21 აპრილს, 16:57 საათზე, ტელეგრამარხმა სახელწოდებით „საშინელება თბილისი“ მუქარის გამოქვეყნება დაიწყო. არხის შემქმნელები ამბობდნენ, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრზე ამზადებდნენ თავდასხმას.
"პირდაპირ ვამბობთ სად წავალთ... ამ სკოლებში ჩავცხრილავთ ბავშვებს. 20-ნი ვართ, პოლიციის არ გვეშინია. ვერ დაგვიჭერენ, საკუთარ სკოლებში გაგანადგურებთ...", - რუსულ ენაზე დაწერილ მუქარის ტექსტებს, რამდენიმე საათის განმავლობაში ხმოვანი შეტყობინებები და ცეცხლსასროლი იარაღის გამოსახულებით ფოტოები ენაცვლებოდა.
მუქარის შეტყობინებებს თან ახლდა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ტელეგრამარხის შემქმნელების მტკიცებით, ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. მათგან 15 თბილისში მდებარე საჯარო სკოლა იყო, ორი კი სავაჭრო ცენტრი: გალერეა თბილისი და თბილისი მოლი.
ცრუ შეტყობინების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ თბილისის მასშტაბით სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული.
„საინფორმაციო შიმშილი“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება მუქარებიდან მეორე დღეს, 22 აპრილს, დღის პირველ საათზე გამოაქვეყნა.
ამ განცხადებით გაირკვა, რომ კონტრტერორისტულმა სამსახურმა მუშაობა დაასრულა და „რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა ვერ აღმოაჩინა“.
სუსის ოფიციალურ განცხადებამდე სოციალურ ქსელებში სკოლის დირექტორების, მშობლებისა და მასწავლებლების შეშფოთებული შეტყობინებები ვრცელდებოდა. ინფორმაცია უმეტესად გადაუმოწმებელი იყო, ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავდა და პანიკას აღვივებდა:
- „ჩემი ბიჭი დადის რუსულ სკოლაში და სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბავშვები არ წაიყვანოთ სკოლაში, სანამ ახალი ინფორმაცია გვექნებაო. რუსული სექტორები იქნება დაკეტილი“
- „ხვალ არცერთი მოსწავლე სკოლაში არ გამოუშვათ, უკვე დირექტორის ბრძანებაა, სამინისტროდან მოვიდა და ყველა ბავშვი დააკავეთ სახლში, ხვალ სწავლა არ იქნება“
- „...სკოლის ახლოსაც არავინ მოვიდეს, გთხოვთ არ გაეკაროთ არაფერს, დამიდასტურეთ და გადაეცით ერთმანეთს, ეცადეთ სახლიდანაც ნუ გამოუშვებთ, სასწავლო პროცესი არ იქნება, მეც დაბნეული ვარ, უკაცრავად“.
მასწავლებლების ნაწილი ამტკიცებდა, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტა განათლების მინისტრის ბრძანებით გადაწყდა. საპირისპირო უთხრეს სამინისტროში რადიო თავისუფლებას.
„მინისტრს არ მიუღია საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება“, - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
15-დან 4-მა სკოლამ ფეისბუკზე დაწერა, რომ მათთან „ვერაფერი აღმოაჩინეს“, ამიტომ სასწავლო პროცესი არ შეწყდებოდა. მშობლების ნაწილმა მაინც არჩია, რომ შვილები მეორე დღეს სკოლაში არ გაეშვა.
„ორი წერილობითი ფორმით გავრცელებული განცხადების გარდა, ვერცერთი კვალიფიციური სპეციალისტის საჯარო კომენტარი ვერ ვნახე, ვინც აუხსნიდა მოქალაქეებს, რა უნდა ექნათ კრიზისულ ვითარებაში. ამ მხრივ ჰიპოთეტური თუ რეალური ტერაქტების დროსაც მოვიკოჭლებთ.
2017 წელს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისასაც* კატასტროფული საინფორმაციო შიმშილი შექმნა სახელმწიფომ. ვიცი, რომ ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები და მინიმუმ ვერ იყენებენ”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი და ასახელებს სამ სცენარს, რომლებიც ტელეგრამარხის გამოყენებით ტერორიზმის მუქარის ავტორების რეალურ მოტივს ახსნიდა.
- ცრუ შეტყობინება, რომელიც ძალოვანი უწყებების რეაგირების ეფექტურობის შემოწმებას ისახავს მიზნად;
- საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა რომელიმე ჯგუფის მიერ;
- საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა ხელისუფლების მიერ.
„ავტორიტარული რეჟიმები მსგავსი ტიპის ქმედებებს იყენებენ ხოლმე მოქალაქეების შესაშინებლად. არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობ, თუმცა ასეთი სცენარიც უნდა იყოს განხილული.
ამ გზით ამბობენ, რომ თუ გარეთ გამოხვალ, შეიძლება ტერორიზმის მსხვერპლი გახდე, ამიტომ არ გამოხვიდე”, - ამბობს დავით ძიძიშვილი.
უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან ასახელებს კიდევ ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანას: ყაზახეთსა და სომხეთს, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსგავსი რამ მოხდა და ამ ფაქტებზე დაყრდნობით ასკვნის:
„სავსებით შესაძლებელია, რუსული სპეცსამსახურები უბრალოდ ამოწმებდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობას, თესავდნენ პანიკას და აშინებდნენ ახალგაზრდებს.
ახალგაზრდობა არის ფენა, რომლისთვისაც ყველაზე მეტადაა მიუღებელი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის რეანიმაცია, შესაძლოა სწორედ ასე გამოეხმაურა რუსეთი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მუხტს“.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის სკოლებში ტერორისტული თავდასხმის მუქარა ტელეგრამზე ორი დღის წინ გავრცელდა, სომხეთის დედაქალაქ ერევანში კი - 12 აპრილს. საქართველოს მსგავსად, ასტანასა და ერევანში ყალბი ცნობებით სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე იგეგმებოდა თავდასხმა.
საფრთხის იდენტიფიცირებიდან 15 საათის შემდეგ სომხეთის ეროვნულმა უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარს „კოორდინირებული საინფორმაციო ტერორი“ უწოდა. გამოძიება „ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე“ დაიწყო.
„ამ სამ ქვეყანაში ხელწერა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. გავრცელებული ფოტოებიც და ტექსტიც იდენტური იყო, მხოლოდ სკოლის სახელები შეცვალეს. ხმოვან შეტყობინებებში იყენებდნენ სიტყვას - “ლიცეუმი”. თუ საქართველოსთან შეხება გაქვს, ამ სიტყვას არ იტყვი. თავიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, ბოლო ფოტოზე კი კისტის თოფი იყო გამოსახული”, - ამბობს დავით ძიძიშვილი.
ტელეგრამარხი „ საშინელება თბილისი“ 19 აპრილს შეიქმნა, თუმცა მუქარის შეტყობინებების გავრცელება ორ დღეში დაიწყო.
შესაძლებელი იყო რეაგირება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებამდე?
ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი ფიქრობს, რომ კი, შესაძლებელი იყო. იმ დროს, როცა სპეციალისტმა ტელეგრამარხზე დაკვირვება დაიწყო, მას საშუალოდ 800 გამომწერი ჰყავდა, ორ საათში ეს რიცხვი 6000-მდე გაიზარდა.
„ანტიტერორისტული სამსახურის ფუნქციაა იქამდე აღკვეთოს საფრთხე, ვიდრე მაგალითად 6000 ადამიანი გაიგებს. ამდენი ხანი ჯგუფი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო. თუ საშუალოდ 5000-მა ადამიანმა გაიგო ეს ამბავი და მათ შორის ერთიც არ იყო სუსის შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომელი, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ამას გარდა, სპეცსამსახურებს მუდმივად აქვთ კონტაქტი სოციალურ ქსელებთან, სადაც ტერაქტი შეიძლება იგეგმებოდეს“, - ამბობს დავით ძიძიშვილი.
კონტრტერორისტული სამსახური, დავით ძიძიშვილისვე თქმით, ფლობს იმ ტექნიკასა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც მსგავსი შეტყობინებების დაბლოკვა შეუძლია. ამასთან, აშშ და სხვა პარტნიორები საერთაშორისო გრანტებითა და სპეციალური სერვისების შეთავაზებით საქართველოს კონტრტერორისტული სამსახურის მომზადების დონეს ყოველწლიურად აუმჯობესებენ.
„...თუმცა, თუ მსგავს საქმეებზე გამოძიება საჯაროობას არ უზრუნველყოფს, ცდუნება იმისა, რომ კვლავ ჩაიდინონ მსგავსი ტიპის ქმედება, გაიზრდება. სუსმა ხმამაღლა უნდა თქვას, დააკავა თუ არა ვინმე, გამოავლინა თუ არა სავარაუდო დამნაშავე. სხვანაირად პრევენცია ვერ მოხდება“, - ამბობს დავით ძიძიშვილი.
ეს არ ყოფილა მუქარის შემცველი ცნობის გავრცელების პირველი შემთხვევა საქართველოში. სამი თვის წინ, ცრუ შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერებების სავაჭრო ცენტრებსა და სკოლებში არსებობის შესახებ ქალაქ ბათუმშიც გავრცელდა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ცრუ შეტყობინებები უკავშირდებოდა ბათუმის ხუთ საჯარო სკოლას. ბათუმელები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ პანიკის გამო მშობლებმა ბავშვები 22 იანვარს სკოლებში აღარ გაუშვეს.
სამართალდამცველებმა, კინოლოგების ჩართვით, ბათუმის ყველა დიდი სავაჭრო ცენტრი შეამოწმეს და ვერაფერს მიაკვლიეს.
14 თებერვალს ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს. მიზეზი გახდა ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ. იმ დროს თვითმფრინავში 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყვნენ.
თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე ცრუ შეტყობინების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დავით ზარნაძე დააკავეს.
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე გამოკითხეს 31 იანვარს პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე. გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი.
სუსის ცნობით, დროის გარკვეული ინტერვალით, ბექა ვარდოსანიძის ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები. მათ შორის - ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ მეილზეც.
ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბ „ბასიანში“, „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება ტელეგრამში გავრცელებულ მუქარისა და თავდასხმის შეტყობინებებზე დაიწყო. თუმცა გამოძიების კვალიფიკაციას ჯერ არ გვიზუსტებენ.
* 2017 წელს 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სპეცოპერაციისას „ისლამური სახელმწიფოს “ წევრმა აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის დროს მოკლეს კიდევ ორი ადამიანი, ერთი კი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუსის ერთი თანამშრომელი.