Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგნები ჩვენს ყოფაში


ქუდი, ქამარი, ლეჩაქი, ხილაბანდი, საათი, კრიალოსანი, სათვალე და ა.შ. - კაცმა არ იცის, კიდევ რა ნივთი და საგანი შეიძლება გახდეს ჩვენი ცხოვრების მუდმივი და, ძვირფასი, თანამგზავრი, თანაც იმდენად ძვირფასი, რომ უსულო საგანს ცოცხალივით მოვექცეთ და დაბადების დღის მაგვარი წვეულებაც კი გადავუხადოთ ისე, როგორც გადაუხადა პოეტმა სეზმან ერთაწმინდელმა (ბატკუაშვილი) თავის ქამარს.

XX საუკუნის 20-იან წლებში მომხდარ ამ ამბავს მხატვარი ლადო გუდიაშვილი იხსენებს:

სეზმან ერთაწმინდელი (ბატკუაშვილი)
სეზმან ერთაწმინდელი (ბატკუაშვილი)

„...პოეტმა სეზმან ერთაწმინდელმა, რომელსაც მუდამ ფართო, ძველებური ვერცხლით შემკული ქამარი ერტყა, ერთხელ გვითხრა, ჩემ ქამარს იუბილე უნდა გადავუხადო და უარს ნუ მეტყვითო, ერთად ვისადილოთო... წავედით ტიციანი, გოგლა, შალვა დადიანი, შალვა აფხაიძე და მე... საოცარ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. გოგლა და ტიციანი ლექსებით ამკობდნენ სეზმანის ქამარს, რომელიც სუფრის შუაგულში იყო. უამრავი ღივნო დაეღვარა მას... მათი მჭერმეტყველება იმ დღეს ციცერონსაც შეშურდებოდა“.

როგორც ჩანს, სეზმან ერთაწმინდელი ბოჰემური ცხოვრების დიდი მოყვარული იყო. 1930 წლის 16 თებერვლის „ტარტაროზში“ გამოქვეყნდა პაროდია პოეტზე, რომელიც ასე იწყებოდა:

„შენ, ეი! თამადავ, ამაყო ერთაწმინდელო! –
უამაყესო სეზმან, ურჩი, გიწვევ, ო, ხმალში!..“

ერთგული ქამარი კი პოეტობამდელი ცხოვრებიდან მიჰყვებოდა: 10 წლისა ყოფილა, როცა მამას შეგირდად მიუბარებია თბილისში სპილენძეულობის ერთ-ერთ ქარხანაში, სადაც მალე დაუფლებია ზეინკლის ხელობას და მერეც, მრავალი წლის განმავლობაში უმუშავია შეგირდად და ოსტატად თბილისისა და ამიერკავკასიის სახელოსნოებში.

სეზმან ერთაწმინდელის ლექსი
სეზმან ერთაწმინდელის ლექსი

იოსებ გრიშაშვილის „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემიდანაც“ საყოველთაოდაა ცნობილი თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „ვერცხლის ქამარი“ ამქრის წევრი ყარაჩოხელების ცხოვრებაში: ყარაჩოხელს თავსი „სამარხი კასა“ ყოველთვის წელზე ჰქონდა შემორტყმული და ეს ისეთი განძი იყო, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლესთან ერთად რომ დათმობდა.

„მე მინახავს ყომრის აზარტიანი მოთამაშე, რომელსაც ყველაფერი წაუგია ყომარში - ფული, ქუდი, ქურქი, ახალუხი, ჩექმები, თვით შარვალიც კი და ვერცხლის ქამრისთვის ხელი არ უხლია: იგი საცვლებზე შემორტყმული ვერცხლის ქამრით დაბრუნებულა სახლში; ხოლო თუ ამ ვერცხლის ქამარს ვინმე მოჰპარავდა, ან ძალით გააყიდვინებდა, მაშინ მისი სიბრაზე უნაპირო იყო; ამისთანა კაცს საფლავთან უნდა დაეწყო ლაპარაკი. ამასწინათ გაზეთში წავიკითხე, რომ ხარაზმა მიხეილ ველიაშვილმა თავისი შეგირდი, გიორგი მეთეფშიშვილი, 65 ალაგას დასჭრაო!“, - ვკითხულობთ გრიშაშვილთან.

ვერცხლის ქამარი
ვერცხლის ქამარი

საქმე ისა ყოფილა, რომ შეგირდს სასამართლოში უჩივლია და სასამართლოს ხარაზისთვის სალიკვიდაციო ფული შეუწერია. თანხა, რომ არ ჰქონია, სამარხი ვერცხლის ქამარი გაუყიდია, რასაც ვერაფრით შეჰგუებია ოსტატი, ჩასაფრებია შეგირდს და ბებუთით 65 ჭრილობა მიუყენებია.

ქამრის გარდა სხვა ნივთებთანაც მეგობრობდნენ დარდიმანდი, მოქეიფე ყარაჩოხელები, რომლებსაც, თუ ილია ზურაბიშვილს ვერწმუნებით, მეფურ პატივში ჰყოლიათ მათი იდენტობის განმსაზღვრელი ეს საგნები.

ყარაჩოხელი
ყარაჩოხელი

„მძიმე-მძიმედ მოდის რამდენიმე ფაიტიონი, ერთი-მეორის უკან ჩარიგებული. პირველში არავინა ზის. დევს მხოლოდ ძვირფასი ყალმუხის ქუდი. ან „გარიბალდის“ ფორმისა, ან მაღალი, წიწაკიანი. უკანასკნელ შემთხვევაში, უეჭველად შავი ფერისა“, - წერს ილია ზურაბიშვილი თავის „ძველ თბილისში“, - „მეორე ფაეტონშიც არავინა ზის. დევს მხოლოდ მოოქროვილი ვერცხლის განიერი და მსხვილგობაკებიანი ქამარი. მესამე ფაეტონშიც არავინა ზის. დევს მხოლოდ აბურბუშელავებული, წითელ-ყვითელი ფერებით აჭრელებული აბრეშუმის სარტყელი. მეოთხე ფაიტონში ზის მეზურნეთა დასტა და „სეფილს“ უკრავს. მეხუთე ფაიტონში ზის მარტოდმარტო ყარაჩოხელი ვინმე, რომელსაც უქეიფნია და თან უქეიფნია დუბე-დუბე სმით რამდენსამე დღეს და ახლა ეს მედიდური სვლა ფინალია ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი ჭიის გახარებისა“.

დუბე-დუბე სმა საქართველოს დამოუკიდებლობის (1918-1921) წლებშიც გაგრძელებულა.

შალვა ამირეჯიბი
შალვა ამირეჯიბი

„სამი წელი გამუდმებით ომში ვიყავით. აქედან იყო ეს გამუდმებული ლხინიც, თანამავალი ყველა ომების, ჯერ კიდევ ჰომიროსის დროიდგან“, - იხსენებდა საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე შალვა ამირეჯიბი, რომელიც ასევე გვიყვება ერთ საგანთან დაკავშირებულ უჩვეულო ამბავს.

შალვა ამირეჯიბი აღწერს ბანკეტს ქართულ კლუბში. სადაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა გერმანული და ავსტრიული მისიების წარმომადგენლებს.

როცა მთავრობა და მისიის ოფიცციალური წარმომადგენლები წავდნენ, გენერალმა ვასილ გაბაშვილმა დარჩენილ გერმანელებს ახალი სუფრა გაუშალა. ისხედნენ დიდხანს და სტუმრებიც სიამოვნებით სვამდნენ ქართულ ღივნოს, მაგრამ ბანკეტი არც ამით გათავდა. შალვა ამირეჯიბის თქმით, ნამდვილი ახალი სუფრა კლუბის ოფიციანტებმა გაშაუშალეს გენერალ გაბაშვილს, რომელიც ტფილისში „მუდამ დიდი ვინმე იყო“ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველ ქართულ ჯარს მთავარსარდლობდაო.

როცა ყველაფერი გათავდა, გრაფი შულენბურგი (გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი) სახლში მე გავაცილე“, - იხსენებდა შალვა ამირეჯიბი წლების შემდეგ, ემიგრაციაში ყოფნისას, - „დილის მეშვიდე საათი იყო, ტფილისი ახლად იღვიძებდა. მხოლოდ თავისუფლების მოედანზედ შევნიშნე, რომ კაიზერის წარმომადგენელს და კუზენს თავზე ქუდი არა ჰქონდა და არც ხელში ეჭირა. შულენბურგი ძველი „ტფილისელი“ იყო. ომის წინ ჩვენში კონსულად იყო და ჩვენებური ღვინის ძალა კარგად იცოდა, მაგრამ ეტყობა ამ ღვინოს სავსებით ეჯობნა დღეს. დავბრუნდით ქუდის მოსაძებნად და შემდეგ სურათს წავაწყდით: „დელეგაციას“, რა თქმა უნდა, ჩვენსავით შეზარხოშებულს, დიდის მოწიწებით მოჰქონდა ეს ქუდი ალბად გრაფის ბინაზედ“.

ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი
ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი

ქუდი, როგორც არა მხოლოდ მზისგან და სიცივისგან დამცავი საშუალება, არამედ როგორც პროფესაიის და საციალური მდგომარეობის აღმნიაშნელი ნივთი, განსაკუთრებით მნივშნელოვანია სამხედროებისთვის და, რა გასაკვირია, რომ გერმანელი გენერლის ქუდს მთელი ამალა რომ მოაბრძანებდა სათანადო პატივით.

ცხადია, სამხედრო ჩინი არ ჰქონიათ თბილისელ ქალებს, მაგრამ, აბა, რომელი ელისაბედი ან ეფემია გავიდოდა კარში ისე, რომ ქართულად თავდახურული არ ყოფილიყო?! ლეჩაქი, ორომკერდის თავსაკრავი, ოქროს საათით, გრძელი ძეწკვით და სხვა.

მკერავ-დერციკები ქამარში გარჭობილ მძიმე მაკრატლებს დაატარებედნენ ისე ამაყად თითქოს ბრძოლებში ფხაგამოცდილი ხანჯალი ან სატევარი ჰქონოდათ...

ზოგიერთ ვაჭარს კიდევ ძველი ჩვეულება ვერ გადაეგდო და ხელში ქარვის კრაილოსანი ეჭირა, კრიალოსანი, რომელზედაც იგი ოდესღაც შემოსავალ-გასავალს ანგარიშობდა... აღარ სიჭრდება, ამ საქმისთვის ბუხჰალტერი ჰყავს, მაგრამ ჩვეულება და ნივთი მაინც დარჩა...

ელისაბედ ჩერქეზიშვილი - "ქართულად თავდახურული"
ელისაბედ ჩერქეზიშვილი - "ქართულად თავდახურული"

ასეა, ახალ დროებაშიც „შემოჰყვებიან“ ხოლმე ადამიანებს ძველი ნივთები, მაგრამ ახალი დროება იმის ახალი დროებაა, რომ ახალ ნივითებსაც დაახვედრებს ხოლმე ადამიანს.

ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ შემოვიფარგლოთ უკანასკნელით, პირბადით, რომლის ტარება კანონითაც კი სავალდებულო გახდა. თავიდან სახალისო და სასაცილო იყო, მაგრამ მალე დაგვეკარგა ხალისი, თუმცა ნელ-ნელა შევეგუეთ და უკვე დიზაინის დახვეწაზე, დამატებითი ფუნქციების მინიჭებაზე დაივიწყეთ საუბარი...

საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? მალე მოვიშორებთ თუ შევეგუებით პირპადის ტარებას ისევე, როგორც ვეგუებით სათვალეს, ლინზებს, ხელოვნურ კბილებს, გადანერგილ თმებს? ანდა, თუ გაგვიჩნდება ისეთივე დამოკიდებულება ამ ახალი ნივთისადმი, როგორიც თუნდაც პოეტ სეზმან ბატკუაშვილს ჰქონდა თავისი ქამრისადმი?

ღმერთმა დაგვიფაროს!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG