Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბომბების ძებნა საქართველოში - რა დგას ცრუ შეტყობინების უკან?


სავაჭრო ცენტრები და სასწავლო დაწესებულებები - 2023 წლის 30 დეკემბრის შემდეგ, საქართველოში არაერთხელ მოუწიათ ასაფეთქებელი მოწყობილობების ძებნა, ბათუმსა და თბილისში.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცრუ შეტყობინებები ქსელურ თამაშებს უკავშირდებოდა, როგორც ბათუმის, ასევე თბილისის შემთხვევაში.

სუსი არ ასახელებს არც კონკრეტულ თამაშსა და არც ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ცრუ განგაში ატეხეს. აცხადებენ, რომ შეტყობინებები საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიოდა.

უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა ცრუ შეტყობინებები ტელეგრამარხებზე გავრცელებულ მუქარის შემცველ რუსულენოვან განცხადებებს - რომელთა შინაარსიც ასევე რუსეთს უკავშირდება.

რა ვიცით ამ ეტაპზე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 22 იანვარის განცხადებაში ზოგადად არის მითითებული, რომ ცრუ შეტყობინებები ეხებოდა ბათუმში, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებს. არ კონკრეტდება - სულ რამდენი შენობა შეამოწმეს.

აჭარის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, 21 იანვარს, სამართალდამცველები, კინოლოგების ჩართვით, ამოწმებდნენ ბათუმის ყველა დიდ სავაჭრო ცენტრს. ამ ჩამონათვალშია: „ბათუმი პლაზა“, „ბათუმი მოლი“, „გრანდ მოლი“, „მეტრო სითი“ და „აგროჰაბი“. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ცრუ შეტყობინებები უკავშირდებოდა ბათუმის 5 საჯარო სკოლასაც.

ბათუმელები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ - პანიკის გამო, მშობლებმა ბავშვები 22 იანვარს სკოლებში აღარ გაუშვეს.

ბათუმისგან განსხვავებით, საზოგადოებამ დიდი ხნის დაგვიანებით შეიტყო, რომ მსგავსი ცრუ შეტყობინებები მანამდე ყოფილა დედაქალაქშიც - თავისუფლების მოედანთან სულ ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრ - „გალერეა თბილისში“ - 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 17 იანვარს.

როგორც რადიო თავისუფლებას სუსში უთხრეს, „გალერეა თბილისიდან“ ხალხის ევაკუაცია აღარ გახდა საჭირო, რადგან ორივე შემთხვევაში - განგაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გამოცხადდა.

სუსი აცხადებს, რომ როგორც ბათუმის, ასევე თბილისის შემთხვევაში, ცრუ შეტყობინებები საზღვარგარეთიდან გავრცელდა და ჯერ ისევ ეძებენ ინიციატორებს. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში ინიციატორმა „მიზანმიმართულად“ მიუთითა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიების თანახმად, ცრუ შეტყობინებების ფაქტები უკავშირდება „საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, რომელშიც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან“.

სუსში დავაზუსტეთ, რომ ქსელურ თამაშებს უკავშირდება ყველა შემთხვევა - ბათუმშიც და თბილისშიც.

ახლახან ცრუ შეტყობინებაზე იუწყებოდნენ სოხუმიდანაც. 19 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სოხუმის #2 სკოლა დანაღმულია. მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაციის შემდეგ გაირკვა, რომ შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამებოდა - სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. „ჩვენ ჩავატარებთ სწავლებებს, რათა აღვკვეთოთ მსგავსი ფაქტები“, - უთხრა „აფსნიპრესს“ ე.წ. უწყების ხელმძღვანელმა, ლევ კვიცინიამ.

რა მიზანი აქვს ცრუ შეტყობინებას?

როცა სამართალდამცველებს ადგილზე ბომბი არ ხვდებათ, სასიხარულოა, მაგრამ ცრუ შეტყობინება ბოლომდე დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან, თეორიულად, შესაძლებელია კონკრეტული ადამიანი ან ჯგუფი ნიადაგს სამომავლოდაც სინჯავდეს.

„ცრუ შეტყობინებით დაწყებულ პროცესს შესაძლოა ჰქონდეს თავისი მიზნები: შიშისა და პანიკის დათესვა... ასევე მიზანი შეიძლება იყოს უსაფრთხოების სისტემის შემოწმება - როგორ რეაგირებს სახელმწიფო, მისი სტრუქტურები ტერორისტულ საფრთხეებზე - რა ძალებით, რა საშუალებებით...რუსეთი სულაც არ თაკილობს ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის - საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე, რომელიც მსგავს საფრთხეებს, პირველ რიგში, ოკუპანტი ქვეყნისგან, რუსეთისგან მოელის.

ცრუ შეტყობინებებს ექსპერტები ხშირად განიხილავენ ჰიბრიდული ომის მექანიზმად, რომლის ერთ-ერთ ამოცანა, შეგუების გზით, მსგავსი შეტყობინებების მიმართ მოსახლეობის მოდუნებაცაა.

ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ, ზოგადად, ქსელური თამაშები „ძალიან ბევრი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისთვის გამოიყენება“ (მაგალითად, როგორიც არის: არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა, კიბერბულინგი, მუქარა, ნარკოტიკებით ვაჭრობა) და უპირველესად იმის გამო, რომ „მონაწილეების ანონიმურობას უზრუნველყოფს“, თუმცა „კვალზე გასვლა მაინც შესაძლებელია“.

პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში, რუსეთში

ცრუ შეტყობინებები თითქმის ყველა ქვეყნის პრობლემაა; თუმცა, მაგალითად დასავლეთ საფრანგეთში მომრავლებულ ფაქტებს ქსელურ თამაშებს არ უკავშირებენ.

CBS NEW რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა, რომ დასავლეთ საფრანგეთის პოლიციაში დაკითხეს 13 წლის მოზარდი, სულ ცოტა, 380 ცრუ შეტყობინების ბრალდებით. ის აეროპორტებს, სასამართლოებსა თუ უნივერსიტეტებს შეტყობინებებს ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით უგზავნიდა. სავარაუდოდ, იყენებდა VPN-ს, კერძო ვირტუალურ ქსელს, რომელიც მალავს შეტყობინების წყაროს.

არის ცნობები, რომ სხვადასხვა დროს საფრანგეთში გადაიდო არაერთი ავიარეისი და განგაში გამოცხადდა სხვადასხვა დაწესებულებაში. ქვეყანას მასშტაბური ზარალი მიადგა.

შემოდგომიდან მოყოლებული, საფრანგეთში გახსნილია 192 საქმე და 30 შემთხვევაში გამოვლენილია დამნაშავე - ძირითადად ახალგაზრდები და მოზარდები. ოფიციალური ინფორმაციით, აღირიცხა მრავალი შეტყობინება ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგაც. ზიანის ანაზღაურება საფრანგეთში არასრულწლოვნების მშობლებს უწევთ.

2022 წლის ივლისში ცრუ შეტყობინებების ტალღამ მოლდოვას გადაუარა.

3 კვირის განმავლობაში, პოლიციაში შევიდა 50-ზე მეტი შეტყობინება - კიშინიოვსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში - 100 სხვადასხვა ორგანიზაციის დანაღმვასთან დაკავშირებით.

მოლდოვის პრესა წერდა, რომ - შეტყობინებები, რომლებიც გასაჯაროვდა - რუსულ ენაზე იყო. კიშინიოვში ითქვა, რომ პროცესი საზღვარგარეთიდან იმართებოდა და მასში არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული. მოლდოვის პროკურატურა ცრუ შეტყობინებებს მოლდოვის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ქვეყნის დასავლურ ვექტორს უკავშირებდა.

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ წარმომადგენელი, ტერორიზმის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი ჩვენთან საუბრისას - რუსეთის მაგალითს იხსენებს, როცა ცრუ შეტყობინებები კონკრეტულ ქსელურ თამაშს დაუკავშირეს და არაერთი ადამიანი დააკავეს.

„როგორც წერდნენ, ასეთი ფაქტები [ცრუ შეტყობინებები] მრავლად იყო რუსეთში და სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრეს. ონლაინთამაშების საშუალებით იბირებდნენ არასრულწლოვნებს და რთავდნენ სატელეფონო ტერორიზმში - სხვადასხვა დაპირების სანაცვლოდ. არასრულწლოვნებს ეუბნებოდნენ - თუ დარეკავ ამა და ამ ადგილას და იტყვი, რომ იქ არის ბომბი, შენ ვერ დაგსჯიან, რადგან არასრულწლოვანი ხარ და სანაცვლოდ მიიღებ ამავე თამაშისთვის გამოსადეგ ფასიან სერვისებს“, - დავით ძიძიშვილი გვიხსნის, რომ არ არსებობს სპეციალური თამაში, რომელიც გამიზნულად ცრუ შეტყობინებებისთვის შეიქმნა. უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ ცრუ შეტყობინებები ფარულად ინტეგრირდა პოპულარულ ქსელურ თამაშებთან.

ფაქტები რუსეთში დაუკავშირეს ონლაინთამაშებს - PUBG-სა და DOTA-ს, რომლებიც, უშუალოდ თამაშის პარალელურად - გეიმერებს პირადი კომუნიკაციის საშუალებასაც აძლევს.

„თამაშს იყენებენ იმისთვის, რომ, როგორც რუსები უწოდებენ - ცრუ შეტყობინებებისთვის დაავერბოვკონ მოზარდები“, - გვეუბნება ძიძიშვილი.

ინტერნეტში, ფორუმებზე მრავლად იძებნება ინფორმაცია, როდესაც ინგლისურენოვანი მომხმარებლები, მაგალითად, DOTA-ს შემთხვევაში, რუსულენოვანი მომხმარებლების მხრიდან ზეწოლაზე ამახვილებენ ყურადღებას. გეიმერები წერენ, რომ რუსები უგზავნიან აგრესიულ ხმოვან შეტყობინებებს რუსულ ენაზე და ერთმანეთს ურჩევენ, რომ რუსი მოთამაშეები დაბლოკონ.

სხვადასხვა დროს რუსეთში „ტერორიზმის აქტზე განზრახ ცრუ შეტყობინების“ მუხლით არაერთი ადამიანი დააკავეს.

2022 წლის თებერვალში, გაზეთი „საბჭოთა სახალინი“ 14 ადამიანის დაკავების შესახებ იტყობინებოდა. მათ სასჯელად კი, 3-დან 8 წლამდე პატიმრობას ასახელებდნენ. „საბჭოთა სახალინი“ მიუთითებდა, რომ ორგანიზატორი იყო ინტერნეტქსელი - უკრაინის მოქალაქის ხელმძღვანელობით. ეს ინფორმაცია 2 კვირით უსწრებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

საქართველოს შემთხვევაში უცნობია, რა კავშირი აქვს ცრუ შეტყობინებებთან სოციალურ ქსელებში რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ მუქარის შემცველ განცხადებებს.

ერთ-ერთ ასეთ განცხადებაში მითითებული იყო, რომ „საქართველო რუსეთის ნაწილია“ და, რომ საქართველოში გაჟლეტენ რუსეთის მიმართ ურჩებს. ანგარიშების სახელწოდებებში ფიგურირებდა სიტყვა „ვილაიეთი“. ტელეგრამზე ამ ანგარიშების დაბლოკვა 21 იანვარსვე დაიწყო.

ამის შესახებ სუსის 22 იანვრის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე და ყველა გარემოება დადგინდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. სუსის თანახმად, „მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს“.

საქართველო გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის წევრია და საერთაშორისო თანამშრომლობის ხანგრძლივი პრაქტიკა აქვს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG