ღამის ცვლის მორიგე იყო სტელა, ცნობა რომ მივიდა მეტროში, დილით მგზავრები აღარ შემოუშვათ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდებაო. 31 მარტს, გამთენიისას, სტელამ და მისმა თანამშრომლებმა, მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ კარს ბოქლომი დაადეს. მას შემდეგ ზუსტად თვენახევარი გავიდა.
სტელა ხალათიანისთვის, რომელიც 13 წელია ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მეტროს სადგურში კონტროლიორად მუშაობს, უჩვეულოა და სევდიანი დაცარიელებული ესკალატორისა და ბაქნის ყურება. მგზავრები და ხმაური მენატრებაო, ეუბნება რადიო თავისუფლებას:
„მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო მუნიციპალური ტრანსპორტი და მათ შორის მეტროც გაჩერდა, სამ დღეში ერთხელ, 24-საათიანი გრაფიკით გვიწევს მეტროს თანამშრომლებს მუშაობა. უცნაური სანახავია დაცარიელებული მეტროს შესასვლელი, დაცარიელებული ბაქანი. თითქოს ცხოვრება გაჩერდა. მუდმივი ხმაური, ზუზუნი, მატარებლის ხმა, ასე მგონია, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ცუდი შეგრძნებაა. ხარ მარტო და ეს სიცარიელე ჩვენზე ყველაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მენატრებიან ჩემი ნაცნობი მგზავრები. მაინტერესებს, როგორ არიან, თავს ხომ ჯანმრთელად გრძნობენ. ფაქტია, რომ ტრანსპორტის ასე დიდი ხნით გაჩერებამ, ხალხს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ახლა უკვე გაიხსნა მაღაზიები, სხვადასხვა დაწესებულება. ხალხი სამსახურამდე უნდა მივიდეს. ყველას არ აქვს ტაქსით სარგებლობის საშუალება. იმედია, მალე იქნება ქვეყანაში ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ისევ ამუშავდეს“.
- თბილისის მეტრო, რომელსაც ყოველდღიურად, საშუალოდ 350 ათასი მგზავრი გადაჰყავდა, 31 მარტიდან გაჩერებულია.
- მასთან ერთად, ასევე 31 მარტიდან გაჩერებულია 564 ავტობუსიც, რომელიც თბილისში ყოველდღიურად საშუალოდ 400 ათას მგზავრს ემსახურებოდა.
- ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 18 მარტიდან აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაც, რომლებსაც დღეში 360 ათასამდე მგზავრი გადაჰყავდა.
- 24 მარტიდანაა აკრძალული საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც.
მეტროს თანამშრომლებსა და ავტობუსის მძღოლებს, ამ პერიოდში საბაზისო ხელფასი შენარჩუნებული აქვთ. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს, რომელთა რიცხვი 3000-მდეა, ისინი თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მათ ანაზღაურებას არ უხდის. როგორც კომპანიაში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, მძღოლების მცირე ნაწილი სხვადასხვა უწყებისა თუ კომპანიისთვის დროებით ხელშეკრულებაზე მუშაობს.
დუმს მერი, დუმს პრემიერი
31 მარტიდან თვენახევარია გასული. 13 მაისის მდგომარეობით, არც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, არც „თბილისის მიკროავტობუსს“, არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, ბუნდოვანი მონახაზიც კი, როდიდან შეიძლება აღდგეს მუნიციპალური მოძრაობის მუშაობა.
ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია არც თბილისის მერიას. ყოველ შემთხვევაში, ასე განუმარტავენ რადიო თავისუფლებას დედაქალაქის მუნიციპალიტეტში. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თქმით, ტრანსპორტის ამუშავება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ განცხადება 13 მაისს გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი მზადაა განაახლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისინი მაინც დარგის სპეციალისტების მითითებებს ელიან: „ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, ამბობს მერი.
აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ანუ 22 მაისის შემდეგ? - თბილისის მერიას არც ამ კითხვაზე აქვს პასუხი. ორი დღის წინ, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ამ კითხვას ასე უპასუხა: „არ ვიცი, ამას უნდა დაველოდოთ“.
რაც შეეხება უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედებს, იქ გვეუბნებიან, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა, დიდი ალბათობით, შორეული პერსპექტივა რომ იყო, ამის ეჭვი ჯერ კიდევ 24 აპრილს გაჩნდა. სწორედ ამ დღეს წარადგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში პანდემიის პირობებში ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები და ექვსეტაპიანი გეგმა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი.
იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვაზე, როდიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და რატომ არაფერია ნათქვამი ამის შესახებ ექვსი ფაზისგან შემდგარ გეგმაში, გიორგი გახარიამ ასეთი პასუხი გასცა:
„მე დღეს სპეციალურად არ ვილაპარაკე რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან სეგმენტზე. ეს არის, მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა, ეს ისეთი მსხვილი ელემენტებია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ყოველდღიურ მობილობაზე და პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, თუ როგორი იქნება ეპიდემიური სიტუაცია“.
ბოლო ერთი კვირაა, ქვეყანაში COVID 19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა ციფრს აღარ სცდება. მაგალითად, ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა, 11 მაისს ისიც კი ივარაუდა, რომ ვირუსის გავრცელების პიკი გადავლილია.
მაშ, რატომ იგვიანებს ტრანსპორტი?
ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტი, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, აღარ უნდა დარჩეს ე.წ. „მკვდარ ზონად“. ის ფიქრობს, რომ უსწრაფეს დროში უნდა იქნას შემუშავებული პროტოკოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მგზავრობის უსაფრთხოების წესები, რის შემდეგაც ტრანსპორტმა მუშაობა უნდა განაახლოს:
„ტრანსპორტი ხვალ ამოქმედდება თუ ერთ თვეში, ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული წესების შემუშავება, იქნება ეს ნიღბების ტარება, მგზავრთა შორის დისტანციის დაცვა, მძღოლის იზოლირება, მგზავრთა ნაკადის დარეგულირება და ა.შ. ამ პროტოკოლის შემუშავება უმჯობესია, რომ დროულად დაიწყოს. მით უმეტეს, რომ პირველი ივლისიდან ტურისტების მიღებას ვაპირებთ, რაც ბევრად უფრო საფრთხილოა, ვიდრე შიდა გადაადგილება. ფაქტი ერთია, დროულად უნდა დავიწყოთ ზრუნვა მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზე, რადგან ამაზე დიდწილად არის დამოკიდებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. მათ შორის, უხელფასოდ დარჩენილი მძღოლებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობა. ამასთანავე, მოქალაქეებმაც უნდა გავაცნობიეროთ საფრთხეები და მაქსიმალურად დავიცვათ ის წესები, რაც ტრანსპორტით მგზავრობისას იქნება დაწესებული“.
რა შეზღუდვები დააწესეს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას სხვა ქვეყნებმა?
თამარ ფარადაშვილი ამსტერდამში ცხოვრობს. მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლისა, იქ მუნიციპალური ტრანსპორტი არ შეჩერებულა, თუმცა, დაწესდა მკაცრი შეზღუდვები, შეიცვალა ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკიც. თამარ ფარადაშვილის თქმით, მაისიდან ეს შეზღუდვებიც ნელ-ნელა იხსნება, თუმცა, არსებობს სავალდებულო წესები, რომლებიც ყველა მგზავრმა უნდა დაიცვას:
„ახლა ტრანსპორტის განრიგი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. უბრალოდ, წინა კვირიდან, სავალდებულო გახდა ტრანსპორტში ნიღბების ტარება. აგრეთვე სავალდებულოა 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა. ამასთანავე მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ მგზავრობისგან, თუ კრიტიკულად აუცილებელი არაა - ანუ ისევ მოქმედებს სახლიდან მუშაობის პრინციპი. წინა კვირაში, ამსტერდამში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მატარებელში დასაშვებზე მეტი მგზავრი ავიდა, კონდუქტორმა მოუწოდა მგზავრებს, რომ ტრანსპორტიდან ჩასულიყო ყველა ის მგზავრი, ვისაც იმ მომენტში ტრანსპორტი კრიტიკულად არ სჭირდებოდა. მატარებლიდან არავინ ჩავიდა. ამიტომ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც მთელი მატარებელი დაცალა და ცარიელი მატარებელი წავიდა, როგორც იმის მაგალითი, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია ვაგონებში და უნდა იმგზავრონ მხოლოდ მათ, ვისაც ეს მართლა სჭირდება“.
არ შეჩერებულა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება იტალიაშიც. თუმცა, მგზავრებსა და მძღოლებს იქაც უსაფრთხოების წესების დაცვა უწევთ. ნონა გედენიძე ქალაქ რეჯიო-ემილიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება. გარდა ამისა, ავტობუსებში მონიშნულია ადგილები, სადაც მგზავრებს დაჯდომა შეუძლიათ. მგზავრებისგან იზოლირებულია მძღოლიც. ნონა ამბობს, რომ თუკი აქამდე მგზავრები ბილეთებს მძღოლისგან ყიდულობდნენ, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბარათებით უნდა ისარგებლონ. ტრანსპორტს უტარდება ყოველდღიური დეზინფექცია:
„თუკი აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდული რაოდენობით დადიოდა და კვირას, საერთოდ არ მუშაობდა, 2 მაისიდან ეს შეზღუდვა მოიხსნა. ის ხაზებიც ამუშავდა, რომლებიც აქამდე გაჩერებული იყო. 4 მაისიდან დაიწყო მოძრაობა დიდი მოცულობის ავტობუსებმაც. ავტობუსებში გამოკრულია უსაფრთხოდ მგზავრობის წესები, სადაც დეტალურად არის გაწერილი მაგალითად, პირბადის მოხმარების წესები“.
საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მოიხნა აკრძალვები ავტომობილებით გადაადგილებასა და ონლაინ-ვაჭრობაზე.
დაანონსებულზე ერთი კვირით ადრე, 5 მაისიდან დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი. მუშაობა განაახლეს სამშენებლო და სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა. ასევე ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების მიმწოდებლებმა. განახლდა პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი.
რაც შეეხება მესამე ეტაპს, 11 მაისიდან გაიხსნა საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე ყველა ტიპის ღია ბაზრობა, წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.
13 მაისის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 647 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 372 გამოჯანმრთელდა. 11 გარდაიცვალა.