქვით, 9 მაისს რუსეთი წარმოჩინდება თავისი სანატრელი სახით - საბჭოთა კავშირად, რომლის ლიდერი აღლუმებს იბარებდა დედამიწის მეექვსედზე და სამყაროს ბედს, მის ყოფნა-არყოფნის საკითხს წყვეტდა. 9 მაისს ასეთად ხედავს საკუთარ თავს მოსკოვი, მაგრამ სინამდვილეში (ტერიტორიის, შეიარაღების, ეკონომიკის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით) რუსეთი, ცხადია, არ არის საბჭოთა კავშირი, ის უფრო "ზომბია" - საფლავიდან წამომდგარი საბჭოთა კავშირი, ისევე როგორც ვლადიმირ პუტინია "ზომბი-სტალინი" და „უკვდავი პოლკი“ - "ზომბი-წითელი არმია".

ცხადია, ჩვენი პაპები და ბებიები გმირები იყვნენ, როცა მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლეს სწირავდნენ; ცხადია, მათი ხსოვნა ძვირფასია ჩვენთვის და ასევე ცხადია, რომ 9 მაისსაც შეიძლება მათთვის განსაკუთრებული პატივის მიგება, მაგრამ, განა, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ყოველივე ამას "ზომბი-სტალინის" მიერ ორგანიზებულ "ზომბი-წითელი არმიის" (ე.წ. „უკვდავი პოლკის“) მსვლელობასთან?

"ზომბი-საბჭოთა კავშირის" სამიზნეში დღეს შენი სამშობლოა. "ზომბი-სტალინი" შენი სამშობლოს ხელახლა ოკუპაციას ცდილობს. აქამდე მხოლოდ მეხუთედის ოკუპაცია მოახერხა, დანარჩენის წასაღებად კი შენი დახმარება სჭირდება, შენი, რადგანაც მხოლოდ შენ შეგიძლია მისი არმიის შევსება შენი წინაპრების "ზომბ-წითელარმიელებად" ქცევით, რომელთა გვერდით აუცილებლად იდგებიან საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული ტურისტები в штатском და გულზეც აუცილებლად ექნებათ დაბნეული „გიორგის ლენტები“, როგორც გლუვი მავთულხლართები. გადახედე საქართველოს ისტორიას, გაიხსენე 1921, 1924, 1989, 1992-93, 2008 წლების სისხლიანი ამბები, ნუ ანაცვალებ შენს ცოცხალ სამშობლოს საფლავიდან წამომდგარ "ზომბ-საბჭოთა კავშირს", ნუ ჩაეწერები „უკვდავ პოლკში“, ნუ აქცევ შენს ძვირფას, გარდაცვლილ წინაპარს "ზომბად", რომელიც თავის ქვეყანას და თავის შთამომავლებს მიაყენებს სასიკვდილო ზიანს!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG