მიუხედავად ჰოლოკოსტის საშინელებისა, ისიც ფაქტია, რომ ნაცისტების მიერ აგებული სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკები, როგორც პოპულარული ტურისტული მისამართები, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, ვიდრე ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს. აფერხებს თუ არა ტურისტულ მისამართად გადაქცევა ისტორიის, კერძოდ, ნაცისტების ჩადენილი დანაშაულების გააზრებას? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ისტორიკოსი ტომაშ ფედოროვიჩი, ტერეზინის მემორიალის წარმომადგენელი.
ტომაშ ფედოროვიჩი: „აქ ადრე იყო მცდელობა და არათუ მცდელობა, ზოგიერთი ნივთი, როგორც მახსოვს, დაიკარგა ჩვენი არქივიდან და მიმდინარეობდა გამოძიება. მაგრამ ახლა ამის საფრთხე მინიმიზებულია ტერეზინის ობიექტის დაცვის წყალობით. რაც შეეხება ე.წ. ჰოლოკოსტის ტურიზმს, იცით, ადამიანი ცდილობს ძალიან სწრაფად დაათვალიეროს ყველაფერი და ვერ ახერხებს ღრმად ჩასწვდეს ყველა იმ საშინელებას, რაც საკონცენტრაციო ბანაკში ხდებოდა. ასე რომ არ იყოს, იგი არ გადაიღებდა სელფებს კრემატორიუმის წინ.
როცა ადამიანი გადარბენაზეა და უნდა ყველაფერი ნახოს, მას არ ჰყოფნის დრო, რომ გაიაზროს, ჩასწვდეს იმ საშინელებასა და ტანჯვას, რასაც აქ ჰქონდა ადგილი. როდესაც აქ სამი საათით ჩამოხვალ გიდთან ერთად, ეს არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, ადამიანს მეტი დრო საჭირდება იმის გასაცნობიერებლად, თუ რა ტრაგედია თამაშდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში“.
კობა ლიკლიკაძე: რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა?
ტომაშ ფედოროვიჩი: „მიხარია, რომ ჩეხეთში აღინიშნება ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავ და ვგრძნობ, თუ რამდენად კლებულობს პატივისცემა სხვა ადამიანის სიცოცხლის მიმართ. მრავალი წლის წინანდელი გამოცდილება ნათლად გვიჩვენებს, თუ რით მთავრდება სხვა ადამიანის მიმართ უპატივცემულობა. ცნობილ მწერალ კლაივ ლუისს ძალიან საინტერესო დაკვირვება აქვს სიმართლეზე, დემოკრატიასა და ცხოვრებაზე. მისი აზრით, ტოტალიტარულ რეჟიმსა და დემოკრატიას შორის სხვაობა უკვდავებას უწყობს ხელს.
თუ ამოვალთ იქიდან, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 70 წელს შეადგენს, მაშინ ერი და სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, ვიდრე ინდივიდი. მაგრამ თუ ქრისტიანობა და იუდაიზმი მართლები არიან და თუ ადამიანი უკვდავია, მაშინ უფრო დიდი მნიშვნელობა ინდივიდს ენიჭება.
ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი მცდელობა ადამიანის უნიკალურობა მსხვერპლად შეეწიროს რომელიმე იდეოლოგიას, მივა იქამდე, სადამდეც მივიდა ნაცისტური რეჟიმი, რომელიც სპობდა ებრაელებს, ბოშებსა და ნაციზმის პოლიტიკურ ოპონენტებს.
ამიტომ არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი აღვნიშნავდეთ ჰოლოკოსტის დღეს, არამედ მომავლისთვისაც“.
კობა ლიკლიკაძე: თქვენ ახსენეთ ტოტალიტარიზმის დანაშაულები. მეორე მსოფლიო ომის დროს და მერეც ასეულ ათასობით ადამიანი დაიღუპა საბჭოთა ბანაკებში. რამდენად კარგად არის შესწავლილი კომუნიზმის სასტიკი დანაშაულები, როგორ ფიქრობთ?
ტომაშ ფედოროვიჩი: “საერთო წარმოდგენა, რა თქმა უნდა, არსებობდა. მოქალაქეებმა ზოგადად იცოდნენ, თუ რა დანაშაულებს სჩადიოდა ყოფილი კომუნისტური რეჟიმი აქ, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მაგრამ 1980-იანი წლების რევოლუციის შემდეგ, ჩემი აზრით, არ აღმოჩნდა საკმარისი ნება, რომ ფარდა ახდოდა ისტორიის ამ საიდუმლოს. ესაა ტვირთი, რომლის სიმძიმეს, ცხადია, ახლაც განვიცდით“.
კობა ლიკლიკაძე: ინტერნეტში უმარავი წყაროა, სადაც ტერეზინს ერთნი მოიხსენიებენ როგორც საკონცენტრაციო ბანაკს, მეორენი კი მხოლოდ როგორც გესტაპოს საჩვენებელ საპატიმროს. რაში მდგომარეობს ტერეზინის ძირითადი თავისებურება?
ტომაშ ფედოროვიჩი: „ტერეზინში მდებარეობდა ორი სადამსჯელო ობიექტი. ერთ-ერთი იყო პატარა ციხესიმაგრე, რომელშიც განთავსებული იყო პრაღის გესტაპოს საპატიმრო. იქ პატიმრობაში იმყოფებოდნენ, პირველ რიგში, პოლიტპატიმრები, ნაცისტური რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები. პატარა ციხესიმაგრე ამოქმედდა 1940 წლის ივნისიდან. ხოლო გეტო, რომელიც გაიხსნა იმავე წლის 31 ნოემბერს, მიზნად ისახავდა პროტექტორატში მცხოვრები ებრაელების ერთ ადგილას თავმოყრას და მათ განადგურებას შიმშილით, საშინელი საყოფაცხოვრებო პირობებითა და იმ დაავადებებით, რაც აქ იჩენდა თავს.
ამ გეტოს მართავდა ჩეხეთის უშიშროების მთავარი ორგანო და აქ მოჰყავდათ არა მხოლოდ ჩეხეთის პროტექტორატში, არამედ მთელ ოკუპირებულ ევროპაში მცხოვრები ებრაელები - გერმანიიდან, ავსტრიიდან, სლოვაკეთიდან და ჰოლანდიიდან. პოლონეთიდან, ბიალოსტოკიდან აქ ეშელონით ჩამოჰყავდათ ბავშვები, რომლებიც შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპნენ ოსვენციმში - ისინი დახოცეს გაზის კამერებში“.
კობა ლიკლიკაძე: რა არის ცნობილი ტერეზინის მსხვერპლისა და ცოცხლად გადარჩენილების შესახებ?
ტომაშ ფედოროვიჩი: „ტერეზინში, მთლიანობაში, 140 ათასი პატიმარი იმყოფებოდა. ტერეზინის გეტო 140 ათასმა ადამიანმა გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყოველი მეოთხე დაიღუპა. ძირითადად ესენი იყვნენ ხანდაზმული გერმანელი და ავსტრიელი ებრაელები. რომ ავიღოთ 1942 წელი, მხოლოდ ერთ წელს მოკვდა აქ 14 ათასი გერმანელი და ავსტრიელი ებრაელი. ასეთი იყო განადგურების მასშტაბი ტერეზინის გეტოში.
ერთ-ერთმა გერმანელმა ისტორიკოსმა ტერეზინს უწოდა ნაცისტური გერმანიის სანახევროდ დავიწყებული ისტორია და ეს სიმართლეა.
ისტორიაში ტერეზინი ცნობილია როგორც ადგილი, სადაც უკრავდნენ მუსიკას, ამზადებდნენ საკრავ ინსტრუმენტებს, მაღალ დონეზე იდგა კულტურა და ეწყობოდა ბავშვების ნახატების გამოფენა.
მაგრამ ტერეზინი, პირველ ყოვლისა, იყო ადგილი, სადაც ადამიანებს ამცირებდნენ, სადაც ადამიანები იტანჯებოდნენ და კვდებოდნენ. და არა, უბრალოდ, კვდებოდნენ, არამედ ხდებოდა მათი დეპორტაცია აღმოსავლეთში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც მათ ხოცავდნენ.
ასეთი საკონცენტრაციო ბანაკები იყო ოსვენციმი და ტრებლინკა, სადაც ვარშავის გეტოს განადგურების შემდეგ გადაჰყავდათ ებრაელები. კიდევ უფრო აღმოსავლეთით, მინსკთან ახლოს, მდებარეობდა მალი ტროსტინეცის საკონცენტრაციო ბანაკი. ამიტომ ზუსტად არავინ იცის, თუ რომელ ბანაკში პოვეს თავისი აღსასრული ტერეზინიდან დეპორტირებულმა პატიმრებმა“.
კობა ლიკლიკაძე: თქვენ თქვით, რომ ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკი, მთლიანობაში, 140 ათასმა კაცმა გაიარა. იყვნენ თუ არა მათ შორის პატიმრები საბჭოთა კავშირიდან?
ტომაშ ფედოროვიჩი: „სპეციალური ტრანსპორტით საბჭოთა მოქალაქეები ტერეზინში არასოდეს ჩამოუყვანიათ. მხედველობაში მაქვს დრო 1945 წლის 20 აპრილამდე. საბჭოთა მოქალაქეები ტერეზინში ამის შემდეგ მოვიდნენ, ე.წ. საევაკუაციო გადაყვანის ფარგლებში. ომის დასასრულს, ფრონტის ხაზის ცვლილებასთან ერთად, ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკების წმენდა, ხოლო ქანცგაწყვეტილ პატიმრებს აიძულებდნენ ე.წ. სასიკვდილო მარშით ევლოთ შორეულ გზებზე. აი, ასეთი სასიკვდილო მარშის ფარგლებში, ზოგიერთმა მათგანმა ტერეზინამდეც მოაღწია. მათ შორის, ცხადია, იყვნენ საბჭოთა მოქალაქეებიც“.