Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სასამართლოში ბოლოს როდის იყავით?“ - გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატთან


უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევის პროცესი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. კითხვებს ძირითადად საბჭოს ორი წევრი - ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე - სვამდა.

17 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო იმ კანდიდატების მოსმენა, რომელთა მოკლე სიაც პარლამენტს უნდა წარუდგინონ დასამტკიცებლად. ერთ-ერთ კანდიდატს, ზურაბ აზნაურაშვილს, სამი საათი უსმენდნენ.

ნაზი ჯანეზაშვილი: „სასამართლოში ბოლოს როდის იყავით?“

ზურაბ აზნაურაშვილი: „1- 2 წლის წინ“.

ნაზი ჯანეზაშვილი: „მერე, რომ მიდიხართ ახლა, სად მიდიხართ, იცით?“

34 წლის ზურაბ აზნაურაშვილს კითხვებს ძირითადად დოლიძე და ჯანეზაშვილი უსვამდნენ, რის გამოც საბჭოს სხვა წევრებისგან ბევრჯერ მიიღეს შენიშვნა. ისმოდა რეპლიკები: „ეს უკვე მარაზმია“, „დაკითხვას უწყობთ?“...

ზურაბ აზნაურაშვილი
ზურაბ აზნაურაშვილი

​მთავარი კომპრომისი, რომელიც აზნაურაშვილთან დაკავშირებით არსებობს, არის ის, რომ საბჭოს ერთ-ერთი წევრი, თამარ ონიანი, რეგისტრირებულ ქორწინებაშია მის ძმასთან, გიორგი აზნაურაშვილთან. საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ითხოვდა, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო ონიანს შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიეღო, თუმცა თავად თამარ ონიანმა მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და არგუმენტად მოიტანა ის, რომ მეუღლესთან გაყრილია.

კითხვაზე, ხომ არ უქმნიდა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ მისი კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობდა მისი, თუნდაც ყოფილი, რძალი, მისი ძმისშვილების დედა, ზურაბ აზნაურაშვილმა უპასუხა, რომ აქ ინტერესთა კონფლიქტი არ არის და ამ თემაზე მეტის თქმის სურვილი არა აქვს.

ზურაბ აზნაურაშვილის ბოლო სამუშაო ადგილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურია. ის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსია. მან აღნიშნა, რომ სასამართლოსთან მუდმივად აქვს ურთიერთობა, თუმცა პროცესზე არასდროს გამოსულა.

ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

ნ.ჯ.: „მოსამართლეთა კონფერენციაზე ყოფილხართ?

ზ.ა.: „არა“.

ნ.ჯ.: „უზენაესი სასამართლოს პროცესზე თუ ყოფილხართ როდისმე?“

ზ.ა.: „არა“.

ნ.ჯ.: „არ გაგიჭირდებათ?“

ნ.ჯ.: „მაგალითი დაგვისახელეთ, რომელიც დაგვაჯერებს, რომ ზეწოლის მიმართ მედეგი იქნებით“.

ზ.ა.: „ჩემს სამსახურში გვიწევს სანქციების გამოყენება, ბოლო პერიოდში ოქმი შევუდგინეთ პრეზიდენტს, მმართველ პარტიას...“

ნ.ჯ.: „არის თუ არა სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი?“

ზ.ა.: „თქვენგან მსმენია. სასამართლოს მართავს მოსამართლეთა კორპუსი“.

ნ.ჯ.: „ჩინჩალაძეს იცნობთ?“

ზ.ა.: „არა“.

ნ.ჯ.: „თქვენ კიდევ 30 წელი მაინც იქნებით, თუ აგირჩიეთ, და არ მოგბეზრდებათ?“

ზ.ა.: „არ არის გამორიცხული“.

კანდიდატებს დაუსვეს შეკითხვები გამოხატვის თავისუფლების, ლგბტქ თემის, გენდერისა და სხვა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ხშირად ხდება დისკუსიის საგანი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG