Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაქვეყნა რუსული ავიაგამანადგურებლისა და ამერიკული დრონის შეჯახების ამსახველი ვიდეო


კადრი ვიდეოდან
კადრი ვიდეოდან

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა შავი ზღვის თავზე რუსული ავიაგამანადგურებლის, Су-27-ისა და ამერიკული მზვერავი დრონის, MQ-9 Reaper-ის შეჯახების ამსახველი ვიდეო. დრონი 14 მარტს რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.

ვიდეო დრონის მიერაა გადაღებული, ჩამოვარდნამდე. ვიდეოში ჩანს რუსული ავიაგამანადგურებლის ან ავიაგამანადგურებლების ორგზის მიახლოება სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატთან. შეიმჩნევა შესაძლო ფიზიკური შეხების შედეგი - MQ-9-ის პროპელერი პირველი მიახლოების შემდეგ გაღუნულია.

რუსეთის ხელისუფლება და პენტაგონი მომხდარს გაუთვალისწინებელ სიტუაციას უწოდებენ. ვაშინგტონში რუსი პილოტების „არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მოქმედების შესახებ განაცხადეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარის შესახებ თქვეს, რომ დრონი დაზიანდა „მკვეთრი მანევრირების შედეგად“.

თუმცა, ბევრი სამხედრო ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საუბარია რუსული თვითმფრინავის წინასწარ განზრახულ მოქმედებაზე, რასაც პენტაგონი შესაძლოა რეგიონში ვითარების ესკალაციის თავიდან ასარიდებლად არ აღიარებდეს.

წუხელ უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებული საკითხი აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარში განიხილეს. სატელეფონო საუბარი შედგა ასევე აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროს მარკ მილსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს შორის.

CNN-ი დისტანციურად შეგროვილი მასალის საფუძველზე იტყობინება, რომ დრონის ჩამოვარდნის ადგილის სიახლოვეს რუსული სამხედრო ხომალდების აქტივობა შეინიშნება, რაც შესაძლოა, წყლიდან დრონის ნარჩენების ამოღების მცდელობას უკავშირდებოდეს.

მილის სიტყვებით, დრონის ამოტანის ნებისმიერი ოპერაცია ტექნიკურად ძალიან რთული იქნება. ამ მხარეში ზღვის სიღრმის განსაზღვრას შესაძლოა, რამდენიმე დღეც დასჭირდეს. გენერლის თქმით, სავარაუდოდ, სიღრმე 1219-დან 1524 მეტრამდეა. შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა ნაბიჯები კონფიდენციალური სადაზვერვო ინფორმაციის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად, იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები Reaper-ის ზღვიდან ამოტანას შეძლებენ.

რუსეთის "ეფესბეს" დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა ტელეკომპანია "Россия-1-თან" ინტერვიუში თქვა: „არ ვიცი, შევძლებთ თუ არა მის ამოტანას, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია და ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამაზე."

შეერთებულმა შტატებმა 14 მარტს განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა მისი სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას.

XS
SM
MD
LG