27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. წელს 25-ედ აღინიშნება ეს დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ 25-ედ ეცემა და იწვის სოხუმი, 25-ედ ხოცავენ სოხუმში დარჩენილ ადამიანებს, 25-ედ ეხვევა შავ ცეცხლში ჩამოგდებული თვითმფრინავი, 25-ედ ვერ იტევს ჟანგიანი კატარღა ადამიანთა სხეულებს, 25-ედ უწევთ სოხუმელებს მშობლიური ქალაქის დატოვება, 25-ედ შედგომა სიკვდილის გზაზე, 25-ედ ტარება ლტოლვილის მძიმე და დამამცირებელი ტვირთისა...
სოხუმი დაეცა... დაეცა და ასობით ათასი ადამიანისთვის დაიკარგა ფიზიკური სხეული, იქცა ზღვიდან მონაბერ ნიავად, მზიან დილად, მეზობლის ღიმილად, მაგნოლიის სურნელად, მშობლიური ქუჩის ხმაურად, თურქული ყავის ქაფად, ტალღებზე მოტივტივე თოლიების ყრანტალად, მეთევზეების გაშტერებულ მზერად...
სოხუმი დაეცა და იქცა მოგონებად, რომელსაც ვერ მოერია წარსული, რომელსაც წლიდან წლამდე, გაბუნდოვანების ნაცვლად, სულ უფრო მკვეთრი ფერები ემატება, თითქოს ყველაფერი 25 წლის წინ კი არა, გუშინ ან დღეს დილით მოხდა, თითქოს მთელი ეს 25 წელი გრძელდება სოხუმის დაცემა, თითქოს მუდმივ 27 სექტემბრის აწმყოში გავიჭედეთ და არ გვტოვებს განცდა, რომ ჯერ კიდევ შეიძლება სოხუმის გადარჩენა, ჯერ კიდევ შეიძლება შერიგება, ჯერ კიდევ შეიძლება ერთად ცხოვრება...
სოხუმი დაეცა! და განა, რა გაკეთდა იმისათვის, რომ არ დაცემულიყო?
ცხადია, აქ არ იგულისხმება ცალკეული ადამიანების თავგანწირვა და სიმამაცე, ისევე როგორც არ იგულისხმება სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის საბრძოლო ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეცდომები!
საბჭოთა იმპერიამ დაარწმუნა ქართველები და აფხაზები მათი სასიცოცხლო ინტერესების შეუთავსებლობაში. ვერც ქართველებმა და ვერც აფხაზებმა ვერ შეძლეს ამ მოჯადოებული წრის გარღვევა. არადა, ცალკეული მცდელობები ორივე მხრიდან იყო. ჯერ კიდევ 1978 წელს აკაკი ბაქრაძე წერილში „აფხაზთა საკითხი“ ამბობდა, „აფხაზთა ჭირვეულობის“ მამოძრავებელი ძალა მოსკოვიაო.
„ამ ჭირვეულობით მოსკოვი საქართველოში ქმნის დესტაბილურ მდგომარეობას. არსებითად სპობს ქართველთა ეროვნული მიზნით გაერთიანების შესაძლებლობას. აფხაზთა სახით მოსკოვს მომარჯვებული აქვს დანა, რომელსაც მაშინვე ჩასცემს საქართველოს ზურგში, როგორც კი ქართველები დააპირებენ ეროვნულ გამოფხიზლებას. მოსკოვის პროვოცირებული „აფხაზური ჭირვეულობა“ ერთდროულად არის მიმართული როგორც აფხაზი, ისე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს ღრმა დაფიქრება მართებთ“, - წერდა აკაკი ბაქრაძე.
თუმცა „დაფიქრების“ ნაცვლად მხარეებმა იმის გარკვევა დაიწყეს, თუ ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი, ვინ იყო „ძირძველი“, ვინ ჩრდილო კავკასიიდან „ჩამოთესლებული“ და ვინ დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლებული. იმის გამო, რომ ეროვნულობა იყო საბჭოთა ავტონომიურობის ძირითადი პრინციპი, მხარეებმა დაიწყეს ერთმანეთის თვლა, რაშიც ხალისით ეხმარებოდნენ მათ საკავშირო ინსტიტუტები. ლამის ყველა ქართველმა და აფხაზმა იცოდა, რომ აფხაზეთში სამჯერ მეტი ქართველი ცხოვრობდა, ვიდრე აფხაზი. ასევე საყოველთაოდ იყო ცნობილი (გადათვლილი) ქართველებისა და აფხაზების რაოდენობა გალში, ოჩამჩირეში, სოხუმში, გულრიფშში და გუდაუთაში... მოკლედ, ერთი მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეთნიკური ბალანსის შენარჩუნება, მეორისთვის - შეცვლა, კაცობრიობის გამოცდილება კი გვეუბნება: როცა ადამიანები იწყებენ ერთმანეთის დათვლას ეთნიკური ნიშნით, ეს ადამიანები აუცილებლად დაასრულებენ ერთმანეთის გვამების გადათვლით. სოხუმის დაცემაც მაშინ დაიწყო, როცა ქართველებმა და აფხაზებმა ამგვარი „ეთნიკური არითმეტიკის“ წესები მიიღეს, როცა ეთნიკურობამ გადაფარა ყველაფერი - მეზობლობა, ნათესაობა, მეგობრობა, ადამიანობა...
ის, რომ 27 სექტემბერი აფხაზებისთვის სოხუმის გათავისუფლების დღეა, არსებითად არაფერს ცვლის და, ამ „გათავისუფლებაში“ გარე ძალების მონაწილეობის გათვალისწინებით, ეს გარემოება პირობითიც კია. უბედურება ისაა, რომ ერთდროულად, პარალელურ სივრცეებში, არსებობს „ქართველების სოხუმი“ და „აფხაზების სოხუმი“. 27 სექტემბერს ერთში დაცემას გლოვობენ, მეორეში კი გათავისუფლებას ზეიმობენ. სოხუმის დაცემაც მაშინ დასრულდება, როცა აფხაზებისა და ქართველებისთვის ერთი, საერთო სოხუმი იარსებებს, საერთო სიხარულით და საერთო ტკივილით.