Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთზე დამოკიდებული ეკონომიკა - რა იქნება პანდემიის შემდეგ?


საქართველოში მსჯელობენ იმაზე, როგორ შეიძლება ეკონომიკამ პანდემიის შემდეგ შეამციროს რუსეთზე, როგორც მყიფე და პოლიტიკურ ბაზარზე, დამოკიდებულება. რუსული პროპაგანდა ცდილობს აზრის განმტკიცებას, რომ საქართველოს „სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის“ და საჭიროა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება. რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების გამო საქართველოს ეკონომიკას არაერთხელ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, თუმცა 2006 წელს მოსკოვის მიერ ჩაკეტილმა კარმა ქართველ მწარმოებლებს ახალი შესაძლებლობებიც გაუხსნა. შეძლებს ქართული ეკონომიკა, ამჯერადაც, აქციოს გამოწვევა შესაძლებლობად, გააუმჯობესოს სასურსათო უსაფრთხოება და გამოძებნოს უფრო სანდო და ღირსეული სავაჭრო პარტნიორები?

„საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ის გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოამზადა. დოკუმენტი, ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ტენდენციებისა და საფრთხეების ჩვენების გარდა, შეიცავს რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება ვაჭრობის დივერსიფიკაცია პანდემიის შემდგომ ხანაში.

რუსეთის მიმართ ეკონომიკური დამოკიდებულების საფრთხეებზე არაერთი კვლევა, დოკუმენტი და ანგარიში არსებობს და ქართულმა ბიზნესმაც კარგად იცის, თუ რამდენად დიდია ის ზიანი, რომელიც რუსეთის მხრიდან სხვადასხვა დროს დაწესებული შეზღუდვების გამო მიადგა. მაგალითად, 2006 წელს რუსეთის მხრიდან, ფაქტობრივად, სავაჭრო ბოიკოტის გამოცხადებისას, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 18 % იყო (154 მლნ აშშ დოლარი), 2019 წელს კი, როცა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა, ტურისტების საერთო რაოდენობაში რუს ტურისტებს 15%-ზე მეტი ეკავათ.

მეორე მხრივ, რუსეთის მიერ ჩაკეტილი კარი ქართული ბიზნესისთვის, მაგალითად, 2006 წელს ახალ შესაძლებლობად იქცა. ქართული ღვინო, რომელიც მანამდე ძირითადად რუსეთში გადიოდა, გაჩნდა ევროპის, ჩინეთისა და სხვა ბაზრებზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ფიქრობენ, რომ პანდემიის გამო ჩაკეტილი და შეწყვეტილი ეკონომიკური ურთიერთობებიც შეიძლება ახალ შანსად იქცეს და საქართველომ შეძლოს სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე.

„მინიმუმ ეს გარდაუვალი იქნება ტურიზმის შემთხვევაში, რადგან საქართველოს ტურიზმზე, მათ შორის, რუს ტურისტებზე დამოკიდებულება შემცირდება და 2019 წლის დონეზე დაბრუნებას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს. ეს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას გარკვეულ გამოცდილებას შესძენს, რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ ნაკლებად მოწყვლადი იყოს და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას საშიშად მიიჩნევს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძეც, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი პოლიტიკური ბაზარია და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიკეტოს სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზის გამო.

„ეს ახალი პრობლემა არ არის. დიდი ხანია, ამაზე ყველა ვსაუბრობთ. ზოგადად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება სავაჭრო პარტნიორობა და გაცვლა, მით უკეთესია ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია მტერზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის უკვე 20 %-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და რომელსაც თავისი სურვილის და პოლიტიკური მოსაზრებების გამო შეუძლია ნებისმიერ დროს ჩაკეტოს კარი ქართველი მწარმოებლებისთვის.

მე ვისურვებდი, იმ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარზე არიან, შიდა მარჟა ჰქონდეთ დაწესებული რუსეთში გასატანი პროდუქტების და ცდილობდნენ სხვა ბაზრებზეც ფეხის მოკიდებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ ქვეყანაში და უფრო საიმედო პარტნიორებთან გვქონდეს სავაჭრო ურთიერთობა“, - ამბობს ნინო ევგენიძე.

რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების შემცირებას ისურვებდა სალომე გელაშვილიც, თსუს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, თუმცა არსებული გამოცდილება და ქართული ბიზნესის ქცევის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართველი მწარმოებლები ყოველთვის ცდილობენ დაუბრუნდნენ რუსეთის ბაზარს, როგორც კი დაკეტილი კარი იღება.

„როგორც ჩვენი მონაცემები აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აგროვაჭრობა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რიგი პროდუქტების შემთხვევაში მაინც რჩება ძალიან კონცენტრირებული რუსეთის ბაზარზე. 2006 წელს, როცა რუსული ბაზარი ჩაიკეტა, ქართულმა ღვინომ შეძლო სხვა ბაზრებზე გასვლა, მაგრამ 2013 წლის შემდეგ, როგორც კი ეს შეზღუდვა მოიხსნა, ქართული ღვინის გატანა რუსეთში წლიდან წლამდე იმატებდა.

რეალურ დივერსიფიკაციას სჭირდება ყველას თანამშრომლობა - ბიზნესიც მზად უნდა იყოს ახალი ბაზრების შესწავლისთვის, კვლევების ჩასატარებლად, ხარისხის ასამაღლებლად და სახელმწიფოც უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ქართველი მეწარმეები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილები საერთაშორისო ბაზრობებსა და გამოფენებზე“, - ამბობს სალომე გელაშვილი, რომლის დაკვირვებითაც, ქართველი მეწარმეების ნაწილი მოკლევადიან მოგებაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე გრძელვადიან ბიზნესგეგმებზე. ამ მიდგომის შედეგი ისაა, რომ ექსპორტზე გასული ქართული კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და მათი არსებობა სხვადასხვა ქვეყანაში ხანმოკლეა და სულ რამდენიმე წელს ითვლის ხოლმე, რაც ძალიან მცირე დროა ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად პოსტპანდემიურ პროცესში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
  • პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა აქტიურად დაეხმაროს ბიზნესსექტორს. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;
  • წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა, მათ შორის, მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;
  • პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი შედეგიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა იყოს.

ქართული არასამთავრობო სექტორის მსჯელობის კვალდაკვალ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს რუსეთის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება, რუსული პროპაგანდა იბრძვის იმ აზრის დასანერგად, რომ „საქართველოს სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის“ და საქართველომ უნდა დაიწყოს ფიქრი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე. ამ შინაარსის მასალები ჩნდება როგორც პრორუსულ ქართულენოვან მედიაში, ასევე რუსულენოვან რესურსებზე. პროპაგანდისტული მედიის მიერ ამ შინაარსის მქონე სტატიების გამოქვეყნების შემდეგ 21 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც, ილაპარაკა საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხზე. „მზად ვიქნებით, დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ, რადგანაც ჩვენ არ ვყოფილვართ მათი შეწყვეტის ინიციატორები. ალბათ, უნდა დაველოდოთ, ქართველი კოლეგები როდის შეუდგებიან ამ საკითხის განხილვას. სავაჭრო წარმომადგენლობებიც ითვალისწინებს გარკვეული შეთანხმებების არსებობას. არ ვფიქრობ, რომ ეს უცებ შემატებს რაღაც უპირატესობას, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, ნამდვილად განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას“, - თქვა ლავროვმა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ ფიქრობენ, რომ ლავროვის განცხადება იმის დასტურია, რომ პრორუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ წამოწყებული „კამპანია“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე, კორელაციაშია რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან.

ამავე ორგანიზაციის გათვლებით, სხვადასხვა წლებში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობით საქართველოს ასეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა:

XS
SM
MD
LG