Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი 1945 წლის მაისში


1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გენერალი ივან სუსლოპაროვი (საბჭოთა კავშირის სამხედრო მისიის ხელმძღვანელი მოკავშირეების კარზე) ცივ ოფლში იღვრებოდა. აიზენჰაუერი მას სთხოვდა ხელი მოეწერა გერმანული სამხედრო ძალების კაპიტულაციის აქტზე. შეშინებული სუსლოპაროვი ნებართვის თხოვნით მოსკოვში სასწრაფო დეპეშას აფრენს. ვინაიდან მოსკოვიდან პასუხი იგვიანებდა, სუსლოპაროვი საბოლოოდ იძულებული იქნება, კაპიტულაციის აქტზე საკუთარი ხელწერა დაესვა. და აი, ზუსტად ამ დროს, მოვა სტალინის დიდი „НЕТ“ კრემლიდან. სუსლოპაროვის თავნებობით უკმაყოფილო, ჯუღაშვილი წერტილს დაუსვამს „ურჩი“ გენერლის კარიერას (და არა სიცოცხლეს), ხოლო მოკავშირეებისგან მოითხოვს კაპიტულაციის აქტის გამეორებას ბერლინში, რომელიც ერთი კვირა უკვე წითელი არმიის ხელში იყო.

კაპიტულაციის აქტზე განმეორებითი ხელმოწერა არ იყო სტალინის უბრალო კაპრიზი - ამგვარად მას უნდოდა მოკავშირეებისთვის ეჩვენებინა, რომ ვერმახტს ხერხემალი მისმა არმიამ გადაუტეხა და შესაბამისად ეს გამარჯვება პირველ რიგში მას და არა ვაშინგტონს ეკუთვნოდა.

მაგრამ რა მიზნის მიღწევა სურდა სტალინს ამ გამარჯვებით? ან რის გაკეთება შეეძლო სტალინს 1945 წელს საკუთარი ექვს მილიონიანი არმიით, რომელიც 10 ათასი პირველხარისხოვანი ტანკითა და 20 ათასი თვითმფრინავით იყო აღჭურვილი? ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა სიტუაცია 1945 წლის ცხელ ზაფხულს.

1945 წლის იანვრიდან მოყოლებული სტალინი ძალის პოზიციიდან ელაპარაკებოდა მოკავშირეებს და მუდმივად ატყუებდა მათ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. ვარშავაში და ბუქარესტში კრემლის მიერ ორგანიზებული გადატრიალება და პოლონეთის სამხედრო თუ პოლიტიკური ელიტის ციხეში ჩაგდება (ხალხის, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ებრძოდა ჰიტლერს, როცა ბელადი ფიურერის მოკავშირე იყო), ყველაზე ძნელად მოსანელებელი იქნება ვაშინგტონისა და ლონდონისათვის. თუმცა სტალინის ეს თავნებობა დიდხანს ვერ გასტანს: მას შემდეგ რაც ვაშინგტონი ფინანსურ ონკანს გადაუკეტავს და „ატომურ კლანჭებს“ დაანახვებს მოსკოვს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში (6 და 9 აგვისტო), ჯუღაშვილი გადაწყვეტს, პაუზა გააკეთოს უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიაში; ხოლო ირანისა და თურქეთის დიდ ლუკმაზე საერთოდ უარს იტყვის - ცენტრალური ევროპის ქვეყნების სოვიეტიზაცია ჯუღაშვილისთვის პრიორიტეტად რჩებოდა.

სტალინის აზრით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიამიტი რუზველტის უაზრო ახირება იყო. ჯუღაშვილი დარწმუნებული იყო, რომ მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ სულის მოთქმა იყო ომების დიდ ჯაჭვში. ჯუღაშვილისთვის, რომელსაც უნარი არ ჰქონდა მარქსისტულ-ლენინისტური მანიქეიზმიდან გამოსულიყო, კაპიტალისტური სამყარო იყო არა მარტო მოსკოვისადმი გლობალურად მტრულად განწყობილი, არამედ ის საკუთარ წინააღმდეგობებში იფხრიწებოდა. სტალინის აზრით, დასავლეთი, ბაზრებისა და რესურსებისათვის კონკურენციის გამო, უთუოდ ჩაერთვებოდა მესამე მსოფლიო ომში. თუმცა, ამასთან ერთად, დასავლეთის გაერთიანებული ფრონტი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ასევე გარდაუვალი იყო.

მოკლედ, სტალინისტური (და არა მხოლოდ სტალინისტური) მარქსიზმი, ფროიდიზმისა არ იყოს, ზეინტერპრეტაციის ნევროზით იყო დაავადებული. ამიტომაც, მიუხედავად მუშახელის სასტიკი დეფიციტისა გაპარტახებულ საბჭოთა კავშირში, სტალინი გადაწყვეტს მრავალმილიონიანი ჯარის შენარჩუნებას და დასავლეთის მიმართულებით ექსპანსიას - პოლონეთს, რუმინეთსა თუ ბულგარეთს მალე მოჰყვება ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთისა და ნახევარი გერმანიის გაწითლება.

და სხვა რა ალტერნატივა ჰქონდა მარქსისტული ნევროზით დაავადებულ სტალინს?

აღმოსავლეთ ევროპის სოვიეტიზაციის ნაცვლად მათი ფინლადიზაციით, ჯუღაშვილს შეეძლო თავიდან აეცილებინა კონფრონტაცია დასავლეთთან და შეენარჩუნებინა ამერიკული ფინანსური დახმარება, რომელიც გაპარტახებულ ქვეყანას ჟანგბადივით სჭირდებოდა (მარტო 1946-1947 წელს 1,5 მილიონი საბჭოთა მოქალაქე შიმშილით დაიხოცება. ასეთი მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ სტალინის გადაწყვეტილება, ხორბლის უკანასკნელი მარაგი მიეწოდებინათ სოვიეტიზაციის პროცესში მყოფი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის). ასე რომ, აღმოსავლეთ ევროპის ფინლანდიზაციას ჰქონდა შანსი, ერთის მხრივ, სტალინი განეკურნა ფანტომური შიშებისგან, და, მეორეს მხრივ, აღმოსავლეთი ევროპა დაეყენებინა ნორმალური განვითარების გზაზე.

მაგრამ მარქსისტულ-ლენინისტური ფობიებით დაავადებული ჯუღაშვილი ბოლომდე სტალინად დარჩება - იგი აირჩევს იზოლაციის, ტერიტორიული ექსპანსიისა და უხეში სოვიეტიზაციის გზას. ამგვარად, 1945 წლის მაისი, როგორც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის, ისე აღმოსავლეთ ევროპელთათვის, შავი ჭირის დამთავრებისა და ქოლერის დასაწყისის მაუწყებელი იქნება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG