Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი


„ძალიან სამწუხრო რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას. მისი თქმით, ერთმნიშვნელოვნად კარგია, რომ სანქციებს არ შემოიღებენ, მაგრამ ეს არ ხდება იმიტომ, რომ რუსეთს და პუტინს საქართველოსთვის სიკეთე უნდა.

„სანქციების შემოღების მუქარა და შემდეგ არ შემოღება არის ზუსტად ისეთივე შანტაჟის მექანიზმი, როგორც თავად სანქცირება. ამიტომ რუსეთი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორი არ არის და ვერ იქნება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების გასაღები არის ევროპაში, ევროპულ ბაზარში, ევროკავშირში გაწევრიანებაში და ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რას გადაწყვეტს დილით პრეზიდენტი პუტინი. ამიტომ, გამოსავალი საქართველოს სტაბილურობისთვის არის არა იგივე გზის გაგრძელება, რომ რუსეთია ყველაფრის გამოსავალი და მოდი, პუტინს არ ვაწყენინოთ, არამედ მყარი ინსტიტუციონალური ევროპული გარანტიების მიღება ქვეყნის მომავლისთვის",- აცხადებს დავით ბაქრაძე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საჭიროდ არ მიიჩნევს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო.

მისი სიტყვებით, ქვეყანაში ანტირუსულ განწყობებს ის ადამიანები აქეზებენ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საქართველოს აზიანებენ.

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა.

9 ივლისს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, პლენარულ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

XS
SM
MD
LG