- რეფორმების დაგეგმვისა და კოორდინაციის ჯგუფის შექმნა
- მმართველობის დაბალანსებული სისტემის შექმნა
- საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის დახვეწა
- სასამართლო სისტემის ხელშესახები რეფორმა
- სამართალდამცავი და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმა - დეპოლიტიზაცია
- გახმაურებული საქმეების გამოძიება
- ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკა და რეფორმა
- საჯარო სამსახურის რეფორმა
- თავისუფალი მედიაგარემოს შექმნა
- განათლების სფეროში ეფექტური რეფორმა
- ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას 11 რჩევას აძლევს და პასუხს ელის. არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ბოლო თვეების მოვლენებმა - მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებმა - აჩვენა, რომ საქართველოში სისტემური პრობლემებია. მას მერე, რაც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია შეცდომების აღიარება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კრიზისის დასაძლევად და საზოგადოების ნდობის აღსადგენად ხელისუფლებას რეფორმების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს . 11 რჩევა ხელისუფლების მიმართ ასეთია:
შეიქმნას რეფორმების დაგეგმვისა და კოორდინაციის ჯგუფი
ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის რჩევას იძლევა. ჯგუფმა რეფორმებს უნდა მიხედოს - განსაზღვროს პრიორიტეტები, დაეკითხოს ექსპერტებს და ღია იყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის.
მმართველობის დაბალანსებული სისტემის შექმნა
აქ ყურადღება გამახვილებულია პრობლემაზე, რომელსაც ქმნის ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. ორგანიზაცია უახლოეს წარსულს იხსენებს, როცა არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმების ობიექტი გახდა.
ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს შეიქმნას დაბალანსებული სისტემა, სადაც პარლამენტის როლი გაზრდილი იქნება, პროცესში კი ოპოზიცია და კრიტიკული აზრის მქონე ჯგუფებიც თანაბრად იქნებიან ჩართული.
საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის დახვეწა
რეკომენდაციების ეს ნაწილი ახალი და მცირე ზომის პარტიების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ორგანიზაცია მოითხოვს ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
„პროპორციული სისტემა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვადასხვა პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს და პარლამენტი გახდეს ის პლატფორმა, სადაც დებატები წარიმართება“, განაცხადა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ დახვეწას საჭიროებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემაც, რომელიც, ამ მოცემულობით, პატარა პარტიებს ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს. გასაუმჯობესებელია ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი.
სასამართლო სისტემის ხელშესახები რეფორმა
რეკომენდაციის ამ ნაწილში წერია, რომ „ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს სისტემაში არსებული კლანური მმართველობის პრობლემა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოსამართლეთა დომინანტი ჯგუფის არაჯანსაღი გავლენის აღმოსაფხვრელად”. აქვე მოცემულია კონკრეტული ნაბიჯები:
- სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების დროული გამოძიება
- ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერა და მათი გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო რეგულირება,
- მოსამართლეების დანიშვნის წესის დახვეწა
- სასამართლოს თავმჯდომარეების თავად მოსამართლეების მიერ არჩევითობის შემოღება
სამართალდამცავი და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმა - დეპოლიტიზაცია
ამ ნაწილში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) რეფორმაზე, რომელსაც, არასამთავრობო სექტორის აზრით, კორუფციული დანაშაულის გამოძიება არ უნდა ეხებოდეს. ეს სამსახური ზედამხედველობის ქვეშ უნდა მუშაობდეს და მას არც ფარული მოსმენების წარმოება უნდა შეეძლოს.
ფარული თვალთვალისა და მიყურადებისთვის კი დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა შეიქმნას. აქვე ლაპარაკია პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზეც.
გახმაურებული საქმეების გამოძიება
ხორავას ქუჩის საქმე, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმა, კომპანია“ომეგას” საქმიდან გამოკვეთილი სავარაუდო კორუფციული დანაშაული, პირადი ჩანაწერების გავრცელება და სხვა საქმეები მოხვდა იმ ჩამონათვალში, რომლის დროულ გამოძიებასაც არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს.
ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკა და რეფორმა
„დღეს სამართალდამცველი უწყებები არ ფლობენ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს და არ შეუძლიათ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე საქართველომ უნდა განიხილოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესაძლებლობა“, ამბობს ერეკლე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი.
საჯარო სამსახურის რეფორმა
ორგანიზაცია მოითხოვს, რომ შეწყდეს პარტია „ქართული ოცნების“ უკანონო ჩარევა საჯარო სამსახურის საქმეებში. მათი თქმით, პარტია საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს საჯარო სამსახურში დასაქმებულებს. საჯარო მოხელეების მობილიზაცია ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენცია იყო არასამთავრობო სექტორის ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.
თავისუფალი მედიაგარემოს შექმნა
ამ ნაწილში ლაპარაკია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების აუცილებლობაზე, რომლის შემდეგაც უნდა მოხდეს ბიუჯეტის სწორი განკარგვა, ნეპოტიზმის აღმოფხვრა. ცალკე რეკომენდაციის სახითაა გამოყოფილი ხელისუფლებასთან ასოცირებული გენერალური დირექტორის გადადგომა. აქვე საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიების საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობებიც.
განათლების სფეროში ეფექტური რეფორმა
ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში ზოგადი განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება, რაც საგანმანათლებლო პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა. რეკომენდაციაში წერია, რომ მთავრობამ დროში გაწერილი, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული საბიუჯეტო პროგრამები უნდა შეიმუშაოს.
ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება
სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკა, რომელიც არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდის სოციალური დახმარებების ოდენობას, არამედ ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებას, - მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური და ბიზნესგარემო იყოს განჭვრეტადი და სტაბილური“, - ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი. მისი თქმით, ხელისუფლების ეკონომიკურ ინიციატივებს წინ უნდა უძღოდეს ანალიზი და დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციები.
„უარი უნდა ითქვას პოპულისტურ ეკონომიკურ ინიციატივებსა და განცხადებებზე, რადგან ეკონომიკაში ბევრია მოლოდინებზე და განწყობებზე დამოკიდებული“, - ამბობს გიორგი ონიანი. ის ასევე მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტოს როლი უნდა გაიზარდოს და ეს ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამბობს, რომ მზადაა რეკომენდაციები გადასცეს ხელისუფლებას, თუ მას მართლაც აქვს სურვილი, რომ შეცდომები გამოასწოროს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეთავაზება ჯერ ღიად რჩება.