Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ტვირთები საქართველოში ცხინვალის გავლით? 


ცხინვალში დიდი ხმაური გამოიწვია ვლადიკავკაზში გამართულმა რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომამ, რომლის მონაწილეები გამოვიდნენ ინიციატივით, გაიხსნას საავტომობილო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონზე გავლით.

ვლადიკავკაზში შეკრებამდე ბიზნესსაბჭოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ პადალკო, ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე, მოინახულეს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რათა დარწმუნებულიყვნენ ალტერნატიული სატრანზიტო გზის გახსნის აუცილებლობაში.

ჩრდილოეთ ოსეთში ჩასვლის წინ დავით ცეცხლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივა ისტორიულ შედეგებს მოუტანს რუსეთსა და საქართველოს, რუს და ქართველ ხალხებს. უფრო ადრე, 2023 წლის აგვისტოში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციის მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმაც განაცხადა, რომ მოსკოვი შესაძლებლად მიიჩნევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოსთან საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას.

საქართველოს სამხედრო გზა და „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი, ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთსა და საქართველოს აკავშირებს. მოსკოვი, ერევანი და სოხუმი პერიოდულად აცხადებენ ხოლმე, რომ ემხრობიან ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გახსნას, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცხინვალში, მურატ გუკემუხოვი ამბობს, რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივამ ბევრი შეაშფოთა ცხინვალში.

ზემო ლარსი. სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე
ზემო ლარსი. სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე

ანონიმურმა წყარომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობიდან Telegram-არხ „საფა ცხინვალს“ უთხრა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გზის გახსნის პირობების შეთანხმებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

„ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს თანაბარი პირობებით მოხდება და ჩვენ ამ ჯაჭვში ვიქნებით ღირსეულ რგოლად წარმოდგენილი, მაშინ რატომაც არა?! რა პირობით გაიხსნება გზა და ვინ ვიქნებით ამ თამაშში - საკითხავი ესაა“, - განაცხადა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ასევე გაიხსენა მსგავს საკითხზე ადრე გამართული არაფორმალური შეხვედრის დეტალები, რომელთა შორის იყო რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის საკითხი:

„ადრე არაფორმალური დისკუსია გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობის მონაწილეობით. ძირითადად განიხილავდნენ „ზემო ლარის“ საკითხს, რადგან გამშვები პუნქტი ვერ აუდიოდა სატრანსპორტო ნაკადებს. ამ შეხვედრაზე ინგუშებმა წამოაყენეს საქართველოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის ახალი ხაზის გაყვანის საკითხი, სამხრეთოსურმა მხარემ კი მოითხოვა რკინიგზის გაყვანა ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გავლით“.

რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 2023 წლის თებერვალში შეიქმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შედგება როგორც რუსი და რუსეთში მოქმედი ქართველი ბიზნესმენების, ასევე რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან. საბჭოს გაცხადებული მიზანია „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების ახალი შესაძლებლობების შექმნა“.

ვლადიკავკაზში გამართული საბჭოს მეოთხე შეხვედრის დროს განიხილეს საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების, ინვესტიციების და მოსკოვსა და თბილისს შორის ავიაბილეთების ფასების შემცირების საკითხები. ისიც ითქვა, რომ კარგი იქნებოდა ტრანსკამის გავლით ტრანზიტის დაწყება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა საინფორმაციო სააგენტო Rex-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამ ინიციატივის სეპარატული ხასიათით.

„როგორც ჩანს, ამ შეხვედრების მონაწილეთა უკან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანი წრეები დგას“, - დიმიტრი მედოევმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ტრანზიტის პერსპექტივები ე.წ. სამხრეთოსური მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილებოდა:

„ეს არის რაღაც პარადოქსი. ...გამოდის, ჩვენ მაგივრად გადაწყვიტეს, თუ რა არის უკეთესი ჩვენთვის, რაზე უნდა დავთანხმდეთ, რაზე - არა...“

დიმიტრი მედოევი
დიმიტრი მედოევი

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ალან ალბოროვი. ამის შემდეგ ოპოზიციურმა Telegram-არხებმა ხელისუფლება მტერთან ფარულ ურთიერთობაში დაადანაშაულეს. როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი შენიშნავს, დისკუსიამ ასევე გამოკვეთა სიტუაციის პრაგმატული ხედვა, დაისვა კითხვები: მიეცემა თუ არა ადგილობრივ ბიზნესს ტრანზიტის მომსახურებისა და განხორციელების საშუალება? რას მიიღებს რესპუბლიკის ბიუჯეტი ამ ტრანზიტიდან? დისკუსიის მონაწილეების თქმით, ეკონომიკური სარგებელი აშკარაა - ჩიხური რესპუბლიკა ტრანზიტულ რესპუბლიკად იქცევა. ზოგიერთმა ერგნეთის ბაზრობა გაიხსენა...

ტრანსკამი - ამიერკავკასიის ავტომაგისტრალი - საავტომობილო გზა, რომელიც აკავშირებს რუსეთს საქართველოსთან. მაგისტრალი იწყება ქალაქ ალაგირიდან, მიუყვება ალაგირის ხეობას ჯერ მდინარე არდონის, ხოლო შემდეგ მდინარეების ნარდონისა და ზაკას გასწვრივ, გაივლის როკის გვირაბს, ცხინვალს და ჩადის გორში. ტრანსკამის მთლიანი სიგრძეა 164 კმ: მარშრუტის რუსული ნაწილი (ალაგირიდან საქართველოს საზღვრამდე) დაახლოებით 97 კმ-ია, როკის გვირაბის სამხრეთ პორტალიდან ცხინვალამდე - დაახლოებით 43 კმ, ცხინვალიდან გორამდე - 32 კმ.

ცხინვალში გამომავალმა გაზეთმა „რესპუბლიკამ“ საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის თემას ანალიტიკური სტატია მიუძღვნა. წერილში გამოითქვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები:

„თავისუფალი სატრანსპორტო კავშირების გახსნას და, შედეგად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს სპეცსამსახური... საუბარია აგენტების გადაბირებაზე, ტერორისტულ აქტებზე, ადამიანების გატაცებებზე“.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი გელა ვასაძე ამბობს, ქართული საზოგადოება ცხინვალზე გამავალი საავტომობილო გზის გახსნის გარშემო გაჩაღებულ დისკუსიას გაკვირვებული უყურებს, რადგან, მისი თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია რამე სახის ტრანზიტზე საუბარიც კი:

„რუსეთს სურს რაღაც ფორმით მაინც დარჩეს სამხრეთ კავკასიაში, პირველ რიგში, ჰქონდეს სატრანსპორტო კავშირები ახლო აღმოსავლეთთან. სატრანსპორტო ბლოკადის პირობებში იგი ცდილობს გახსნას ყველა შესაძლო კომუნიკაცია, აქედან გამომდინარეობს ინტერესი როგორც ტრანსკამის, ასევე აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენის მიმართ.

სხვა საქმეა, რომ ეს თემა საქართველოში უკიდურესად არაპოპულარულია. ქართულ საზოგადოებაში მას საფრთხედ განიხილავენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საფრთხე ძალიან შორეულია, რადგან საქართველოს ხელისუფლება ტრანზიტის გახსნას ვერ გარისკავს, უბრალოდ ვერ გაბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას“.

ტრანსკამის ეკონომიკური მიზანშეწონილობა აშკარაა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი მისი აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგია, ამიტომ, გელა ვასაძის თქმით, ტრანზიტის გახსნის ნებისმიერი მცდელობა ამ გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ, ხელი მოეწერა 2011 წლის 9 ნოემბერს (ძალაში შევიდა 2012 წლის 22 აგვისტოს, ე.ი. თერთმეტი წლის წინ), თუმცა ერთადერთი, რაც აქამდე გაკეთდა, არის ის, რომ მხარეები შეთანხმდნენ: ტვირთის მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია Société Générale de Surveillance SA (SGS) განახორციელებს.

რუსი პოლიტოლოგის ნიკოლაი სილაევის თქმით, ტრანზიტის მთავარი და ერთადერთი პრობლემა დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთის სტატუსთან, რომელზეც რუსულ და ქართულ მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. „ის ფაქტიც კი, რომ რესპუბლიკის საზღვრებს რუსული სასაზღვრო სამსახური იცავს და სამხრეთ ოსეთის საბაჟო პუნქტი რუსულშია შერწყმული, პრობლემას ართულებს“, - ამბობს სილაევი:

„აქ ორი პრობლემაა. პირველი: იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლით ავტომობილი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას. არცერთი ქართველი მესაზღვრე არ დათანხმდება. მეორე: რუს მესაზღვრეებს მოუწევთ ბეჭდით იმის დადასტურება, რომ ტრანსპორტი რუსეთის საზღვრის გადაკვეთამდე ხვდება რუსეთის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ, რუსეთის კანონმდებლობით, ტრანსპორტი იმყოფება ე.წ. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ გაუგებრობის აღმოფხვრა“.

ნიკოლაი სილაევი
ნიკოლაი სილაევი

რუსი პოლიტოლოგის თქმით, ცხინვალის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო მიმოსვლის აღსადგენად მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს დაახლოების სურვილი არ კმარა:

„გულწრფელად ვგულშემატკივრობ ამ ორგანიზაციებს, მე თვითონაც მომხრე ვარ რუსეთისა და საქართველოს მეგობრობისა, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ვერაფერს ვხედავ მეგობრობის მხარდაჭერის შეხსენების გარდა. გაურკვეველია, როგორ აღდგება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა გადაუდებელი აუცილებლობაა აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადატანისა?

თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ანატოლი თიბილოვის მხარდამჭერი ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან იმით, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მხარემ ფარულად უკვე დაიწყო ტრანზიტული გზის კეთილმოწყობა და, რომ საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა ვერ მოხერხდება ცხინვალის ან თბილისის მხრიდან სუვერენიტეტის დათმობის გარეშე.

სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება ტრანსკამის ჩრდილოეთ მონაკვეთზე 36-დან 59-ე კმ-მდე მონაკვეთზე.
სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება ტრანსკამის ჩრდილოეთ მონაკვეთზე 36-დან 59-ე კმ-მდე მონაკვეთზე.

მრავალი წლის განმავლობაში ადგილობრივ საზოგადოებაში გამჯდარ აზრს, რომ რუსეთი ბოლომდე დაიცავს „სამხრეთ ოსეთის“ ინტერესებს, არ იზიარებს ცხინვალში მცხოვრები ელა ავაგიმოვა, რომლის აზრით, შიშის დამატებით საფუძველს იძლევა რუსეთის ქცევა მთიან ყარაბაღში:

„დღეს აქტიურად საუბრობენ სამხრეთ ოსეთის გავლით, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გახსნაზე, რაც ძალიან მაღიზიანებს. ოფიციალური საუბრები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის გარეშე. ეს ძალიან უცნაურია. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ყარაბაღში და რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, კარგის იმედი არ უნდა გვქონდეს“.

სავაჭრო საქონლის მონიტორინგის შესახებ შეთანხმების მიმართ ინტერესს გამოთქვამენ სომხეთი და ირანი - სწორედ ისინი არიან ახალი დერეფნის გახსნით დაინტერესებული, რადგან მათთვის ეს არის მარშრუტი, რომელიც იძლევა რუსეთთან სატრანსპორტო კავშირების დამყარების შესაძლებლობას თურქეთისა და აზერბაიჯანის გვერდის ავლით.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ირანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ტრანსკამით დღე-ღამეში 2 ათასი მანქანის გავლის შესაძლებლობა.

ტრანსკამის საპროექტო სიმძლავრე დღე-ღამეში 3,5 ათასი ავტომობილია. შედარებისთვის: საქართველოს სამხედრო გზას დღე-ღამეში 800-მდე მანქანის გატარება შეუძლია. გარდა ამისა, საქართველოს სამხედრო გზის სერიოზული ხარვეზია შემოდგომა-ზამთარში ღვარცოფებისა და ზვავების ხშირი ჩამოწოლა, რის გამოც გზა რამდენიმე დღით იკეტება. ამ მიზეზით, საქართველოს სამხედრო გზა მესამე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე საშიში გზების რეიტინგში, რომელიც შედგენილია ონლაინ საავტომობილო რესურსის Autospies.com-ის მიერ.

თუმცა, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ტრანზიტის დაწყება უახლოეს პერიოდში მაინც ვერ მოხერხდება - გზის ზედაპირი ძალიან მყიფეა, ის უბრალოდ ვერ გაუძლებს ტვირთების აქტიურ მოძრაობას. დღეს ტრანსკამის გასწვრივ დღეში დაახლოებით 1,5 ათასი მანქანა მოძრაობს, რაც გზის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზღვრულ მაჩვენებლად მიიჩნევა.

  • 2021 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ დაიწყო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა საქართველოს სამხედრო გზის სახიფათო მონაკვეთის გვერდის ასაქცევად. პროექტი მოიცავს 22,7-კილომეტრიანი გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას, მათ შორის 9 კილომეტრი გაივლის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მისი ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG