Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დედაქალაქები


9 საუკუნის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქის ფუნქციას მცხეთა ასრულებდა, უმცა ეს ერთადერთი ქალაქი არ იყო, რომელსაც თბილისამდე მსგავსი მისია ჰქონდა დაკისრებული. ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე რადიო თავისუფლებასთან სატახტო ქალაქებისა და რეზიდენციების ისტორიას ჰყვება.

ზუა

დიაოხის სატახტო ქალაქი ზუა ძვ. წ. XII – IX საუკუნეებში არსებობდა. ლურსმნულ წარწერებში მასთან ერთად იხსენიება დიაოხისა და კოლხის სხვა სამეფო ქალაქებიც. ვარაუდობენ, რომ ეს დასახლებები კლარჯეთსა და ტაოს შორის მდებარეობდა. ზუა ციკლოპური, მშრალი წყობის დიდი ლოდებით ნაგები გალავნიანი ციხე-ქალაქი იყო, რომლის მთავარ ფუნქციას თავდაცვა წარმოადგენდა.

ილდამუსა

ძვლი ქალაქების ზუსტ ადგილმდებარეობაზე მეცნიერებს სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ილდამუსა - ძვ.წ.აღ. VIII საუკუნის კოლხის დედაქალაქი - ჭოროხის ხეობაში მდებარეობდა.

ბონდო კუპატაძე
ბონდო კუპატაძე

თუხარისი

ისტორიულ წყაროებში ნახსენებია მეცნიერებისთვის მისტიკური ტერიტორია „არიან ქართლი“, რომლის მეფეები იარედი და მისი შვილი აზო არიან. ამ სამეფოს მთავარი ციხე-ქალაქი უნდა ყოფილიყო თუხარისი, რომელიც კლარჯეთში მდებარეობდა. მეორე ვერსიით, „არიან ქართლის“ პოლიტიკური ცენტრი ჰურის ციხე იყო, ადგილი, სადაც შემდეგ ფარნავაზმა მეფე აზო დაამარცხა. ჰურის ციხის ნაშთები საქართველოში დღემდეა შემორჩენილი.​

ციხეგოჯი
ციხეგოჯი

არქეოპოლისი

არქეოპოლისი, იგივე ციხეგოჯი, ნოქალაქევში მდებარეობს. IV-VII საუკუნეებში ის მოიხსენიება როგორც ლაზიკის სამეფოს ცენტრი. ამ სტატუსს ციხეგოჯი, დაახლოებით, 7 საუკუნის განმავლობაში ინარჩუნებდა.​

მცხეთა

მცხეთა დედაქალაქის ფუნქციას ძვ.წ.აღ. მე-4 საუკუნიდან ახ.წ.აღ.-ის მე-6 საუკუნემდე, ანუ მთელი 9 საუკუნე, ასრულებდა. ვახტანგ გორგასლის პერიოდში კი საქართველოს დედაქალაქი უკვე თბილისი გახდა. უფრო სწორად, ეს პროცესი გორგასალმა დაიწყო და შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა დაჩიმ და ვარაზბაკურმა დაასრულეს.

მეფის რეზიდენციები

მე-5 საუკუნეში, მეფის გავლენის ზრდასთან ერთად, საჭირო ხდება სამეფო რეზიდენციების არსებობა ქვეყნის განაპირა მხარეებში. ამიტომ ვახტანგ გორგასლის პერიოდში თბილისთან ერთად გაჩნდა კიდევ რამდენიმე სამეფო ქალაქი, მათ შორის: უჯარმა, არტანუჯი, ჭერემი და ხორნაბუჯი. ციხეები ამ ქალაქებიდან დღემდე შემორჩენილია. ​

თბილისი

თბილისი დედაქალაქის სტატუსს პერიოდულად კარგავდა, შემდეგ კი ისევ იბრუნებდა. 744 წლიდან 1122 წლამდე თბილისი, ფაქტობრივად, საამიროდ იყო ქცეული. ბოლო ამირას სიკვდილის შემდეგ კი მას 40 წლის განმავლობაში ტფილელი ბერები მართავდნენ. ტფილელი ბერები შეადგენდნენ ვაჭართა და ხელოსანთა ჯგუფს, რომლის ძალაუფლება იმ პერიოდისთვის ქალაქის თვითმართველობის ფორმად ჩამოყალიბდა. თბილისი საბოლოოდ დაიბრუნა დავით აღმაშენებელმა, რომლის სატახტო ქალაქი მანამდე ქუთაისი იყო.

ქუთაისი

ქუთაისი ისტორიულ წყაროებში ჯერ აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად მოიხსენიება, შემდეგ - აფხაზთა და ქართველთა სამეფოსი, შემდეგ კი - აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა სამეფოსი. მე-8 საუკუნიდან მე-12 საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს დედაქალაქად სწორედ ქუთაისი ითვლებოდა.​

გელათი
გელათი

ქალაქი-კუნძული

თბილისის პარალელურად იყო სხვა ქალაქებიც, სადაც მეფეებს თავიანთი რეზიდენციები ჰქონდათ და იქ ხარკის ასაღებად ჩადიოდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ცხუმი. სოხუმში დარჩენილია ცხუმის ძველი კედელი; დური (ერთი ვერსიით, მდებარეობს დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე) და კუნძული ჩირდილის ტბაზე, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ კუნძულზე დღესაც არის შემორჩენილი სამკუთხედის ფორმის ნაქალაქარი.

რატომ არ არის საქართველოს დედაქალაქი ზღვასთან

ქალაქების ფორმირებისას ყურადღება ექცეოდა იმას, თუ რამდენად ახლოს იყო ის სავაჭრო და სამხედრო მაგისტრალებსა და მდინარესთან. ასევე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ქალაქში “დედა ციხის” აშენება.

ხშირად დედაქალაქები სწორედ ზღვის ნაპირას მდებარეობს, მაგრამ იმის გამო, რომ ქართველები ზღვას სათანადოდ არ იყენებდნენ, საქართველოს შემთხვევაში ასე არ მოხდა. სხვა ბევრ მიზეზს შორის შეიძლება დავასახელოთ ისიც, რომ საზღვაო სანაპირო თავდაპირველად ბერძნების, შემდეგ კი ბიზანტიელების გავლენის სფეროში იყო, მოგვიანებით კი იქ ოსმალთა გარნიზონები იდგა. საქართველომ ვერ მოახერხა ფლოტილიის შექმნა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროსაც კი ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე კატარღა თუ ჰქონდა.

„ვეფხისტყაოსანში“ ნახსენებია სტატუსი ამირბარი, რაც ფლოტის სარდალს ნიშნავს. ამ წოდებას ავთანდილი ატარებდა. თუმცა რეალურ ისტორიულ წყაროებში არსად ჩანს, რომ ასეთი თანამდებობა საქართველოში როდისმე არსებობდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG