Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზღვრის“ დამრღვევებისთვის ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება


კონფლიქტის ზონა
კონფლიქტის ზონა

ეგრეთ წოდებული საზღვრის დამრღვევებისთვის საჯარიმო სანქციები კიდევ უფრო იზრდება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ“.

ეს პროექტი საჯარიმო სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითვალისწინებს და ფიზიკური პირებისთვის 20 ათას რუბლამდე იზრდება (დაახლოებით 700 ლარი). საზღვრის დამრღვევი თანამდებობის პირებისთვის ფულადი ჯარიმა 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე განისაზღვრა (დაახლოებით 1500 ლარი), ხოლო იურიდიული პირებისთვის 400 ათასიდან 800 ათასამდე (20 ათას ლარზე ზევით). ამჟამად სანქცია „საზღვრის“ დამრღვევი ფიზიკური პირისთვის 5 ათასი რუბლია (დაახლოებით 200 ლარი).

საჯარიმო სანქციები "საზღვრის" დარღვევისთვის

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ“. პროექტი საჯარიმო სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითვალისწინებს:

  • ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 20 ათას რუბლამდე იზრდება (დაახლოებით 700 ლარი).
  • საზღვრის დამრღვევი თანამდებობის პირებისთვის ფულადი ჯარიმა 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე განისაზღვრა (დაახლოებით 1500 ლარი).
  • იურიდიული პირებისთვის 400 ათასიდან 800 ათასამდე (20 ათას ლარზე ზევით).
  • ამჟამად სანქცია „საზღვრის“ დამრღვევი ფიზიკური პირისთვის 5 ათასი რუბლია (დაახლოებით 200 ლარი).​

გაზეთ „იუჟნაია ოსეტიას“ ცნობით კანონპროექტის დამუშავებას წინ უძღოდა, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის, სასაზღვრო სამსახურის უფროსის ვალერიან ალიხანთის ანგარიში მთავრობის სხდომაზე. ალიხანთის ინფორმაციით მოქმედი საჯარიმო სანქცია დამრღვევთა შემაკავებელ ფაქტორად ვერ მუშაობს, ამიტომ მან საჯარიმო სანქციების გაზრდა მოითხოვა. გარდა ამისა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოქვეყნებული სტატისტიკით აღიარა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, უფრო ხშირად აკავებენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან გადასულ საქართველოს მოქალაქეებს. მათი ინფორმაციით, ივნისში მესაზღვრეებმა დააკავეს 73 ადამიანი, ივლისში 70, აგვისტოში 56, აქედან საქართველოს მოქალაქეების ყოველთვიური რაოდენობა ხუთიდან ათ კაცამდე მერყეობს.

წელს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯამში საქართველოს 82 მოქალაქე დააკავეს. როგორც ჩანს ეს სტატისტიკა დე ფაქტო ხელისუფლებისთვის შემაშფოთებელ სიგნალად იქცა და საკუთარი მოქალაქეების შემაკავებელ ფაქტორად ჯარიმების გაზრდა გადაწყვიტეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი კოსტა ძუგაევი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში არც უარყოფს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აუცილებელი გახდა სწრაფი რეაგირება.

ძუგაევი იმ შემთხვევებსაც იხსენებს, როცა მესაზღვრეები დაჯარიმების გარეშე ათავისუფლებენ საქართველოს მოქალაქეებს. ამის მაგალითად ცოტა ხნის წინ ლომისის ეკლესიის სასულიერო პირის გათავისუფლება მოჰყავს. მისი აზრით, ფინანსური ტვირთის გაზრდა მოქალაქეების სურვილს „საზღვრის“ დარღვევის შესახებ შეამცირებს.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალის ბიუჯეტი ამ თანხით დიდ მოგებას ვერ ნახავს. მისი აზრით, ეს უფრო იმაზეა გათვლილი, რომ დამკავებელთა საპრემიო ფონდი გაიზარდოს და მათ მოქალაქეების დაკავების მეტი სტიმული მიეცეთ. ბენდიანაშვილის თქმით, ამით დაკავებების სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება.

„მაგით უხდიან პრემიებს, მაგ ხალხის დაჭერებში. ტარიფის გაზრდით, ალბათ, ამ პრემიების რაოდენობაც გაიზრდება. სტიმული მიეცემათ და უფრო მეტს დაიჭერენ. არანაირი სხვა ფისკალური ეფექტი მაგას არა აქვს. ერთი ჩინოვნიკის ხელფასია, ალბათ, მთელი წელი რომ გადავთვალოთ. ეს არის იმ ხალხზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ დაჭერებში“.

რატომ ცდილობენ ოსები ქართული სოფლების გავლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩასვლას რისკის ფასად? 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იზოლაციაში მოქცეული დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები მხოლოდ რუსულ ფინანსურ დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებული, თუმცა ბოლო წლებში ეს დახმარებებიც შემცირდა. ამას დაემატა ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა კორუფცია. მიუხედავად რუსული დახმარებისა ცხინვალის რეგიონი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ომიდან ათი წლის შემდეგ კი ადამიანებმა საკუთარი მდგომარეობის გამოსწორება თვითონ გადაწყვიტეს. თბილისში შეუძლიათ მათ მიიღონ უფასო ჯანდაცვის სერვისი, დაიწყონ სავაჭრო ურთიერთობები. გარდა ამისა, მოსაზღვრე ოსურ სოფლებში მცხოვრებლებმა შეინარჩუნეს საქართველოს მოქალაქეობა და ისინი პენსიის ასაღებად საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერგნეთის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე კარგად იცნობს ცხინვალში მცხოვრებთა პრობლემებს, მას ზოგიერთ ცხინვალელთან კონტაქტი შენარჩუნებული აქვს და იცის, რა იზიდავთ ოსებს თბილისისკენ. მისი აზრით ეკონომიკური სარგებელის გარდა მათ ძველი ნათესაური კავშირების აღდგენის სურვილიც გაუჩნდათ.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ თვეში ოკუპირებული ტერიტორიიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველი დაახლოებით 150 ადამიანი დააკავეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი ამდენმა მესაზღვრეების გვერდის ავლით გადმოსვლა შეძლო. ყოველთვიურად ცხინვალიდან სულ უფრო მეტი მოქალაქე ჩამოდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ამას უკვე ვლადიკავკაზის და ყაზბეგის გზით კი არა მავთულხლართებზე გადმოვლით ახერხებს. ექსპერტების აზრით, ამ ტენდენციას ფინანსური ტვირთის გაზრდა ვერ შეანელებს და ადამიანები ერთმანეთთან მისასვლელ გზებს აუცილებლად იპოვიან.

XS
SM
MD
LG