როგორ გამოავლენს მესაზღვრე მგზავრს, რომელიც, მაგალითად, საქართველოდან გაემგზავრა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, შემდეგ, ამ ქვეყნიდან მატარებლით გაემართა იტალიისკენ, დაჰყო იქ რამდენიმე დღე, იტალიიდან კვლავ გადავიდა სხვა ევროპულ ქვეყანაში და სწორედ იქიდან გამოფრინდა საქართველოში?
არცერთ სტრუქტურას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის მთავარ უწყებად არის განსაზღვრული, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე, რადიო თავისუფლების რეპლიკაზე, „გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული საქართველოში ჩამოფრინდა არა იტალიიდან, არამედ სხვა ევროპული ქვეყნიდან“, პასუხობს:
„ჩვენ არ ვასახელებთ რეისს, რადგან ეს იწვევს შემდეგ უსაფუძვლო პანიკას ყველა იმ მგზავრში, ვინც ამ რეისით იფრინა. იცით, რომ ყველა მგზავრი არ ითვლება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირად. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად, ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ბოლოს გამოუვლინდათ კორონავირუსი, აქვთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია“.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე, ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ დაწესებული არანაირი შეზღუდვა იტალიაში შესვლა-გასვლასთან დაკავშირებით, საზღვრებზე არ ხორციელდება მგზავრების აღრიცხვა და მათთვის რაიმე კონკრეტული საბუთის გაცემა, ბუნდოვანია, როგორ მოხერხდება იმ მგზავრების გაკონტროლება, რომლებმაც იტალიაში ტრანზიტულად იმოგზაურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლებას მხოლოდ ზოგადი ფრაზებით განუმარტავენ, რომ მესაზღვრეებს ამგვარი მგზავრების გამოვლენის საშუალება აქვთ. გამოვლენის ერთ-ერთ გზად განიხილება ჩაღრმავებული ინტერვიუ, სადაც მგზავრმა უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო თვითშეგნება და თქვას, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე მან იტალიაში იმოგზაურა, თუნდაც ტრანზიტულად.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, 24 საათის განმავლობაში მოწმდებიან მხოლოდ ის მგზავრები, რომელთა დოკუმენტებში ჩანს, რომ ისინი რისკ-ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები. ოფიციალური განცხადების თანახმადვე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, მესაზღვრეს აქვს წინასწარი ინფორმაცია ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის გადაადგილების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ამ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას, პირი ვალდებულია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.
საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა.