სასარგებლო იდიოტები. მართალია ამ გამოთქმის ავტორობას ვლადიმერ ულიანოვ-ლენინს მიაწერენ, დიდი ალბათობით საქმე აპოკრიფულ ისტორიასთან გვაქვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ სასარგებლო იდიოტიის ფენომენი სრულ თანხმოვნებაში იყო ბოლშევიკების ზრახვებთან - ლენინის, ტროცკისა თუ სტალინის მიზანი გახლდათ სასარგებლო იდიოტების ინკუბაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რათა მათ კომუნისტური ინტერნაციონალის ავანგარდის როლი ეკისრათ.
თუ არ ვცდები, პირველად გამოთქმა „სასარგებლო იდიოტებს“ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ გამოიყენებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც სტატიას მიუძღვნის იტალიაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ სიტუაციას, განპირობებულს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის გაძლიერებით. ბედის ირონიაა, რომ ომამდე თვით „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აღმოჩნდება ერთ-ერთი მთავარი სასარგებლო იდიოტის როლში, როცა თავის სახელგანთქმულ, პულიცერის პრემიის მფლობელ კორესპონდენტ ვალტერ დურანტის სტატიებს გამოაქვეყნებს. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ მოსკოვში მივლენილი იმ ვალტერ დურანტისა, რომელიც უარყოფდა საბჭოთა კავშირში მასობრივ შიმშილს, გამოწვეულს სტალინის კოლექტივიზაციით. ვალტერ დურანტის მსგავს სასარგებლო იდიოტებს შეიძლება გულწრფელად სჯეროდათ, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა და ისინი იმდენად იყვნენ დაბრმავებული „ბოლშევიკური ვარსკვლავით“, რომ ვერ ან არ ხედავდნენ საბჭოურ მიწაზე ადიდებულ სისხლიან მდინარეებს.
დღეს ევროპაში კომუნიზმის აჩრდილი ნაციონალ-პოპულიზმმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, კრემლმაც გაამრავალფეროვნა თავისი ქმედება: თუ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე კომუნისტური ინტერნაციონალი ნაციონალ-პოპულისტების ინტერნაციონალმა ჩაანაცვლა (რაც თავისთავად ოქსიმორონია), საქართველოს ტერიტორიაზე მოსკოვი მართლმადიდებლური ინტერნაციონალის შექმნითაა დაკავებული (რაც უფრო ლოგიკურია მოსკოვის მხრიდან).
როგორც გუშინ კაზმავდა კრემლი ევროპაში კომუნისტურ ტროის ცხენს, ისე არის იგი დღეს საქართველოში ე.წ. მართლმადიდებლურ-ცივილიზაციური საჯინიბოს ორგანიზებით დაკავებული. როგორც გუშინ იყვნენ ევროპელი სასარგებლო იდიოტები (ანრი ბარბიუსი, ლუი არაგონი და აშ.) მოჯადოებული სტალინთან აუდიენციის ან გაზეთ „პრავდაში“ სტატიის გამოქვეყნების უფლებით, ისე არიან დღევანდელი ქართველი სასარგებლო იდიოტები აღტაცებული, როცა მათ რუსულ მართლმადიდებლურ ტელეარხ „ცარგრადის“ პირდაპირ ეთერში იწვევენ, ან როცა ე.წ. მართლმადიდებლურ-ცივილიზაციურ ფორუმებზე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევენ...
როგორც გუშინ ევროპელ კომუნისტებს არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ მოსკოვის მარიონეტები იყვნენ, ისე დღეს „მართლმადიდებლურ-რუსული“ მზით მონუსხული ქართველი სასარგებლო იდიოტები ვერ ან არ ხედავენ, რომ სახარებისეული ფასეულობებისგან დაცლილი ანტიქრისტიანული ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესია რუსული „რბილი ძალის“ მთავარი ცენტრია საქართველოში.
„ნებისმიერი გამოფატრული და დღის შუქზე გამოფენილი ძალაუფლების მუცლიდან ყოველთვის გამოდის მატლი. ის მატლი, რომელსაც ერთ დღეს ასე ვცემდით კერპს“ - დაწერს ერთი ფრანგი მწერალი 1841 წელს.
დასავლეთის სასარგებლო იდიოტებს დიდი დრო დასჭირდათ, რომ დაენახათ მატლების მთელი პლეადა, - რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი (1939), უნგრეთში ინტერვენცია (1956), ჩეხოსლოვაკიაში ინტერვენცია (1968) და ა.შ., - რათა გონს მოსულიყვნენ. იმედია, რომ ქართველი სასარგებლო იდიოტების გამოფხიზლება ასე დიდხანს არ გაგრძელდება და მალე შეამჩნევენ ე.წ. „მართლმადიდებლური ძმობიდან“ გამოსულ მატლების მთელ ჯარს...