„წითელო ჭირო, ჩვენ შენ გელოდებით, რათა გაგვათავისუფლო შავი სიკვდილისგან,“ - დაწერს 1944 წლის ზაფხულს 21 წლის პოეტი და ვარშავის აჯანყების ერთ-ერთი გმირი იოზეფ შჩეპანსკი.
რომელი უფრო ლეტალური იყო - წითელი თუ შავი ჭირი? რომელი სისტემა უფრო ტოტალიტარული იყო - სტალინისა თუ თუ ჰიტლერის?
რაც შეეხება ორი დიქტატორის მიერ განადგურებული ხალხის რაოდენობას, ამ საკითხზე დღეს ისტორიკოსები ნაკლებად დავობენ: ჰიტლერის მმართველობის 12-წლიან პერიოდში ნაციზმი გაწყვეტს სულ ცოტა ორჯერ უფრო მეტ სამოქალაქო პირს, ვიდრე სტალინი 25 წელიწადში... ყურადსაღებია ასევე, რომ თუ სტალინის ტერორს დაღმავალი ტენდენცია ახასიათებდა, ჰიტლერიზმი დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო რადიკალური ხდებოდა. ასე რომ, მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის გამარჯვების შემთხვევაში, ორი სისტემის მსხვერპლთა შორის სხვაობა არითმეტიკული პროგრესიით გაიზრდებოდა. რაც შეეხება საკითხს, თუ რომელი სისტემა იყო უფრო ტოტალიტარული - ამ საკითხზე დავა დღესაც მიდის.
ზოგადად სტალინისა და ჰიტლერის სისტემებს გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან ადარებენ. 50-იან წლებში უკვე ჰანა არენდტი დაახასიათებს ორივე რეჟიმს, როგორც ტიპურ მაგალითს ტოტალიტარული სახელმწიფოსი. ჰანა არენდტის აზრით, სოციალური „ატომიზაცია“, სოციალური კავშირების არარსებობა, იყო ტოტალიტარული სისტემების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. მისი ეს განსაზღვრება დღემდე სანდო „თერმომეტრის“ როლს ასრულებს ორი სისტემის მკვლევრებს შორის.
რომელი საზოგადოება იყო უფრო ატომიზირებული, გერმანული თუ საბჭოთა? რომელში უფრო ჭარბობდა პავლიკა მაროზოვი? ან პირიქით - რომელ სახელმწიფოში იყო დარჩენილი სამოქალაქო საზოგადოების ნარჩენები?
თუ საზოგადოების „ატომიზაციის“, მისი სიძლიერე-სისუსტის საზომად ავიღებთ დიქტატორის მოშორების მცდელობების ისტორიას, მაშინ ჩვენ დავინახავთ, თუ რაოდენ დიდია კონტრასტი საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის.
საბჭოთა კავშირში, სტალინის ბატონობის მთელი 25 წლის მანძილზე, არ ყოფილა მისი მოკვლის არც ერთი მცდელობა. მიუხედავად სტალინის სრული პასუხისმგებლობისა 1941 წელს ომის კატასტროფული დაწყებისთვის, - რაც ქვეყანას გაქრობის პირას დააყენებს, - წითელი არმიის გენერლობა (მათ შორის ისინი, ვინც დიდ ტერორს თავის თავზე იგემებს) ბელადის ერთგული დარჩება და არ შეეცდება მის თავიდან მოშორებას.
რაოდენ დიდი განსხვავებაა ჰიტლერიზმთან, რომლის მმართველობის 12-წლიან ეპოქას თან გასდევდა შეთქმულებების მთელი პლეადა! ჰიტლერის წინააღმდეგ სამხედროების პირველი შეთქმულება 1938 წლის ზაფხულში დაიგეგმა, ბოლო, ყველაზე ცნობილი კი - 1944 წლის 20 ივლისს.
ჰიტლერის მკვლელობის სურვილს ვერ გაანელებს ვერც ჩერჩილის და რუზველტის მიერ 1943 წლის იანვარში კასაბლანკაში გაცხადებული გერმანიის უპირობო კაპიტულაციის მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ კასაბლანკაში მოკავშირეების მიერ უპირობო კაპიტულაციის განცხადება უჰიტლერო გერმანიას დასავლეთთან დაზავების უკანასკნელ შანსს ართმევდა, გერმანელი გენერლები ულევი ენერგიით გააგრძელებენ ფიურერის თავიდან მოშორების მცდელობას. კასაბლანკის განცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ გენერლები ჰუბერტ ლანცი და ჰანს შპაიდელი განიზრახავენ ჰიტლერის დაპატიმრებას პოლტავაში. ფიურერი პოლტავაში ვიზიტს ბოლო წუთას გააუქმებს და შეთქმულთ ხახამშრალს დატოვებს. 1943 წლის 13 მარტს თვითმფრინავი, რომელსაც ჰიტლერი სმოლენსკიდან ბერლინში უნდა დაებრუნებინა, სამხედროების მიერ დაინაღმება. მორიგი იმედგაცრუება - დეტონატორის მექამიზმი არ იმუშავებს და ბომბი არ აფეთქდება (ოპერაციას ჰენინგ ფონ ტრესკოვი, ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პიროვნება ხელმძღვანელობდა). ამ ინციდენტიდან 8 დღის შემდეგ სამხედროების იგივე ჯგუფი შეეცდება ჰიტლერის მოკვლას ბერლინში ორგანიზებული ერთ-ერთი გამოფენის დროს. ამჯერად კამიკაძედ ქცეულ ერთ-ერთ სამხედროს ტანზე მიბმული ბომბი უნდა აეფეთქებინა. მორიგი იმედგაცრუება - გასული წლებისგან განსხვავებით, ჰიტლერი გამოფენაზე მხოლოდ წამიერად გამოჩნდება და კამიკაძედ ქცეული სამხედრო ვერ მოასწრებს მასთან მიახლოებას. 1943 წლის შემოდგომაზე, სამხედროები დაგეგმავენ ფიურერის მოკვლას ახალი სამხედრო უნიფორმის გამოფენაზე. მორიგი კრახი - მოკავშირეების საჰაერო რეიდის შედეგად გამოსაფენი ექსპონატები განადგურებული იქნება... იმედგაცრუებების ჯაჭვი იმდენად გრძელი იქნება, რომ ბევრი შეთქმული იწამებს, რომ ჰიტლერს მეექვსე გრძნობა მოეპოვებოდა. ასე მოხდება 1944 წლის 20 ივლისსაც, დღეს, როცა შეთქმულები ყველაზე ახლოს იქნებიან თავიანთ მიზანთან. ამ დღეს იღბალი ისევ ჰიტლერის მხარეს იქნება - ჰიტლერთან მუსოლინის ვიზიტის გამო ფიურერის დღის განრიგი მთლიანად შეეცვლება, რაც პოლკოვნიკ შტაუფენბერგს ხელს შეუშლის ორი ბომბის ამოქმედებაში. ერთი აფეთქებული ბომბი კი ჰიტლერს თითქმის უვნებელს დატოვებს.
სულ, 6 წლის მანძილზე, ჰიტლერის წინააღმდეგ დაიგეგმება ათეულობით შეთქმულება, რომლებშიც ასეულობით პიროვნება იქნება ჩართული. გასაოცარი ისიცაა, რომ შეთქმულთა წრეები წარმოდგენილი იყო პოლიტიკური თუ საზოგადოების სრული სპექტრით: ჰიტლერის მოკვლის მცდელებს შორის იყვნენ როგორც სამხედროები და დიპლომატები, ასევე გესტაპოს თუ აბვერის თანამშრომლები. გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ თითოეული შეთქმულება გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადს და შეთქმულნი გაფანტული იყვნენ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. ლუდვიგ ბეკი (გენშტაბის უფროსი), ვოლფ-ჰაინრიხ ჰელდორფი (ბერლინის პოლიციის პრეფექტი), მისი მოადგილე შულენბერგი, არტურ ნებე (კრიმინალური პოლიციის შეფი), ჰანს ოსტერი და ჰანს ფონ დონანი (სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნები), ულრიხ ფონ ჰასელი, (დიპლომატი), გენერლები ფრიდრიხ ოლბრიხტი, ჰუბერტ ლანცი, ჰანს შპაიდელი, გრაფი ფონ მოლტკე და მისი კრაიზაუს წრე... აი, შეთქმულთა ეს ძალიან მოკლე სია...
რაოდენ დიდია სხვაობა ანტისტალინისტურ ჯგუფებთან, რომლებიც ომის პერიოდში წარმოიშვა საბჭოთა კავშირის არაოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც თითო ჯგუფი მაქსიმუმ სამი კაცისგან შედგებოდა - ქვეყანაში, სადაც ცოლ-ქმარს ერთმანეთის ნდობა არ ჰქონდა, სამკაციანი ჯგუფიც უკვე უშველებელ რისკად ითვლებოდა. და ამ ჯგუფების „რევოლუციური ამბიციებიც“ ყველაზე დიდი ანტისტალინური ტრანსპარანტების გავრცელებით შემოიფარგლებოდა. და სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყანაში, რომელიც სტალინს ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად ჰქონდა გადაქცეული?!
გერმანიისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირში სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა გახდა ალბათ იმის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ პირველმა, მეორისგან განსხვავებით, ადვილად ჩამოიფერთხა „ტოტალიტარული მტვერი“ პალტოს კალთებიდან... ის, რის გაკეთება დღესაც უჭირთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს...