პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შავ ზღვაზე რუსული თვითმფრინავების მიერ გადატაცებული ამერიკული სადაზვერვო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოსკოვის მხრიდან გაზრდილი აგრესიის მაჩვენებელია.
„ამ ბოლო დროს შეინიშნება ქცევის მოდელი, რომლის ფარგლებშიც რუსეთი სულ უფრო და უფრო აგრესიულად მოქმედებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ. მან ასევე თქვა, რომ წყლის სიღრმის გათვალისწინებით, რთული იქნება ზღვაში ჩავარდნილი დრონის ფსკერიდან ამოღება.
"ამერიკის ხმა" ციტირებს მილის სიტყვებს, რომ დრონის ამოტანის ნებისმიერი ოპერაცია ტექნიკურად ძალიან რთული იქნება. ამ მხარეში ზღვის სიღრმის განსაზღვრას შესაძლოა რამდენიმე დღეც დასჭირდეს. გენერლის თქმით, სავარაუდოდ, სიღრმე 1219-დან 1524 მეტრამდეა. შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა ნაბიჯები კონფიდენციალური სადაზვერვო ინფორმაციის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად, იმ შემთხვევაში თუ რუსი სამხედროები Reaper-ის ზღვიდან ამოტანას შეძლებენ.
რუსეთის "ეფესბეს" დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა ტელეკომპანია "Россия-1-თან" ინტერვიუში განაცხადა: „არ ვიცი, შევძლებთ თუ არა მის ამოტანას, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია და ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამაზე."
წუხელ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს ტელეფონით დაუკავშირდა. საუბარი შედგა „ამერიკის მხარის ინიციატივით“, იტყობინებიან რუსეთის საინფორმაციო საშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
შეერთებულმა შტატებმა 14 მარტს განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა მისი სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას.