რუსეთის დუმაში არაერთი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადება გაკეთდა საქართველოსა და ქართველი ხალხის მისამართით 9 ივლისს, ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე მსჯელობისას. ითქვა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დაუყოვნებლივ უნდა მოიხადონ ბოდიში ანტირუსული განცხადებების გამო. მოთხოვნებს შორის იყო ასევე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, აკაკი ბობოხიძისა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას გასამართლება და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამწესებაც.
რუსეთის დუმის სხდომაზე სადამსჯელო დადგენილების დამტკიცებისას აქტიურობდა ვლადიმირ პუტინის „ედინაია როსიაც“, თუმცა ოდნავ მოგვიანებით, თავად პუტინმა ერთგვარი უარი თქვა საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე. რას ნიშნავს და რას ეყრდნობა პუტინის არა?
პუტინმა გადაიფიქრა?
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ემხრობა საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ყოველ შემთხვევაში, 9 ივლისს მან ასე უთხრა რუს ჟურნალისტებს და მიზეზად ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა დაასახელა.
- „სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის მიზნით, მე არ გავაკეთებდი არაფერ ისეთს, რაც გაართულებდა ჩვენს ურთიერთობებს“;
- „რაც შეეხება სხვადასხვა სახის სანქციებს საქართველოს მიმართ, მე არ გავაკეთებდი ამას სწორედ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“.
სხვადასხვა წყაროს ცნობებს თუ გადავხედავთ, ხალხი, რომლის მიმართაც ვლადიმირ პუტინი პატივისცემას ინარჩუნებს, საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელმაც მწვავე პროტესტი გამოხატა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ცნობილი გინების შემდეგ.
თავად პუტინს ქართველი ჟურნალისტი სახელის მოხვეჭის მსურველ „ნაძირლებში“ გაჰყავს და სერიოზული რეაგირების საჭიროებას ვერ ხედავს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებიდან არ ჩანს, რამდენად მყარია მისი არა, ნათქვამი საქართველოს წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებზე. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ:
- პუტინმა ეს ქართველების გულის მოსაგებად თქვა;
- თუმცა ჯერ დარწმუნებით ძნელია იმის თქმა, იქცევა თუ არა მისი სიტყვა საქმედ.
ეჭვები იმის გათვალისწინებითაც ჩნდება, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით დაწესდა ტურისტული ემბარგო და 8 ივლისიდან საქართველოში რეისების შესრულება აეკრძალათ რუსეთის ავიაკომპანიებს.
პუტინს საქართველოს პრეზიდენტი არ უხსენებია. თუმცა მის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა რუსეთის ხელისუფლებას - არ აყვეს და არ უპასუხოს რადიკალური ძალების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებს.
პუტინის მიერ ჯერ მხოლოდ არაოფიციალურად, მაგრამ გარკვეული ფორმით ნათქვამ უარს უკვე მიესალმებიან საქართველოს საგარეო უწყებაში.
„ჩვენ გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომელმაც გამოიწვია სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია იყო კატეგორიულად მიუღებელი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიესალმო“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
ოპოზიცია კი, შეახსენებს ხელისუფლებას, რომ რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი.
„სანქციების შემოღების მუქარა და შემდეგ არ შემოღება არის ზუსტად ისეთივე შანტაჟის მექანიზმი, როგორც თავად სანქცირება. ამიტომ რუსეთი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორი არ არის და ვერ იქნება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების გასაღები არის ევროპაში, ევროპულ ბაზარში, ევროკავშირში გაწევრიანებაში და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რას გადაწყვეტს დილით პრეზიდენტი პუტინი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ რუსეთის დუმის მიერ ახალ სანქციებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებაზე რეაგირებისას, რუსეთის მთავრობა პრეზიდენტის პოზიციას გაითვალისწინებს
სწორედ მთავრობას მიმართა რუსეთის დუმამ 9 ივლისს მიღებული დადგენილებით, რომ მოამზადოს და პრეზიდენტს წარუდგინოს კონკრეტული წინადადებები საქართველოსთვის დასაწესებელი ახალი ეკონომიკური სანქციების შესახებ.
ქართველების შეურაცხყოფა და დასჯის სურვილები
რუსმა დეპუტატებმა 9 ივლისს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებების თანხლებით განიხილეს და დაამტკიცეს საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული დადგენილება - პუტინის უარამდე ორიოდე საათით ადრე.
ვლადიმირ პუტინის პარტიის „იედინაია როსიას“ წარმომადგენელმა, დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, პიოტრ ტოლსტოიმ საქართველოს, უკრაინის მსგავსად, ტერიტორიებდაკარგული „გაავებული ინვალიდი“ და „შეუმდგარი სახელმწიფო“ უწოდა. მან თქვა:
- „მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წყალობით (და ეს ყველამ იცის) არსებობს დღეს მსოფლიო რუკაზე ორი გაავებული ინვალიდი - თავიანთი ტერიტორიების ნაწილების გარეშე, შეუმდგარი სახელმწიფოები - უკრაინა და საქართველო“;
- „ამ სიავით იგიზგიზებენ დიდხანს, ვიდრე არ მიხვდებიან, რომ ამ ტერიტორიებს ისინი ვერასოდეს დაიბრუნებენ“;
- „ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ დაუყოვნებლივ და ოფიციალურად“.
სერგეი გავრილოვის საქართველოდან გაძევების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის გინება „რუსთავი 2“-ის ეთერში - რუსი დეპუტატები თვლიან, რომ ანტირუსულმა განწყობებმა საქართველოში უკვე პიკს მიაღწია და რუსეთმა სიკეთის არდამფასებელ საქართველოს საკადრისი, ხისტი პასუხი უნდა გასცეს.
„ლიბერალურ-დემოკრატიული“ ფრაქციის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის თქმით, საქართველო რუსეთის წყალობით არსებობს და თბილისის თავზე რუსეთის დროშა უნდა ფრიალებდეს.
„საჭიროა ყველაზე ხისტი და გადამწყვეტი ზომები, რომ დამყარდეს წესრიგი მთელ სამხრეთ კავკასიაში... ეს იქნება რუსების გამარჯვება. რუსეთის დროშა ხელახლა უნდა აღიმართოს როგორც თბილისის, ასევე კიევის თავზე. სხვა შემთხვევაში, იქ პროფაშისტური რეჟიმები იქნება“, - თქვა ჟირინოვსკიმ დუმის სხდომაზე.
„სპრავედლივაია როსიას“ წარმომადგენელმა, ოლეგ ნილოვმა გიორგი გაბუნიას სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა. რუსი დეპუტატი ჟურნალისტის გარდა, საქართველოს ექსპრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის გასამართლებასაც ითხოვს.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რუსეთში ჩაყვანა და შემდეგ ფსიქიატრიულში გამწესება - ასეთია რუსი დეპუტატის იდეა.
ამ ჭრილში ლაპარაკი თავიდან „ევროპულ საქართველოს“ დეპუტატზე დაიწყო (რუსების აფხაზეთის ომში მკვლელობასთან და კვლავაც მოკვლის დაპირებასთან დაკავშირებული განცხადების გამო), თუმცა შემდეგ დააზუსტა - ყველა მანამდე დასახელებულ პირს ვგულისხმობო. მიხეილ სააკაშვილი მან ახსენა გიორგი გაბუნიას ქმედების შესაძლო დამკვეთად.
„შემდეგ რაა? გამოვაცხადებთ საერთაშორისო ძებნას, არ გადმოგვცემენ? აქ მე უფრო ხისტ ქმედებას გთავაზობთ - ნებისმიერი ფორმით, მაპატიეთ და ფიტულის თუ ლეშის სახით, უნდა ჩამოვიყვანოთ ის, გავასამართლოთ და შესაძლოა ფსიქიატრიულში გავამწესოთ... უფრო იმისკენ ვიხრები, რომ ეს ფიგურანტები, ვინც ჩამოვთვალე, უნდა განვათავსოთ ზუსტად ფსიქიატრიულში. მაგრამ ისინი იზოლირებული უნდა იყვნენ და არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაიდინონ ეს დანაშაულები და თან სახელმწიფოსა და მედიის ბერკეტების გამოყენებით“, - თქვა „სპრავედლივაია როსიას“ წარმომადგენელმა.
რუსი დეპუტატები სანქციების დაწესებას რუსოფობიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირების წინაპირობად განიხილავენ. ჩანს, რომ მოსკოვში მთლად კმაყოფილი არ არიან გიორგი გაბუნიას საეთერო გინების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან გაკეთებული სწრაფი განცხადებებით.
ოფიციალური წყაროს ცნობით, რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა 9 ივლისს კიდევ ერთხელ გაიხსენა, სერგეი გავრილოვის ჩაშლილი ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები „რომ რუსეთი აგრესორია, ხოლო რუსები ოკუპანტები არიან“.
„ეს დაუშვებელია, ჩვენ არც აგრესორები ვართ და არც ოკუპანტები. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ და ვაკეთებთ საქართველოსთვის. არ დავუშვებთ, რომ ასე მოექცნენ ჩვენს ქვეყანას“, - თქვა დუმის თავმჯდომარემ, „იედინაია როსიას“ წარმომადგენელმა.