რუსული СУ-27-ის ამერიკულ MQ-9-თან შეჯახების ამსახველი ვიდეო, რომელიც 15 მარტს აშშ-ის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა, თავდაყირა აყენებს რუსეთის თავდაპირველ ვერსიას.
რუსეთის მიერ დაწესებულ "საზღვარსა" და შეზღუდვებს კანონიერად მხოლოდ რუსეთში თვლიან. ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მომხდარი ხელს ვერ შეუშლის აშშ-ის სადაზვერვო გეგმებს შავი ზღვის რეგიონში. მოსკოვი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმაც გააფრთხილა. ამერიკული მედია წერს, რომ ორ ქვეყანას შორის გაზრდილ დაძაბულობას შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონის ძებნაც გაამძაფრებს.
საერთაშორისო მედია აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკული დრონი რუმინეთში განთავსებული ამერიკული ბაზის ტერიტორიიდან აფრინდა და ასრულებდა „რეგულარულ სადაზვერვო მისიას“. იგივე წყარო აცხადებს, რომ „დრონის კამერებს შეუძლიათ უმეთვალყურეონ ყირიმს საერთაშორისო საჰაერო სივრციდან“, „ასეთი მისიები ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე სრულდებოდა“ და თითოეული ფრენა შესაძლოა 10 საათსაც გაგრძელდეს.
დადასტურდა შეჯახება
„ეს ინციდენტი წარმოადგენს რუსული და ამერიკული საბრძოლო ავიაციის პირველ პირდაპირ ფიზიკურ შეხებას მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი ხნის წინ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ეს სავარაუდოდ გაზრდის დაძაბულობას ორ ქვეყანას შორის“, - დაწერა CNN-მა მალევე მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ რუსული თვითმფრინავის ამერიკულ დრონთან შეჯახების ამსახველი ვიდეომასალა ტვიტერზე გააზიარა. აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ვიდეოს აღწერაში, ხაზი გაუსვა, რომ შეჯახებისას დრონს პროპელერი დაუზიანდა.
გამოქვეყნებული მასალა ეწინააღმდეგება რუსეთის ხელისუფლების მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსული ავიაგამანადგურებელი СУ-27 არც კი შეხებია ამერიკულ MQ-9-ს და დრონი მხოლოდ „მკვეთრი მანევრირების შედეგად“ დაზიანდა. გამოქვეყნებულ ვიდეოზე ისინი დრონისთვის მხოლოდ საწვავის შესხმის ფაქტს ადასტურებენ, რაც ასევე ჩანს გავრცელებულ ვიდეომასალაში.
ის ფაქტი, რომ ვიდეომასალის გამოქვეყნებას არ მოჰყოლია შემდგომი რეაგირება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, CNN-ის ვარაუდით, შესაძლოა უკავშირდებოდეს თავის შეკავებას კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინკოგნიტო მაღაჩინოსანმა CNN-ს უთხრა, რომ ვიდეო ვერ ადასტურებს თვითმფრინავის პილოტის წინასწარ განზრახვას.
მანამდე იგივე CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ შავი ზღვის რეგიონში ამერიკულ დრონზე თავდასხმის ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან გაიცა.
რუსი ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ამიერიდან აშშ უფრო ფრთხილად იქნება, არ მიუახლოვდება მათ „საზღვარს“ და ეს არ იქნება „სახარბიელო“ უკრაინისა და სხვა მისი მოკავშირეებისთვის. ხოლო თუ ასეთი რამ განმეორდება, სამხედრო ექსპერტი, ალექსეი ლეონკოვი იმუქრება კიდეც, რომ ამერიკულ დრონს შემდეგ ჯერზე აუცილებლად ჩამოაგდებენ. თუკი რუსული თვითმფრინავები, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ისევ გაბედავენ ამერიკულ დრონთან მიახლოებას, მათი ჩამოგდების ვერსიაზე ლაპარაკობს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემიც. პასუხად კი, აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ისევ ბირთვული იარაღით იმუქრება. „ეს იქნება ომის ღია გამოცხადება უმსხვილესი ბირთვული ძალის წინააღმდეგ“, - თქვა მან.
მანამდე ანტონოვი აცხადებდა, რომ ეს იყო „ნამდვილი პროვოკაცია“ აშშ-ის მხრიდან და რუსეთი ვითარების ესკალაციის მომხრე არ არის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც საერთაშორისო მედია არანაკლები დაძაბულობის გამომწვევად თვლის და ეს არის „რბოლა“ დაზიანებული დრონის ნატეხების აღმოსაჩენად, რასაც ახლავს გარკვეული რისკი, რომ ის „ცუდ ხელში“ მოხვდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოვარდნის ადგილის სიახლოვეს რუსული სამხედრო ხომალდების აქტივობა შეინიშნება, რაც შესაძლოა წყლიდან დრონის ნარჩენების ამოღების მცდელობას უკავშირდებოდეს.
თუმცა, მეორე მხრივ, როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, MQ-9-ის ტიპის დრონები აშშ-ს სხვა დროსაც დაუკარგავს - ავღანეთისა თუ სირიის თავზე და არც ის არის გამორიცხული, რომ „მათი ნაწილები უკვე ჩაუვარდათ ხელში სხვა სამხედრო დაჯგუფებებსაც“.
რა „საზღვარი“?
რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის საფრენმა აპარატმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დროს „რუსეთის მიერ დაწესებული დროებითი საზღვარი“ დაარღვია და ირწმუნება, რომ ამ „საზღვრის“ დაწესების შესახებ „ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საჰაერო სივრცით მოსარგებლე ყველა ქვეყანას“ და „გამოაქვეყნა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“.
მაგრამ იმას, რაც რუსეთს კანონიერი შეზღუდვა ჰგონია, საერთოდ არ აღიარებს აშშ და განმარტავს, რომ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შესვლას მას ვერავინ აუკრძალავს.
თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მომხდარი ვერ შეაჩერებს სადაზვერვო მისიას შავ ზღვაზე და „აშშ გააგრძელებს ფრენასა და ოპერირებას ყველგან, სადაც დაშვებულია საერთაშორისო სამართლით“.
რუსეთი გააფრთხილა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმაც. ბენ ვოლესმა მოუწოდა მოსკოვს, რომ პატივი სცეს საერთაშორისო წესებს. „საკვანძო საკითხია, რომ ყველა მხარემ სცეს პატივი საერთაშორისო საჰაერო სივრცეს და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ სწორედ ასე მოიქცეს“, - უთხრა ვოლესმა როიტერსს, იაპონიაში ყოფნის დროს.
საფრენ ტერიტორიასთან დაკავშირებით მოსკოვისა და ვაშინგტონის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გათვალისწინებით, სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ინციდენტები შესაძლოა მომავალშიც განმეორდეს.
აშშ რუსეთს ამჯერად განზრახ მოქმედებას არ აბრალებს და მომხდარს მხოლოდ „არაუსაფრთხო, არაპროფესიონალურ“ მანევრად განიხილავს. მაგრამ სამხედრო ექსპერტები, თავის მხრივ, განიხილავენ ვერსიას, რომ პენტაგონმა ამ ჯერზე შესაძლოა შეგნებულად დახუჭა თვალი; მაგრამ ეს იქნება პირველი და უკანასკნელი „პატიების“ შემთხვევა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი „როსია 1“-ს ეუბნება, რომ ამერიკელები „ძალიან აქტიურად“ ზვერავენ შავი ზღვის რეგიონს და იყენებენ „როგორც კოსმოსური, ასევე ვიზუალური და რადიოდაზვერვის ყველა საშუალებას“. ნარიშკინი აქვე ამბობს, რომ ფლობენ ყველა საშუალებას ამერიკული დრონების აღმოსაჩენად.
და ჩვენ როგორ ვეწინააღმდეგებით? - ჟურნალისტის შეკითხვას ნარიშკინი დაბალი და რბილი ტონით არაპირდაპირ უპასუხებს: „საკმაოდ დეტალურად ვიცით და გვესმის, ასე ვთქვათ - რა მიზნები აქვთ ამერიკელებს... და ვცდილობთ გამოვავლინოთ ობიექტები და ტერიტორიები, რაც მათთვის ყველაზე საინტერესოა“.
უფრო მძიმე დასკვნები აქვს დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის. 15 მარტს მან განაცხადა, რომ ეს იყო „პროვოკაცია, რომელიც რუსეთმა მხოლოდ მტრულ მოქმედებად უნდა შეაფასოს“.
რა შეუძლია ამერიკულ დრონს?
რუსეთის მედიისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყირიმთან ახლოს აღმოჩენილ დრონს „თურმე შეიარაღების გადატანაც შეუძლია“. შემდეგ ამ შოკმა წარმოშვა ვერსია, რომ ამერიკული დრონი, შესაძლოა, შეიარაღებული იყო სამშაბათსაც, ინციდენტის დღეს - „და იქნებ ის სულაც სევასტოპოლის დაბომბვას გეგმავდა?!“ ამ ვერსიას უარყოფენ ვაშინგტონში.
ტურბოს ძრავის მქონე ამერიკულმა სადაზვერვო დრონმა - MQ-9-მა პირველი ფრენა 22 წლის წინ, 2001 წელს შეასრულა; ხოლო შეიარაღებაში 2007 წელს იქნა მიღებული. მისი სიჩქარე 480 კმ/სთ-ს შეადგენს, შეუძლია 15 კილომეტრზე აფრენა და ჰაერში ყოფნა უწყვეტად 24-27 საათის განმავლობაში. წვდომის მანძილია 1850 კილომეტრი.
სადაზვერვო ფუნქციის გარდა, MQ-9-ს შეუძლია შეასრულოს საბრძოლო დავალებებიც და გადაიტანოს რაკეტები და ბომბები. მას „მონადირე-მკვლელადაც“ მოიხსენიებენ. დრონის ფასი, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 32 მილიონ დოლარს შეადგენს და ერთი საათის მანძილზე მისი ფრენა 3500 დოლარი ჯდება.
სამხედრო ექსპერტები იუწყებიან, რომ აშშ-ს კიდევ ასეულობით ასეთი დრონი აქვს და ამ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებაშიც მრავლად არის.