2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თბილისსა და ქუთაისში ხმაურიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. თბილისში გაჩხრიკეს ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების სახლები და ამერიკული Concentrix Georgia-ს ოფისი, ქუთაისში - ადგილობრივი ბიზნესმენის სახლი. სახელისუფლებო მედიამ ჩხრეკის ოპერაცია გააშუქა, როგორც „ფულის გათეთრებასა და უკანონო ქოლცენტრებზე დარტყმა“.
ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, კიდევ ვინ გაჩხრიკეს იმავე დღეს სახელისუფლებო გაშუქების გარეშე, როგორ დაუყადაღეს ერთი წლით საბანკო ანგარიშები ადამიანებს, რომლებსაც გამოძიება სამი თვის შემდეგაც არაფერს ედავება, და სინამდვილეში რა დგას ფინანსური პოლიციის ხმაურიანი სპეცოპერაციის უკან.
„რევოლუციის სპონსორი“
„რევოლუციის სპონსორი“ - ამ სათაურით ვრცელი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედმა“ 2024 წლის 24 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 36 საათით ადრე, საღამოს მთავარ გამოშვებაში ცენტრალურ ამბად გაუშვა.
„სპეცოპერაციები თბილისსა და ქუთაისში დილის საათებში ერთდროულად დაიწყო, თაღლითობა, ფულის გათეთრება, გადასახადების თავის არიდება, სისხლის სამართლის საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ სპეცოპერაციების სერია, ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება“, - უთხრა მაყურებელს „იმედის“ ჟურნალისტმა.
ამავე თემით დაიწყო იმ დღეს მთავარი საინფორმაციო გამოშვება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმაც, მოამბიდან აუდიტორიას უთხრეს, რომ - „გაიჩხრიკა ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია “ატლანტიკური საბჭოს” ორი ქართველი თანამშრომლის (სოფო გელავას და ეთერ ბუზიაშვილის) სახლები. ფულის გათეთრება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, გადასახადების თავის არიდება - სისხლის სამართლის საქმე 3 მუხლითაა აღძრული“.
ერთობლივ ჩხრეკასა და უკანონო ქოლცენტრებზე ისაუბრა „რუსთავი-2“-მაც.
ამ სამი ტელეარხის ერთმანეთის იდენტური მონათხრობის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთდროულად ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ამერიკული ორგანიზაცია Concentrix Georgia-ს ოფისში ჭავჭავაძის გამზირზე, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების სახლებსა და ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის საცხოვრებელ სახლში.
იმავე დღეს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა რომ სპეცოპერაციები უკანონო ქოლცენტრებს უკავშირდებოდა. მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების, ეთო ბუზიაშვილის და სოფო გელავას სახლების ჩხრეკაც უკანონო ქოლცენტრების საქმესთან იყო დაკავშირებული.
იმავე დღეს მკვლევრების ჩხრეკის შესახებ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ინფორმაცია შესაძლოა იყოს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო.
კობახიძის ამ დაპირების შემდეგ გამოძიებას არანაირი ოფიციალური ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია.
რადიო თავისუფლებამ კი იპოვა ადამიანები, ვინც 24 ოქტომბრის სპეცოპერაციის ფარგლებში გაჩხრიკეს, ანგარიშებიც დაუყადაღეს, თუმცა ისინი არც საგამოძიებო უწყებების პრეს-რელიზებში და არც სახელისუფლებო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრილან.
მათი უფლებები დღემდე დარღვეულია.
გავარკვიეთ ასევე გამოძიების გაუხმაურებელი დეტალები.
კეზერაშვილის „ქოლცენტრი“ თუ სახელმწიფო პროგრამით შემოყვანილი ამერიკული კომპანია?
2024 წლის 24 ოქტომბრის სპეცოპერაციის შესახებ გავრცელებულ კადრებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, იგივე ფინანსური პოლიციის, თანამშრომლები, თბილისში ჭავჭავაძის 72ა-ში, ბიზნესცენტრის შენობაში შედიან.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს შენობის სამი სართული - ოფისები, რომლებსაც ამერიკული კომპანია Concentrix-ის ქართული ფილიალი, Concentrix Georgia ქირაობს.
ტელეკომპანია „იმედმა“ ჩხრეკა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს დაუკავშირა: „აღმოჩენილია ოპოზიციის რადიკალური გეგმების სალარო და დავით კეზერაშვილის ფინანსური მფარველობის ქვეშ მოქმედი ქოლცენტრი“, ჟურნალისტის ამ განმარტების ფონად „იმედმა“ მაყურებელს იმ შენობის კადრები აჩვენა, სადაც „კონცენტრიქსს“ ჩხრეკდნენ.
კომპანიიდან კომპიუტერები ამოიღეს. იმავე დღეს გაჩხრიკეს Concentrix Georgia-ს რამდენიმე თანამშრომლის სახლიც. გამოძიებამ სახლებიდან თანამშრომლების პერსონალური კომპიუტერები და მობილური ტელეფონები წაიღო.
კომპანია, რომელიც სამთავრობო მედიამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ქოლცენტრებს დაუკავშირეს, ამერიკული ბიზნესმომსახურების უმსხვილესი ფირმაა, რომელიც 6 კონტინენტზე, 70-ზე მეტ ქვეყანაში, 150 ენაზე მუშაობს, დასაქმებული ჰყავს 300 ათასზე მეტი ადამიანი და შედის Fortune 500-ის სახელით ცნობილ სიაში.ამ სიას ამერიკული გავლენიანი ეკონომიკური ჟურნალი Fortune-ი ყოველწლიურად აახლებს და მასში აშშ-ის ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი 500 კომპანია შედის.
2021 წელს, „კონცენტრიქსი“ საქართველოში სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ შუამავლობით შემოვიდა.
Concentrix Georgia-ში, 2024 წლის 24 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაადასტურა, რომ კომპანიის ქვეყანაში შემოსვლით თავის დროზე მთავრობა იყო დაინტერესებული და იმედი გამოთქვა, რომ მის საქმიანობაში არალეგალური არაფერი იქნებოდა.
რატომ დაუკავშირა სამთავრობო მედიამ საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში შემოყვანილი Fortune 500-ის კომპანია „კეზერაშვილის ქოლცენტრს“?
ერთადერთი, ისიც ირიბი კავშირი კეზერაშვილთან, შენობაა, რომლის 3 სართულს ქირაობს „კონცენტრიქს ჯორჯია“. შენობის მფლობელი კომპანიის დირექტორი 28 ოქტომბრამდე იყო ალექსანდრე ნინუა - თავდაცვის სამინისტროში დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდის მაღალჩინოსანი, რომელსაც ქართულმა სასამართლომ კეზერაშვილთან ერთად გამოუტანა განაჩენი ერთობლივი დანაშაულისთვის.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურს ფართის მფლობელ კომპანიასთან პრეტენზია არ ჰქონია და არც არავინ გამოუკითხავს.
საგამოძიებო სამსახურმა ვერც Concentrix Georgia-ს საქმიანობაში აღმოაჩინა უკანონობა.
კომპანიის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ამ ეტაპისთვის მათ მიმართ არანაირი ბრალდება არ არის წარდგენილი.
წყაროს ცნობით, ჩხრეკის შედეგად წაღებული ტექნიკა უკვე დაუბრუნეს „კონცენტრიქსის“ თანამშრომლებს.
Concentrix Georgia გამოძიების დეტალების შესახებ მედიის შეკითხვებს აღარ პასუხობს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ცდილობს, სისხლის სამართლის საქმე ცნობილი საერთაშორისო კომპანიის წინააღმდეგ უხმაუროდ შეწყვიტოს.
რას ედავებიან ცნობილი ამერიკული Think Tank-ის ქართველ მკვლევრებს
სპეცოპერაციების დღეს, 2024 წლის 24 ოქტომბრის დილას, ფინანსური პოლიციის გამომძიებლებმა ერთდროულად გაჩხრიკეს ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილის და სოფო გელავას სახლები.
ორივე მკვლევარი ბოლო რამდენიმე წელია რუსულ დეზინფორმაციასა და ევროპაში, მათ შორის საქართველოში, რუსულ გავლენებს იკვლევს.
გამოძიებამ მათი მობილური ტელეფონები და მათი და ოჯახის წევრების კომპიუტერული ტექნიკა წაიღო.
სასამართლოს განჩინებიდან, რომელიც რადიო თავისუფლებას აქვს, ირკვევა, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობდა:
- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას - 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
- ორგანიზებული ჯგუფის თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
- ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
ჩხრეკიდან რამდენიმე დღეში სოფო გელავამ და ეთო ბუზიაშვილმა აღმოაჩინეს, რომ საბანკო ბარათებს ვეღარ იყენებდნენ. 29 ოქტომბერს გაირკვა, რომ მათ საკუთარ ანგარიშებზე წვდომა ჰქონდათ შეზღუდული. 30 ოქტომბერს, უკვე ოფიციალურად, სასამართლოს განჩინებით ორივე მკვლევარს 1 წლით აეკრძალათ ქართულ ბანკებში საკუთარ ანგარიშებზე წვდომა, ყადაღა დაედო ანგარიშებზე განთავსებულ მათ კუთვნილ თანხებს.
ქართველი მკვლევრების სახლების ჩხრეკის შესახებ „ატლანტიკურმა საბჭომ“ დაწერა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოვლენების ამგვარი განვითარება იყო შემაშფოთებელი. ამერიკული ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან საქმეში მეტი სიცხადის შეტანას, თავისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩამორთმეული ტექნიკის დაბრუნებას ითხოვდა.
მოგვიანებით, ორივე ქართველმა მკვლევარმა, „ატლანტიკური საბჭოს“ გადაწყვეტილებით, საქართველო დატოვა. ახლა ისინი ევროპის ერთ-ერთი ქალაქიდან აგრძელებენ მუშაობას.
კვლავ ბუნდოვანია, რა კავშირი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაწყებულ გამოძიებას ბუზიაშვილსა და გელავასთან, ან მათი სახლების ჩხრეკასთან.
იურისტები, რომლებსაც ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვთ, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ განჩინება, რის საფუძველზეც გელავას და ბუზიაშვილის სახლები გაჩხრიკეს, დაუსაბუთებელია.
მოსამართლეს ცხადად უნდა ჩაეწერა, რისთვის გასცემდა ჩხრეკის თანხმობას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სასამართლოს განჩინებაში მითითებული უნდა იყოს, რას ემსახურება ჩხრეკა, რა ტიპის მტკიცებულებებს ეძებენ, იქნება ეს იარაღი, ფული, ნარკოტიკი თუ რაიმე კონკრეტული ტექნიკა.
მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა 22 ოქტომბერს პროკურორის შუამდგომლობა ისე დააკმაყოფილა, განჩინებაში არ მიუთითა რა კონკრეტული მტკიცებულება უნდა ეძებნა გამოძიებას მკვლევრების სახლებში, განჩინებაში მითითებულია მხოლოდ - ნივთი ან ნივთიერება.
საერთაშორისო სტანდარტით სახლის ჩხრეკა პირადი სივრცის მნიშვნელოვან ხელყოფად ითვლება და სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაჩხრიკონ სახლი და მხოლოდ კონკრეტული, დანაშაულთან დაკავშირებული ნივთები ამოიღონ.
ეთო ბუზიაშვილმა ჩხრეკის დღეს მედიას უთხრა, რომ მის სახლში სამართალდამცავები მოტყუებით, როგორც ბუნებრივი აირის სისტემის შემმოწმებლები ისე შევიდნენ. ჩხრეკის შემდეგ წაიღეს კომპიუტერი და ტელეფონი.
სოფო გელავას სახლიდან გამოძიებამ წაიღო ლეპტოპი, რომლითაც მისი არასრულწლოვანი შვილი სარგებლობდა, ასევე მისი ქმრის კუთვნილი კომპიუტერიც. ამოიღეს გარე მყარი დისკი, სადაც გელავას სხვადასხვა მონაცემი ჰქონდა შენახული. ნივთები მათთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
გელავასა და ბუზიაშვილის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გაურკვეველია არა მხოლოდ ის, რატომ გაჩხრიკეს მკვლევრები, არამედ ისიც, რატომ დაუყადაღეს მათ ანგარიშები, როცა ამ დრომდე არაფერს ედავებიან.
ისინი მხოლოდ ერთხელ, ისიც მოწმის სტატუსით გამოჰკითხეს. გამოკითხვისას გამომძიებელს მათ მიმართ არანაირი ბრალდების და დანაშაულის შესახებ არ მიუნიშნებია. გამოძიებას ჰქონდა მხოლოდ სტანდარტული კითხვები: სად მუშაობდნენ, რას აკეთებდნენ?
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხომ არ გამოკვეთეს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების საქმიანობაში დანაშაულის ნიშნები, მხოლოდ ის უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება და ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.
რას იძიებენ სამართალდამცავები?
რადიო თავისუფლების შეგროვებული ინფორმაციით, გამომძიებლები ფორმალურად „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების სახლში მათი კონტრაქტორი კომპანიის „ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველოს“ საქმიანობის ირგვლივ დაწყებული გამოძიების გამო შევიდნენ.
მკვლევრების მიმართ გამოძიებას კითხვები ამ კომპანიასთან დაკავშირებითაც ჰქონდა.
რა კავშირი აქვთ მკვლევრებს „ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველოსთან“?
სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი მრავალი წელია „ატლანტიკური საბჭოსთვის“ მუშაობენ.
ამერიკულმა ორგანიზაციამ, ვინაიდან საქართველოში ოფისი არ აქვს, მკვლევრების დასაქირავებლად მიმართა საერთაშორისო კომპანია „ველოსითი გლობალს“.
„ველოსითი გლობალი“ 185 ქვეყანაში მუშაობს და დამსაქმებლებს „სამუშაო ძალის მართვას, მათი ფინანსური და სამართლებრივი საკითხების მოგვარებას“ სთავაზობს.
ამ კომპანიას საქართველოში ფილიალი არ ჰქონდა და „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების მომსახურებისთვის დაიქირავა კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანიის ფილიალი საქართველოში - „ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველო“, კომპანია, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან მუშაობს.
„ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველო“ „ატლანტიკური საბჭოს“ ქართველ თანამშრომლებს ლოგისტიკურ საკითხებს უგვარებდა - ურიცხავდა ხელფასს, იხდიდა მათ გადასახადებს, უზრუნველყოფდა სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა საჭიროებებს.
ეს კომპანია ანალოგიურ მომსახურებას უწევდა სხვა ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოდან უცხოური კომპანიისთვის მუშაობდნენ.
გამოძიების უცნობი სამიზნეები
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა მტკიცებულება, რომ 2024 წლის 24 ოქტომბერს გამომძიებლებმა სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის გარდა, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და გაუხმაურებლად, „ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველოსთან“ დაკავშირებული, სულ მცირე, კიდევ 10 ადამიანის სახლი გაჩხრიკეს და მათი საბანკო ანგარიშებიც ერთი წლით დააყადაღეს.
მათ რადიო თავისუფლებას აღუწერეს ის მძიმე სტრესი, რისი გადატანაც მათ და ოჯახის წევრებს მოუწიათ ჩხრეკისას და მოუყვნენ შექმნილი ფინანსური პრობლემების შესახებ.
„საქართველოსთან კავშირი აღარ სურთ“
22 წლის ქალმა, რომელიც „რადიო თავისუფლებას„ ანონიმურობის დაცვის პირობით ელაპარაკა, თქვა, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ გერმანულ კომპანიაში სამსახურიც დაკარგა.
ის წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა, პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტია და დედაქალაქში ცხოვრობს.
2024 წლის 24 ოქტომბერს, თბილისის ძველ უბანში, კერძო სახლის მეორე სართულზე დილის 8 საათზე ოთხმა უცნობმა მიაკითხა. ერთი ქალი და სამი მამაკაცი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებად გაეცნენ, სასამართლოს განჩინება აჩვენეს და მისი საცხოვრებლის ჩხრეკა დაიწყეს. ერთ-ერთი ამ პროცესს ტელეფონით იღებდა.
ახალგაზრდა ქალი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მას ახლობლებთან დარეკვის საშუალება არ მისცეს, თუმცა მოახერხა შეტყობინების გაგზავნა უცხოური დამქირავებელი კომპანიის თანამშრომელთან. ჩხრეკის დასრულების შემდეგ წაიღეს ლეპტოპი, რომლითაც მუშაობდა და მობილური ტელეფონი. მალევე დააყადაღეს მისი საბანკო ანგარიშები და 1 წლით მათზე წვდომაც შეუზღუდეს.
22 წლის ქალის ჩხრეკაც „ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველოს“ საქმესთანაა კავშირში. სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის მსგავსად ისიც საერთაშორისო უცხოურ კომპანიაში მუშაობდა, მის კომპანიას საქართველოში წარმომადგენლობა არ ჰქონდა და ხელფასის და გადასახადების ადმინისტრირებას „ევროფასტი“ უწევდა. ქალს „ევროფასტთან“ ურთიერთობა თავად არ ჰქონია, ამბობს, რომ იქ პირადად არავის იცნობს, ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გააფორმეს და კომუნიკაციაც ონლაინ ჰქონდა.
ის დღემდე ვერ ხსნის, რატომ გაჩხრიკეს და რატომ დაუყადაღეს ანგარიშები. ამის გარკვევა უცხოელ დამქირავებელთან სცადა, რომლის სათავო ოფისი გერმანიაშია. ერთი თვის თავზე ის და კიდევ ორი ქართველი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს - „კომპანიამ გვითხრა, რომ საქართველოსთან კავშირი აღარ სურთ“.
უთხრეს, რომ პრეტენზია არა მათთან, არამედ მათ მომსახურე კომპანიასთან აქვთ
კიდევ ერთი ადამიანი, ვისი სახლიც იმავე საქმის ფარგლებში გაჩხრიკეს, 28 წლის კაცია, პროფესიით ენერგეტიკოსი. საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანიამ მასთან სამუშაო ხელშეკრულება „ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველოს“ მეშვეობით ორი წლის წინ გააფორმა.
2024 წლის 24 ოქტომბერს მის ბინაშიც მოულოდნელად შევიდნენ სამართალდამცავები და გაჩხრიკეს, წაიღეს ლეპტოპი და ტელეფონი.
სასამართლოს განჩინებით დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, რაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.
ითხოვს ნივთების დაბრუნებას და ანგარიშებზე ყადაღის მოხსნას. ამბობს, რომ ფინანსური ზიანი მიადგა - აქვს ბანკში სესხი და გადახდის პრობლემა შეექმნა.
28 წლის ენერგეტიკოსი რადიო თავისუფლებას უყვება, როგორი დიდი სტრესი იყო მისთვის და მისი მეუღლისთვის, მათ სახლში სამართალდამცავების შესვლა.
იმ დღეს გაჩხრეკილი ადამიანების ნაწილის თქმით, გამომძიებლებმა უთხრეს, რომ პრეტენზია არა მათთან, არამედ მათ მომსახურე კომპანია „ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველოსთან“ ჰქონდათ.
რას ედავებიან „ევროფასტ ინტერნეიშენალ საქართველოს“?
რადიო თავისუფლების მოპოვებული ინფორმაციით, 24 ოქტომბერს სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს და დალუქეს ამ კომპანიის ოფისი, თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე მდებარე კერძო სახლის 1 ოთახი, დაახლოებით 15 კვ.მ ფართის მოცულობის.
ასევე გაჩხრიკეს კომპანიის დირექტორის ირინა ლოპატინას, რომელიც ბრიტანეთის და საქართველოს მოქალაქეა და კომპანიის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლები.
სამართალდამცავების მოთხოვნით დაყადაღდა კომპანიის და მათი ოთხი თანამშრომლის საბანკო ანგარიშებიც.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჩხრეკაზე შესული სამართალდამცავები ეძებდნენ უკანონო ქოლცენტრის მუშაობის მტკიცებულებას. საბოლოოდ ამოიღეს კომპანიის და თანამშრომლების კუთვნილი ტექნიკა.
რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, „ევროფასტ ინტერნეიშენალს“ საქართველოში, გარდა გაჩხრეკილი მოქალაქეებისა, მსხვილი კლიენტებიც ჰყავდა, მათ შორის - კომპანია „ვიზეარი“ და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.
საელჩომ ოფიციალურად წერილობით დაგვიდასტურა, რომ „ევროფასტთან“ თანამშრომლობდა, თუმცა ურთიერთობა 2024 წლის ივლისიდან შეწყვიტეს, „ვიზეარმა" რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურა ევროფასტთან თანამშრომლობა, მოგვწერეს რომ ამ კომპანიასთან რაიმე ხელშეკრულება არ აქვთ.
წერილში, რომელიც „ევროფასტ ინტერნეიშენალმა“ რადიო თავისუფლებას შეკითხვების პასუხად გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ კომპანია გამორიცხავს ქოლცენტრებთან კავშირს ან რაიმე კანონდარღვევას.
ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც კომპანიის თანამშრომლების ბრალეულობას დაადასტურებდა, კომპანიის ნორმალური საქმიანობა კი შეფერხებულია:
„გამოძიების ქმედებებით ნაწილობრივ შეიზღუდა კომპანიის ფუნქციონირება. ამ პირობებში, როცა დაყადაღებულია კომპანიის ანგარიშები, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ძნელია კომპანიამ გააგრძელოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება, თუმცა კომპანია კვლავ აგრძელებს რიგი კლიენტების მომსახურებას.
მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, კომპანია იტოვებს უფლებას განახორციელოს კანონით განსაზღვრული ქმედებები“, - მოსწერა „ევროფასტის“ ადვოკატმა, შოთა მანელიძემ რადიო თავისუფლებას. ადვოკატი წერს, რომ ანგარიშების დაყადაღება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.
იმავე დღეს, 2024 წლის 24 ოქტომბერს, საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა ვალერი ტყეშელაშვილის სახლი ქუთაისში. ჩხრეკა, რომელიც გახმაურდა და სამთავრობო მედიამ და საგამოძიებო სამსახურმა ასევე ქოლცენტრებს დაუკავშირეს, რადიო თავისუფლების მოკვლეული მასალებით, განსხვავებული იყო: გამოძიებას არ ჰქონდა წინასწარ გამოცემული სასამართლო განჩინება, საქმეს აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმის ნომერი.
ჩხრეკა ჩატარდა გამომძიებლის მიერ, „გადაუდებელი აუცილებლობით შედგენილი დადგენილებით“, სადაც წერია, რომ გამომძიებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ ქუთაისში, ზუგდიდის ქუჩის 4 ნომერში, ვალერი ტყეშელაშვილის სახლში, ეზოსა და სათავსოებში ინახება საქმისთვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული ტექნიკა, ნოუტბუკები, პერსონალური კომპიუტერები და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთები, რომლებსაც „ქოლცენტრები“ იყენებენ.
ამ დადგენილების მიხედვით, გამოძიება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო დაწყებული, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.
ვალერი ტყეშელაშვილის სახლიდან სამართალდამცავებმა ტექნიკა და მობილური ტელეფონი წაიღეს, მისი საბანკო ანგარიშები არ დაუყადაღებიათ. თავად ტყეშელაშვილი ჩხრეკის დადგენილებას არ დაეთანხმა და ხელი არ მოაწერა. მან სახლში ჩხრეკისას ფეისბუკზე ლაივი ჩართო.
რადიო თავისუფლებას ვალერი ტყეშელაშვილმა უთხრა, რომ ვერ ხსნის, რატომ გაჩხრიკეს მისი სახლი, სამი თვის შემდეგაც არ არის მის საქმეში არანაირი სიახლე, მისი ტექნიკა სამართალდამცავებთან რჩება, გამოძიებამ ის ჩხრეკის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გამოჰკითხა, მას შემდეგ არავინ დაჰკავშირებია.
საგამოძიებო სამსახური კვლავ დუმს
ხმაურიანი ჩხრეკიდან სამი თვის შემდეგაც 15-მდე ადამიანს კვლავ დაყადაღებული აქვს საბანკო ანგარიშები და ხელი არ მიუწვდებათ ქართულ ბანკებში არსებულ საკუთარ დანაზოგზე. რატომ ჩატარდა ხმაურიანი სპეცოპერაცია, როცა გაჩხრეკილი ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთს არ იცნობს და არაფერი აკავშირებთ? ამ და სხვა კითხვებზე სამართალდამცავები არ პასუხობენ.
რას ედავება მათ გამოძიება, უცნობია, სამართალდამცავები კითხვებზე არ პასუხობენ. რადიო თავისუფლებამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სტატიაში აღწერილ თითოეულ საქმეზე დეტალური შეკითხვები გაუგზავნა, მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.