Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსების გასათეთრებლად მძღოლებს 500-დან 1000-მდე ლარის დამატება მოუწევთ


„700 ლარი? 700 ლარად ვინ რას გადაგიღებავს? ნორმალურად რომ შეიღებოს მანქანა სულ ცოტა 1200 ლარი მაინც გინდა. უფრო მეტიც, 2000. აი, წითელი მანქანა რომ მომიყვანონ, ხელსაც არ მოვკიდებ. მაგაზე რა საღებავიც დაიხარჯება, იმდენს რას გადაიხდის ტაქსის მძღოლი“, - ამბობს გიორგი ჩიტაძე, რომელიც რამდენიმე წელია მანქანების მღებავად მუშაობს. სავარაუდოდ, გიორგის მომდევნო თვეებში ტაქსის არაერთი მძღოლი მიაკითხავს მანქანის თეთრად გადასაღებად.

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ლიცენზირებულმა ტაქსის მძღოლებმა, რომლებსაც სურთ, რომ ქუჩაში დამოუკიდებლად, ოპერატორების გარეშე, ტაქსის ტრაფარეტის დახმარებით აიყვანონ მგზავრები, 2019 წლის 10 აგვისტომდე მანქანები თეთრად უნდა გადაღებონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სანებართვო პირობის დარღვევისთვის 100 ლარით დაჯარიმდებიან.

ტაქსების თეთრად გადასაღებად განკუთვნილი 700 ლარიანი ვაუჩერების გაცემა პირველი მარტიდან დაიწყო.

ვაუჩერებს „ვისოლის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმა“ გასცემს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, რომელიც გულისხმობდა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე (მოძრავ და უძრავ ქონებაზე) და ასევე ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსებას.

700 ლარიანი ვაუჩერის მიღების სანაცვლოდ, ტაქსის მძღოლები იღებენ ვალდებულებას, რომ ორი წლის განმავლობაში, საკუთარ ავტომობილებზე განათავსონ კომპანია „ალმას“ მიერ მიწოდებული სარეკლამო ბანერები.

ლადო ლომსაძე
ლადო ლომსაძე

როგორც კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლადო ლომსაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, ვაუჩერის მიღების შემდეგ, ტაქსის მძღოლები თავად, საკუთარი სურვილით შეარჩევენ იმ პუნქტებს, სადაც მანქანებს გადაღებავენ:

„მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი. ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიაკითხონ მათთვის სასურველ ნებისმიერ ინდივიდუალურ მეწარმეს თუ იურიდიულ პირს, შეთანხმდნენ ფასზე და მიიღონ მომსახურება. შესაძლოა, ჩაეტიონ 700 ლარში. თუმცა, ისიც შესაძლოა, რომ თანხის დამატება მოუწიოთ“.

ბექა 5 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. მუშაობს როგორც ტაქსების ოპერატორ კომპანიასთან, ისე დამოუკიდებლად, ტაქსის ტრაფარეტით. ამბობს, რომ მხოლოდ კომპანიასთან თანამშრომლობით ვერ აგროვებს იმდენ შემოსავალს, რომ ბანკის ვალი გაისტუმროს, ამიტომ ახლა იძულებულია, რომ წითელი ფერის ავტომობილი თეთრად გადაღებოს. მანქანის გადასაღებად გარდა თანხის დამატებისა, დროც სჭირდება, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„ალბათ 10 დღით მაინც მომიწევს მანქანის გაჩერება. ეს კი ნიშნავს, რომ 10 დღის განმავლობაში სამსახურის გარეშე და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე ვრჩები. ყოველი თვის ბოლოს ბანკში სოლიდური თანხის შეტანა მიწევს, რაც ისედაც მძიმე ტვირთად მაწევს. ერთის მხრივ, ვეთანხმები იმ აზრს, რომ ქალაქში ერთი ფერის ტაქსები მოძრაობდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი მდგომარეობაც ხომ გასათვალისწინებელია?“

49 წლის კობა არ აპირებს მანქანის გადაღებვას. ამბობს, რომ ურჩევნია, გაყიდოს ავტომობილი და თეთრი მანქანა იყიდოს:

„700 ლარად მანქანას ვერ გადავღებავ. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, აფუჭებ მანქანას და მერე გაყიდვა რომ მოგინდეს, კაპიკებში უნდა გადააგდო“.

აღსანიშნავია, რომ 700 ლარიანი ვაუჩერი ეკუთვნით იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც ტაქსის მართვის ლიცენზია აიღეს 2018 წლის 11 ოქტომბრამდე. ასეთი ტაქსის მძღოლების რაოდენობა 17 ათასზე მეტია. მათ მცირე ნაწილს უკვე ჰყავს თეთრი ფერის ავტომობილი. 700 ლარიანი ვაუჩერი კომპანია „ალმასგან“ 15 000-მდე ტაქსის მძღოლმა უნდა მიიღოს.

2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებს

A კატეგორიის ტაქსის სტანდარტული მონაცემებია:

  • თეთრი ფერი
  • ტექნიკური ინსპექტირების მქონე
  • მარცხენასაჭიანი
  • ხუთკარიანი

ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშნით მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“

B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს არ მოეთხოვებათ ავტომობილის თეთრ ფერად გადაღებვა და ისინი კლიენტებს მოემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ ტაქსის აპლიკაციის სერვისის მეშვეობით.

XS
SM
MD
LG