Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მასწავლებელი საქართველოში აღარ შემოუშვეს - რატომ ფიქრობს, რომ მიზეზი ხელისუფლების კრიტიკაა


საქართველოს ერთ-ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - საილუსტრაციო ფოტო
საქართველოს ერთ-ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - საილუსტრაციო ფოტო

ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი ვლადიმირ ტეტერევი რუსეთიდან ომის დაწყების შემდეგ წავიდა. ის და მისი მეგობარი გოგონა კრასნოიარსკიდან თბილისში ჩამოვიდნენ. ზაფხულში არდადეგებზე სომხეთში გაემგზავრნენ. 10 ივლისს ვლადიმირი უკან, საქართველოში აღარ შემოუშვეს.

„მესაზღვრემ დახედა პასპორტს, გადადო და დაიცადეო. ერთი საათი კუთხეში ვიდექი. ჩემი პასპორტი აღარავის აინტერესებდა. გოგო გაუშვეს. ის საზღვრის მეორე მხრიდან აწუხებდა საპასპორტო კონტროლის თანამშრომლებს. უთხრეს: “თვითონ იცის, რატომაცო“, - ჰყვება ვლადიმირი, რომელზეც მედიაგამოცემა „ოკნო“ წერს.

ტეტერევი ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესვლაზე უარი თქმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვლადიმირმა თბილისში ინტერვიუ მისცა СaucasusNetNetwork-ს.

1 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო მიტინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა: „ამ წერტილიდან უკან მობრუნება შეუძლებელია. ამ კანონს ისევე გამოიყენებენ, როგორც რუსეთში იყენებენ“.

ვლადიმირ ტეტერევი
ვლადიმირ ტეტერევი

„შემრცხვებოდა და ცუდად ვიქნებოდი, არაფერი რომ არ გამეკეთებინა, არაფერი მეთქვა. რუსეთიდან იმისთვის არ წამოვსულვარ, რომ ისევ მეშინოდეს. ჩემი სინდისი საკუთარი თავისა და ქართველი ხალხის წინაშე სუფთაა, - ამბობს ტეტერევი, - ხმის ამოღების თუ შეგეშინდა, რა მნიშვნელობა აქვს სად იქნები, თუკი ციხე და შიში თან დაგაქვს. იმიტომ წამოვედი, რომ გაჩუმება არ მინდოდა და ახლა ვხედავ, რომ ქვეყანას, რომლის შეყვარებაც მოვასწარი, იგივე ემართება. ეს ძალიან სევდიანი ამბავია“.

ვლადიმირმა ისტორიის სწავლება თავი ჯერ კიდევ 2022 წელს დაანება - მოსწავლეების მოტყუება არ შემეძლოო. თუმცა, ძველებურად კითხულობს ლექციებს ფილოსოფიაში, ამზადებს რუს მოსწავლეებსა და სტუდენტებს გამოცდებისთვის. ეს ყველაფერი დისტანციურად.

ტეტერევს გამგზავრების გადაწყვეტილება ომის დაწყებისთანავე არ მიუღია.

„ახალ ამბებს ვუყურებდი. ერთ თვით ადრე, უკვე ცხადი იყო, რაც მოხდებოდა. ვიმედოვნებდი, რომ არ დაიწყებოდა ომი. ძალიან მინდოდა დამეჯერებინა, რომ მედია ცრუ წარმოდგენას ქმნიდა რეალობაზე. უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს. როდესაც ომი დაიწყო, პირველწყაროსგან გავიგე, რომ ეს ნამდვილი ომია და არა ოპერაცია“.

8 მარტს ტეტერევი უკვე სომხეთში იყო. რუსეთიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ომის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

„სკოლისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციებიდან ზეწოლა არ მიგრძვნია. მაგრამ ჩემი წასვლა მაინც იმას უკავშირდება, რომ ომის საწინააღმდეგო პოზიცია მქონდა და აქციებზე დავდიოდი. უამრავი ხალხი ისე ცხოვრობდა, თითქოს არაფერი ხდება, აბსოლუტურად ინერტულად. ერთხელ ქალაქში მივდივარ. ვხედავ ბებია დგას, ტირის. გამოველაპარაკე. ისტორიკოსი ყოფილა. ომის დაწყების შემდეგ მუდმივად ტიროდა, ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ სახლში გაჩერება ვეღარ შეძლო. გამოვცდი და მეორე კუთხეში ბიჭები ფოიერვერკებს აფეთქებდნენ, იცინოდნენ, უხაროდათ. აი, ასეთი კონტრასტი იყო“.

ვლადიმერ ტეტერევი
ვლადიმერ ტეტერევი

სომხეთში დიდი ხნით დარჩენას არ გეგმავს. ფიქრობს, რომ მომავალში ეს შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.

„რამდენიმე დღის წინ სომხეთიდან მასწავლებელი არ გაუშვეს. ერთი თვის წინ კი მასზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით“.

13 ივლისს სომხეთში მესაზღვრეებმა აეროპორტში დააკავეს მასწავლებელი პოდმოსკოვიედან - ნატალია ტარანუშენკო მასზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რუსეთის არმიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. საბოლოოდ მასწავლებელი პოლიციამ იმ პირობით გაათავისუფლა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია პოლიციაში გამოცხადდეს.

„საქართველოში ახლა მასობრივად აღარ უშვებენ ხალხს. ჩემ წინ კიდევ ერთ ბიჭს უთხრეს უარი. ის Free Russia Foundation-ის მოხალისე იყო. აფხაზეთიდან დევნილებს ეხმარებოდა. კიდევ ორი შემთხვევა ვიცი, როდესაც ბიჭები, რომლებიც მიტინგებზე რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, არ შეუშვეს. თან მათ შორის ისეთებიც, ვისაც საქართველოში ბინადრობის უფლება, უძრავი ქონება და საკუთრება აქვს“.

ტეტერევი დარწმუნებულია, რომ მის შემთხვევაშიც მიზეზი იგივეა - მიტინგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ.

ვლადიმირ ტეტერევი
ვლადიმირ ტეტერევი

„აქამდე საქართველოს საზღვარი ბევრჯერ გადამიკვეთავს, სომხეთიდან, თურქეთიდან. მოვიარე საქართველო. მაგრამ რაც ეს ინტერვიუ გავრცელდა, ყველაფერი შეიცვალა. იმ აქციაზე ვამბობ, როდესაც ხალხი გაზით მოწამლეს. ძალიან ბევრი მომწამვლელი აირი გაუშვა პოლიციამ. სწორედ ამ გაზის ღრუბლიდან გამოვდიოდი, როდესაც ჩემთან ბიჭებმა მოირბინეს და კომენტარი მთხოვეს“.

ეს ინტერვიუ პოპულარული გახდა. მხოლოდ „ტიკ-ტოკში“ ათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა. 200 ათასამდე ნახვა. ინტერვიუში ვლადიმირს სახე დაფარული არ აქვს.

90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში შეშვებაზე ამის გამო მითხრეს უარი. მგონია, ოქტომბრის არჩევნებისთვის ბევრს ეტყვიან შეშვებაზე უარს. ჩემი დაკვირვებით, ახლა ბევრი მიდის, თან არა მხოლოდ იმიგრანტები, ქართველებიც, ვისაც ამის საშუალება აქვს“.

ვლადიმირი გეგმავს, ამ ეტაპზე სერბეთში გადავიდეს, უკიდურესი ვარიანტი თურქეთია. თუმცა, ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდება საქართველოში, თუკი შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ წააგებს.

„არანაირი კანონი არ დამირღვევია. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებ. აფხაზეთში არ ვყოფილვარ. გამოდის, რომ კანონით მიზეზი არა აქვთ, არ შემიშვან. იგივე ითქმის სხვა აქტივისტებზეც“.

თბილისში მას დარჩა ნივთები და ბინის ქირის ხელშეკრულება, რომლის გაუქმებაც ვერ მოასწრო.

„გადავწყვიტე, არ გავტყდე და ბედს მივენდო, მით უფრო, რომ ბევრმა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა მაშინვე შემომთავაზა დაგეხმარებითო. საქართველოში ნაცნობებისგან არანაირი ნეგატივი არ მიმიღია, მხოლოდ თანაგრძნობა, პატივისცემა და მხარდაჭერა. ერთი ოცმა კაცმა შემომთავაზა დახმარება, - ამბობს ტეტერევი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG