Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმფრინავით მესტიიდან თელავში, სახელმწიფოს უნდა, მეტი შიდა ფრენა დააფინანსოს


საქართველოს შიგნით ფრენების ფოტოილუსტრაცია
საქართველოს შიგნით ფრენების ფოტოილუსტრაცია

საქართველოს მთავრობა ეძებს ავიაკმპანიას, რომელიც ქვეყნის შიგნით იფრენს და მზადაა, მას 23 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადოს.

სახელმწიფო კომპანია აეროპორტების გაერთიანებამ, რომელიც ქვეყნის აეროპორტებს მართავს [თბილისის და ბათუმის გარდა], კომპანიის შესარჩევად ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა. მთავრობა შემდეგი სამი წლის განმავლობაში [თუ ხელშეკრულების ვადა არ გახანგრძლივდა] 12 მიმართულებას დაასუბსიდირებს.

თბილისი-ბათუმის რეისზე კომპანიას ხელშეკრულება ორი წლით გაუფორმდება, მან ფრენები სულ მცირე 40-ადგილიანი თვითმფრინავით უნდა შეასრულოს, სადაც თითო მგზავრს არანაკლებ 15 კილოგრამი ხელბარგის ატანის საშუალება ექნება. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო 26 560 ადგილში დაახლოებით 114 დოლარს გადაიხდის.

მეორე, 15 018 896-ლარიანი ტენდერი შემდეგ მიმართულებებზე გამოცხადდება:

  • თბილისი-ამბროლაური
  • თბილისი-ქუთაისი
  • თელავი-ბათუმი
  • თელავი-ქუთაისი
  • თელავი-ამბროლაური
  • თელავი-თბილისი
  • მესტია-ბათუმი
  • მესტია-ქუთაისი
  • მესტია-თბილისი
  • მესტია-ამბროლაური
  • მესტია-თელავი

თელავის აეროპორტის რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ დაწყებულა, ამიტომ შიდა რეისები წელსვე არ შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ აეროპორტი თვითმფრინავების მიღებას 2025 წლიდან შეძლებს.

“მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის აეროპორტს, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენებში და დავაკავშირებთ თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან. პროექტის მიზანია, კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მოგზაურებისთვის საქართველოში სტუმრობა“, - ამბობს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე.

ბათუმი-თბილისის რეისისგან განსხვავებით, აქ მთავრობა თითოეულ მიმართულებაზე განსხვავებულ საფასურს იხდის. ხელშეკრულების პერიოდში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე [ორივე მიმართულებით], ჯამში, დაახლოებით 47 760 ადგილი უნდა იყოს, რაც 15 მლნ ლარზე მეტი დაჯდება. ამ შემთხვევაში კომპანიასთან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. რა ეღირება ბილეთის ფასი, ჯერ უცნობია. მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიის შერჩევის შემდეგ ფასს აეროპორტების გაერთიანება დაადგენს.

ფასები შიდა ავიარეისებზე დღეს:

ნატახტარი - ზრდასრული 90 ლარი; ბავშვები 63 ლარი;
ნატახტარი - ამბროლაური ზრდასრული - 50 ლარი; ბავშვები - 35 ლარი;
ნატახტარი - ბათუმი ზრდასრული - 125 ლარი; ბავშვები - 88 ლარი;
მესტია - ქუთაისი ერთი გზა: ზრდასრული - 50 ლარი; ბავშვები - 35 ლარი.

რადგან რეისები ბიუჯეტიდან ფინანსდება საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია, თუმცა კომპანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ფასის ზრდა აუცილებელი იყო.

დღეს საქართველოში ოთხი რეისი დაფრინავს: თბილისიდან ბათუმში, ნატახტრიდან მესტიასა და ამბროლაურში და მესტიიდან ქუთაისში.

ამ რეისებს კომპანია „აკ-ეარი“ ასრულებს, ხოლო “ჯორჯიან ვინგსში” გვითხრეს, რომ მთავრობის სუბსიდირებით ბათუმი-თბილისის რეისზე წლის ბოლოს დაფრინავდნენ. ჯერჯერობით არცერთი ავიაკომპანია არ ამბობს, მიიღებს თუ არა ტენდერში მონაწილეობას.

“ჯორჯიან ვინგსში”, რომელიც თბილისიდან ბათუმში დაფრინავს, გვითხრეს, რომ ჯერ სატენდერო პირობებს უნდა გაეცნონ. "აკ-ეარ ჯორჯიას" ერთ-ერთი მფლობელი ამირან მანჯავიძე კი ამბობს, რომ მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება მაისის ბოლოს იწურება და მანამდე დრო აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად.

“ვსწავლობთ ფინანსისტებთან ერთად. ვნახოთ, არ ვიცი, ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს”, - ამბობს მანჯავიძე.

საქმე ისაა, რომ "აკ-ეარ ჯორჯია", რომელსაც პატარა თვითმფრინავები ჰყავს, წლებია ნატახტრიდან დაფრინავს, მთავრობამ კი ახალ ტენდერში ეს აეროპორტი არ შეიტანა. როგორც ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ამბობს, სხვა ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც საერთაშორისო რეისებს ასრულებენ, ძირითადად ბოინგებს ფლობენ. ასეთი ხომალდები კი 15 წუთის საფრნენ გზაზე არარენტაბელურია, მით უმტეს, სუბსიდირების პირობებში.

“როდესაც სახელმწიფო ტენდერს აცხადებს, შესწავლილი უნდა ჰქონდეს, ავიაკომპანიებს, რომლებსაც მონაწილეობის სურვილი ექნებათ, ავიაპარკში შესაბამისი ტიპის თვითმფრინავები აქვთ თუ არა. ასეთი ტიპის ავიაპარკი "აკ-ეარ ჯორჯიას" გარდა არავის არ აქვს”, - ამბობს ზაუტაშვილი.

სახელმწიფო, ფრენების სუბსიდირებას უკვე წლებია ტურიზმის განვითარების მიზნით ხსნის.

“ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებულია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხელმისაწვდომი ფასებით შეძლონ, იმოგზაურონ ერთი რეგიონიდან მეორეში ან დედაქალაქში. პროექტი მნიშვნელოვანია სვანეთისთვის, რაჭისთვის, კახეთისთვის, ყველა იმ მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომლებიც აღნიშნულ რეგიონებში ტურიზმის სექტორში არიან ჩართულები. ასევე შიდა ფრენების სტიმულირებით, ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ჩამოსული ტურისტები ქვეყნის ყველა რეგიონში ვამოგზაუროთ”, - ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 7 მაისამდე შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG