Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიცოცხლის ყუთები“ - როგორ დაეხმარო სხვას ისე, რომ თავადაც გადარჩე


ახალგაზრდებმა, რომლებიც Covid-19-ის გამო უმუშევრები დარჩნენ, საკუთარი და სხვების დახმარების აქცია წამოიწყეს. „სიცოცხლის ყუთებმა“ საყოველთაო გაჭირვებისას ყველაზე დაუცველებს უნდა „მიუსწროს“.

20 წლის მაშო ე.წ. ბავშვთა სახლში გაიზარდა. 2 წლის წინ, როცა 18 წლის გახდა სახელმწიფომ მასზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. მას და მის თანატოლებს ბავშთა სახლიდან, მოუწიათ თავი საკუთარი სახსრებით და ერთმანეთის დახმარებით ერჩინათ.

გადარჩენის ერთ-ერთი გზა საერთო ბინის ერთად დაქირავება იყო და ასეც მოიქცნენ. ახალგაზრდები მუშაობდნენ და ასე თუ ისე თავიც გაჰქონდათ, მაგრამ საგანგებო მდგომარეობამ ვითარება შეცვალა. დღეს ექვსი კაციდან სახლში საჭმლის მიტანას მხოლოდ მაშო ახერხებს.

„ჩემი სამსახური არ დახურულა, მაგრამ ჩემს მეგობრებს შეექმნათ პრობლემები. ვეღარ დებენ ფულს ბინის ქირის გადასახდელად, გადასახადების დასაფარად. მე მხოლოდ ის შემიძლია საჭმელი ვიყიდო და ჩემი წილი ქირის გადასახადი დავდო. მეტს ჩემი შემოსავალი არ ჰყოფნის და არ ვიცი რა იქნება“, - ამბობს მაშო.

ახალგაზრდებს, რომლებიც 18 წლის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუციებიდან პირდაპირ ქუჩაში რჩებიან, სამსახურის შოვნა და ხელობის სწავლა ისედაც უჭირდათ.

„ყოველწიურად 50 ბავშვი ტოვებს ზრუნვის სისტემას და ხდება უხილავი, რადგან სახელმწიფომ არ იცის სად უნდა წავიდნენ ისინი” - ამბობს ლელა ეხვაია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების შანსის“ ხელმძღვანელი, რომელიც 10 წელზე მეტია ბავშვთა სახლებიდან „გამოსულებს“ ადაპტაციაში ეხმარება.

ლელა ეხვაია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობს გამო ოცდაათიოდე ახალგაზრდა ულუკმაპუროდ დარჩა.

ლელა ეხვაიას არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციიდან წამოსულმა ახალგაზრდამ უმაღლესი განათლების მიღება შეძლო. ისინი ძირითადად ხელობას სწავლობენ. დასაქმებულნი არიან სარესტორნო სფეროში, მზარეულებად ან მიმტანებად; ფლორისტულ სალონებში ან ტანსაცმლის მაღაზიებში.

დღეს ყველა ეს დაწესებულება დახურულია. საგანგებო მდგომარეობა კი დიდი ალბათობით კიდევ 20 დღით გახანგრძლივდება. „ერთმა ბიჭმა მომწერა, რომ ქუჩაში ათევს ღამეს. ბინა კი ყველას არ დაუკარგავს, მაგრამ მარტო ესეც ხომ არ არის“,- ამბობს ლელა ეხვაია.

ორგანიზაციამ ახალგაზრდების დასახმარებლად აქცია წამოიწყო. „უხილავი ბავშვები“ პროდუქტებით სავსე ,,სიცოცხლის ყუთებს“ დაამზადებენ, მათ კი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს ეს ყუთები იმ ოჯახებისთვის უნდა შეიძინოს, ვისაც ის სჭირდება.

„ზოგს შეუძლია მოხუცისთვის შეიძინოს ეს ყუთი, ზოგს, სოციალურად დაუცველისთვის, ერთმა ქალბატონმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის შეიძინა. ახლა მშობლისთვის რთულია ბავშვთან ერთად მაღაზიის რიგში დადგე“, - ამბობს ლელა ეხვაია.

„სიცოცხლის ყუთში“ იქნება 15 სახეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები. თითო ყუთის ფასი 25 ლარია. ყუთის შეკვეთა შესაძლებელია ფეისბუკგვერდის საშუალებით. ყუთს დანიშნულების ადგილამდე ორგანიზაცია მიიტანს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG