„ეს მდინარე ღარულას ჭალაა, ეს კი საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც ამ ჭალაში შენდება. იქვე ნაპირსამაგრები გაუკეთებიათ, მაგრამ რამე რომ მოხდეს, მოვარდნილ წყალს ეს შეაჩერებს? მხოლოდ ეს ჯებირია ამ ბავშვების დაცვის მექანიზმი? ვინ გასცა ამის მშენებლობის უფლება?“ - იკითხა რამდენიმე დღის წინ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ფეისბუკლაივში აჩვენა როგორ შენდება რაჭაში, სოფელ ღარში, მდინარე ღარულასთან საბავშვო ბაღი.
ვიდეოში მოჩანს მდინარის კალაპოტი, მდინარის ჭალა, ბეტონის ჯებირები და მის მახლობლად ერთსართულიანი შენობა - მომავალი საბავშვო ბაღი.
თეა გოდოლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ შენობა პირდაპირ მდინარე ღარულას ჭალაში დგას. ღარულა კი, მისი თქმით, რაჭის ერთ-ერთი ღვარცოფული მდინარეა, რომელსაც ზაფხულსა და შემოდგომაზე წყალმოვარდნები ახასიათებს.
„მდინარის ჭალა - მდინარის ტერიტორიაა და ჩვენ არ ვიცით, დღეს თუ ხვალ, წყალდიდობის შემთხვევაში, რა ტერიტორიას დაიკავებს ეს მდინარე, საით წავა მისი ნაკადი. მით უმეტეს, თუ ვლაპარაკობთ რაჭის მდინარეებზე, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი ნატანი, რომელსაც ეს ლოდები, რაც ნაპირსამაგრებად აქვთ გაკეთებული, ვერ შეაკავებს“, - ამბობს თეა გოდოლაძე.
- „რატომ რისკავენ, შოვი დაავიწყდათ?“
- „ან ფულს ათეთრებენ, ან შეგნებული გენოციდია”.
- „ნუთუ სოფელში ადგილი არ არის, რომ მდინარის ჭალაში არ ააშენონ?“
- „საინტერესოა, თუ არსებობს მუნიციპალური ინსპექციის, არქიტექტურის ამ სხვა შესაბამისი სამსახურის ნებართვა/ბრძანება? ასეთ ზონაში მშენებლობის (თან საბავშვო დაწესებულების) არგუმენტი რა არის?“
- „13 ივნისი მაინც აღარ გახსოვთ?“ - წერენ პოსტის ქვეშ მოქალაქეები.
ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი ამბობს, რომ მთის მდინარე თავისთავად საფრთხიანია, ხოლო ადგილი, რომელსაც ჭალას ვუწოდებთ, დატბორვის ზონაა - ასეა ამ შემთხვევაშიც, ამიტომ იქ არაფერი უნდა აშენდეს, და თუ აშენდება ეს გამონაკლისი უნდა იყოს და ასეთ უფლებაზე სპეციალური ნებართვა გაიცეს.
ღარულას მახლობლად ბაღის მშენებლობა მასაც ბევრ კითხვას უჩენს - რამდენიმე ზედაპირზეა: ჯებირები კეტავს კი ღვარცოფის გამოვარდნის ზედა კუთხეს? თუ როგორც შოვში გადაურა ნაკადმა კოტეჯებს აქაც შეიძლება მოხდეს? რატომ ვერ მოიძებნეს სხვა, უფრო უსაფრთხო ადგილი საბავშვო ბაღისთვის?
„რაჭის სოფლები ნახევრად დაცლილია და ცარიელი ადგილი როგორ ვერ იპოვეს?“
“ჭალაში არაფერი აშენებულა”, - ამბობს პასუხად ონის მერი სერგი ხიდეშელი. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ მშენებლობის დაწყებამდე ადგილი შეისწავლეს და კვლევებიც ჩატარდა.
“სახიფათო რომ ყოფილიყო, იქ მშენებლობას სახელმწიფო როგორ დაუშვებდა? და ვინც ამბობს, რომ საშიშია, მას აქვს კვლევები ნანახი? არ შეიძლება საბავშვო ბაღის თემით სპეკულაცია”.
ონის მერი ამბობს, რომ ღარის საბავშვო ბაღი ზღვის დონიდან იმ სიმაღლეზეა, რა დონეზეც სოფელ ღარის სხვა სახლები.
ამ საბავშვო ბაღი უნდა იარონ არამარტო ღარის, არამედ საკაოს ხეობის სხვა სოფლებში მცხოვრებმა ბავშვებმაც, რომლებიც ახლა ონში დაიდან.
ღარიდან ონის რაიონულ ცენტრამდე 4 კილომეტრამდეა.
დამატებით ჩვენ გვაინტერესებდა:
- ვინ გასცა ამ მშენებლობის ნებართვა;
- რა კვლევების საფუძველზე გადაწყდა მდინარის მახლობლად საბავშვო ბაღის მშენებლობა;
- რამდენ ბავშვზეა გათვლილი;
- რა დაუჯდა ადგილობრივ ბიუჯეტს მისი მშენებლობა.
ონის მერიას ამ ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური წერილითაც მივმართეთ.
ასევე მოვითხოვეთ გეოლოგიური და ჰიდროლოგიური დასკვნებიც, რომლებიც ღიად ონის მერიის ვებსაიტზე არ იძებნება.
პასუხებს ამ დრომდე ველით: ონის მერიაში გვითხრეს, რომ საპასუხოდ ისინი კანონით დადგენილ ვადას (მინიმუმ სამი - მაქსიმუმ ათი დღე) გამოიყენებენ, რადგან ამ საკითხზე პასუხების გაცემას დრო სჭირდება.
ფორუმი