Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მკურნალობენ კოვიდ-პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ


ხდება თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზება მაშინ, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები ამბობენ, რომ ისინი პაციენტების მხრიდან „არაადეკვატური ქცევების“ გამო დაინფიცირდნენ? როგორ მკურნალობენ საქართველოში კოვიდ-პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ? იღებენ თუ არა ისინი სრულფასოვან სერვისს და რა ხარვეზებს ხედავენ ფსიქიატრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში, რომლებსაც პარალელურად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ?

მოზარდი, რომელსაც კოვიდთან ერთად, ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა - დაამძიმა თუ არა მისი ფსიქიკური მდგომარეობა არასწორმა მკურნალობამ?

მეორე დღეა სახლშია. უნდა, რომ გარშემო ყველაფერი ყვითელი იყოს - მზე და სითბო მენატრებაო. ოჯახის წევრების თხოვნითა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირედ გაუმჯობესების გამო, მკურნალმა ფსიქიატრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მკურნალობა სახლში, ოჯახის გარემოში გააგრძელოს, თუმცა, არც ოჯახი და არც ექიმი არ არიან დარწმუნებულნი, რომ მას კვლავ არ დასჭირდება კლინიკაში გადასვლა.

თვენახევრის განმავლობაში სამი კლინიკა გამოიცვალა. მოზარდის ავადმყოფობის ისტორია კი აპრილის მიწურულს დაიწყო (არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ოჯახის წევრები, თავს არიდებენ საჯაროდ დაასახელონ კლინიკები, სადაც ის მკურნალობდა). მოზარდი ფსიქიკური აშლილობის ნიშნებითა და მაღალი ტემპერატურით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ცხელების ცენტრში თვენახევრის წინ გადაიყვანა. რამდენიმე საათში მას COVID19 დაუდასტურდა. ამ დაავადებასთან ერთად კი ფსიქიკური აშლილობა.

მოზარდის ოჯახის წევრი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისთვის მანამდე არასდროს შეუმჩნევიათ ფსიქიკური პრობლემები. ფიქრობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირება და ფსიქიკური აშლილობის ნიშნები მას ერთმანეთის პარალელურად გამოუვლინდა:

„კლინიკაში რომ დააწვინეს, მისი ინტერნეტ-საძიებო სისტემის ისტორია დავათვალიერე. აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის შესახებ უამრავი ინფორმაცია ჰქონდა მოძიებული და შესწავლილი. თუმცა, ფსიქიატრები ამ ორ ფაქტორს ერთმანეთს არ უკავშირებენ და ამბობენ, რომ კორონავირუსს არ შეუძლია გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა და ეს პრობლემა გაცილებით ადრე დაიწყო“.

მოზარდი კორონავირუსისგან მალევე, ანუ, დიაგნოზის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა. მისი სიმპტომები არ იყო რთული. არ ჰქონია პნევმონია. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კლინიკაში, სადაც ის 11 დღის განმავლობაში იწვა, კორონავირუსის მკურნალობა წარმატებით წარიმართა. თუმცა, ოჯახი ფიქრობს, რომ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა, ექიმებმა არასათანადოდ მართეს და მისი მდგომარეობა დამძიმდა:

„იმ რამდენიმე დღის განმავლობაში 15 კილო დაიკლო. გვესმის რომ ბავშვის მართვა იყო რთული და მათ ეს გამოცდილება არ ჰქონდა. როგორც კლინიკის ადმინისტრაცია გვეუქნებოდა, მოწვეულ ფსიქიატრს ბავშვთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა, შედიოდა კიდეც მასთან. თუმცა, ექთნები სრულიად სხვა რამეს გვეუბნებოდნენ, რომ ფსიქიატრი მასთან არ შედიოდა და მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა და ასე ნიშნავნდა მკურნალობას. რამდენიმე ხანში ბავშვს ავთვისებიანი ნეიროლეფსია განუვითარდა. დაგვირეკეს საავადმყოფოდან და გვითხრეს, რომ დროულად გადაგვეყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში“.

როგორც მოზარდის ოჯახის წევრი გვიყვება, 11 მაისს ბავშვი ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ივარაუდეს, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია პრეპარატების ზედოზირებამ:

„პირველ დღეს გვითხრეს, რომ მიწვეულმა ფსიქიატრმა და იმ კლინიკამ, სადაც ბავშვი 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა, ვერ მართეს სიტუაცია სათანადოდ. ვარაუდობდნენ, რომ მდგომარეობის გართულება გამოიწცია წამლების ზედოზირებამ. ამიტომ მომდევნო დღეების განმავლობაში, ბავშვის მკურნალობა მხოლოდ დეტოქს პროცედურითა და შედარებით მსუბუქი პრეპარატებით მიმდინარეობდა. თუმცა, მოგვიანებით, ამ კლინიკის ექიმებმა სხვანაირად დაიწყეს ლაპარაკი. რომ ბავშვის მდგომარეობის გართულება გამოიწვია არა პრეპარატების ზედოზირებამ და არასწორმა მკურნალობამ, არამედ იმან, რომ ბავშვის ორგანიზმმა ეს პრეპარატები ვერ მიიღო“.

რადიო თავისუფლება იმ კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც მოზარდი 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა. კლინიკის მენეჯერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საავადმყოფომ მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ყველა წესის დაცვით მართა:

„დიახ. ეს ავადმყოფი 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა ჩვენთან. კორონასგან მალევე გამოჯანმრთელდა. ეტყობა ეს დაავადება ადრევე იყო დაწყებული. ზოგადად, ასეთი ტიპის პაციენტი სხვაგან უნდა გადამისამართებულიყო, მაგრამ ჩვენთან დარჩა. როგორც კი კოვიდისგან განიკურნა, სპეციალიზებულ კლინიკაში მოხდა მისი გადამისამართება. ჩვენ არ გვაქვს ფსიქიატრიული განყოფილება, მაგრამ ბავშვი იმყოფებოდა მოწვეული ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ. ყოველ მეორე დღეს მოდიოდა სპეციალისტი მასთან და მხოლოდ მისი დანიშნულების შესაბამისად მიმდინარეობდა მკურნალობა. ბავშვის მკურნალობის თითოეული ნაბიჯის შესახებ მისი ოჯახის წევრები ინფორმირებულნი იყვნენ“.

კოვიდ-პაციენტებთან, რომლებსაც თან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ, მუშაობს დავით ზურაბაშვილი, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ფსიქიატრი. სწორედ ის მართავდა მოზარდის მკურნალობის პროცესს იმ კლინიკაში, სადაც არასრულწლოვანი 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

დავით ზურაბაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს:

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ. მე მაქვს ორი ლიცენზია, როგორც ბავშვთა მკურნალობის, ისე მოზრდილთა მკურნალობის ლიცენზია. დანარჩენ დეტალებზე პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვისაუბრებ“.

რაც შეეხება ფსიქიატრიულ კლინიკას, სადაც მოზარდი მაისის შუა რიცხვებში გადაიყვანეს, მათგან კომენტარის მოპოვება რადიო თავისუფლებამ, ამ ეტაპზე, ვერ მოახერხა.

მიმართავს თუ არა მოზარდის ოჯახი შესაბამის სტრუქტურებს მკურნალობის პროცესში დაშვებული სავარაუდო შეცდომების მოკვლევის მიზნით, ჯერჯერობით, ოჯახს პასუხი არ აქვს. ისინი შიშობენ, რომ თუკი მოზარდს კვლავ მოუწევს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება, შესაძლოა, მას იქ პრობლემები შეექმნას.

მედპერსონალის ინფიცირებაში დადანაშაულებული პაციენტები

აპრილის დასაწყისიდან დღემდე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების მიერ მედპერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების ოთხ შემთხვევაზე გავრცელდა განცხადება.

პირველი მსგავსი განცხადება, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აპრილის დასაწყისში გაკეთდა, როდესაც კლინიკაში თქვეს, რომ 45 წლის მედდა მაშინ დაინფიცირდა კორონავირუსით, როდესაც მან თავის თავზე აიღო კორონავირუსით ინფიცირებული „რთული პაციენტის“ დახმარება, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

მეორე განცხადება, რომ სამი მედდა იმ პაციენტებისგან დაინფიცირდა, რომლებსაც „ფსიქიკური პრობლემები“ ჰქონდათ, 9 ივნისს, ბოჭორიშვილის კლინიკის გამგეობის თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა გააკეთა.

"ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომელთაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება. არ გვეკარებოდა არავინ რისკების გამო, არცერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ის, რომ დაინფიცირდა სამი პერსონალი", - განაცხადა სოლოღაშვილმა, თუმცა ყველა დეტალი არ განმარტა, კონკრეტულად რა ვითარებაში დაინფიცირდნენ ექიმები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, "იმ ფაქტთან დაკავშრებით, რაზეც მაკა სოლოღაშვილმა 9 ივნისს ისაუბრა, უწყებაში კლინიკიდან არანაირი შეტყობინება არ შესულა".

რადიო თავისუფლება ბოჭორიშვილის კლინიკას დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა, თუმცა, კლინიკაში კომენტარზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ მათი 9 ივნისის განცხადება არასწორად იქნა გაგებული და საზოგადოების ნაწილმა კლინიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მიმართ სტიგმის გაღრმავებაში დაადანაშაულა.

ოლგა კალინა, აქტივისტი, რომელსაც პარანოიდური შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს და იბრძვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მიმართ არსებული სტიგმის დასაძლევად, ფიქრობს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკის მიერ გაკეთებული განცხადება, სწორედ სტიგმის გაღვივებას უწყობს ხელს. ის კლინიკის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ერთ-ერთ არხზე თქვეს, რომ პერსონალი უშედეგოდ ითხოვდა პოლიციის დახმარებას და რომ ორი "არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტი" იყო ბოქსირებულ პალატაში. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა მაქვს: თუ ეს პირები იყვნენ არაადეკვატური ქცევის მქონე, იყო თუ არა ჩართული მათი მკურნალობის პროცესში დამატებითი დამხმარე სერვისი, მათ შორის ფსიქიატრიული? ფსიქიატრის ჩართულობის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. მეორე, არაადეკვატური ქცევა ავტომატურად არ ნიშნავს ფსიქიკურ პრობლემას და შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მათ შორის არ არის გამორიცხული ჩვეულებრივი ბრაზი/დაუმორჩილებლობა... ამიტომ სჯობდა ფოკუსირება არა შესაძლო სავარაუდო იარლიყებზე, არამედ ქცევაზე, რადგან ისევ ზარალდება ჩვენი ჯგუფი. მესამე, დახმარების რა მექანიზმები არსებობს პოლიციელების გარდა? თუ იყო ამაზე მსჯელობა პანდემიამდე? უკვე რამდენი ხანია შშმ საზოგადოება ამბობს, რომ საჭიროა მხარდაჭერის მექანიზმების მოფიქრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში. რთული ქცევაც შედის ამ სცენარებში. საერთოდ როგორ დაინფიცირდა პერსონალი შეხების გამო? წესით ხომ უნდა ჰქონდეთ აღჭურვილობა და შეხების შემთხვევაში ყოველთვის შესაძლებელია ანტისეპტიკით კანის დამუშავება. წესით საერთოდ ყველაფერი უნდა იყოს დაფარული, როცა შედიან ბოქსირებულ პალატებში. ხომ არ არის აქ პაციენტებზე გადაბრალების მცდელობა?“, - წერს ოლგა კალინა სოციალურ ქსელში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მედიკოსთა ინფიცირების სავარაუდო მიზეზი გახდა არა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტი, არამედ, ინფიცირებული ოჯახი ერთ-ერთი რაიონიდან, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და ისინი მხოლოდ აგრესიული ქცევით გამოირჩეოდნენ და ითხოვდნენ კლინიკიდან გაწერას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების მიმართ სტიგმის გაღვივებაში ადანაშაულებს ბოჭორიშვილის კლინიკას კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისათვის“. კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ბოჭორიშვილის კლინიკის მხრიდან პაციენტის პერსონალური ინფორმაციის ამ ფორმით გამოყენება და ამ გზით კლინიკის სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ფაქტის გამართლება და გადაბრალება, უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი ქმედებაა არა მხოლოდ პაციენტის მიმართ, არამედ საქართველოს სხვა, ასობით და ათასობით მენტალური დარღვევისა თუ ქცევით აშლილობების მქონე პირების, მათ შორის ბავშვების მიმართაც: „პაციენტის ფსიქიკურ პრობლემებზე ხაზგასმა და დადანაშაულება თავდაცვის მიზნით, აღრმავებს მათ მიმართ ისედაც არსებულ სტიგმას და არაჯანსაღ დამოკიდებულებებს ახალისებს“.

„გასაკვირი“ აღმოჩნდა ბოჭორიშვილის კლინიკის გამგეობის თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისთვის, თამარ გაბუნიასთვის. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, უხერხულია, პასუხისმგებლობის პაციენტებზე გადატანა. ის მედიკოსთა ინფიცირების ფაქტს მართვის ხარვეზს უკავშირებს:

„კლინიკურ პრაქტიკაში ყველა ექიმს და მათ შორის მეც, შემხვედრია რთული ქცევის პაციენტი, რომელიც შესაძლოა, სრულებით არ უკავშირდებოდეს ფსიქიკურ აშლილობას, მაგრამ არის პაციენტი, რომელიც უბრალოდ არ ემორჩილება რეჟიმს და გარკვეულ სირთულეებს უქმნის სამედიცინო პერსონალს ამ პაციენტთან ურთიერთობა. ამ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის ხელოვნება და მათი უნარ-ჩვევები სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი სიტუაციების მართვა შესაფერისად უნდა შეეძლოთ. მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა ასეთი კომენტარი, რადგან ბოჭორიშვილის კლინიკა არის ძალიან კარგად მომზადებული იმისათვის, რომ ყველანაირი სიტუაცია ეფექტურად მართოს. არც სამართალდამცავ ორგანოებთან გვქონია რაიმე ტიპის შეფერხება მთელი ამ ხნის განმავლობაში. თუკი კლინიკას რაიმე მსგავსი სირთულე ჰქონდა, ეს ჩვენ ყურამდე არც მოსულა. ვფიქრობ, რომ ჩამოყალიბდა მართვის ხარვეზი. მედიკოსები აღჭურვილნი არიან სათანადო ეკიპირებით. ცოტა უხერხულია, რაც არ უნდა რთული პაციენტი იყოს, ამ პასუხისმგებლობის პაციენტზე გადატანა. ჩვენ, ექიმები, თავად ვართ პასუხისმგებლები საკუთარ ჯანმრთელობაზეც და პაციენტების ჯანმრთელობაზეც“.

აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილის თქმით, არც „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ფლობდნენ ინფორმაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე კოვიდ-პაციენტის ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობის შესახებ. არადა, სწორედ ეს ცენტრია პასუხისმგებელი მსგავსი ტიპის პაციენტების მომსახურებაზე:

„ჩვენ არავინ დაგვკავშირებია ბოჭორიშვილის კლინიკიდან. ჩვენთვის თანამშრომლობის თხოვნით არავის მოუმართავს“.

როგორ მკურნალობენ საქართველოში კოვიდ-პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ?

კოვიდ-პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზიც აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფსიქიატრთა მიერ, მარტის დასაწყისში შემუშავდა კონკრეტული პროტოკოლი, სადაც მითითებულია, რომ ფსიქიატრიულ სტაციონარებში ინფექციის მართვისთვის სათანადო ინფრასტრუქტურული პირობების არარსებობის გამო, ინფიცირებული ან საეჭვო ნიშნების მქონე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტი უნდა მოთავსდეს ზოგადი პროფილის საავადმყოფოში, რომელშიც უზრუნველყოფილია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ყველა ღონისძიება და აქვს სხვა პაციენტებისაგან იზოლირების უზრუნველმყოფი პირობები.

ამ პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორია ეკა ჭყონია, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, COVID19-მა თვალსაჩინო გახადა ყველა ის პრობლემა, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტები სხვადასხვა სომატური დაავადების მკურნალობის პროცესში აწყდებიან:

„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ექიმებისთვის ამ ტიპის პაციენტები დამატებითი ტვირთია და ურჩევნიათ, რომ თავი აარიდონ მათ. მოგეხსენებათ, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები, არიან მოუვლელები, მათ ვერც ფსიქიატრები ვუვლით, ვერც სხვა სპეციალობის ექიმები. COVID19-ის მქონე პაციენტებისათვის ფსიქიატრიული საავადმყოფოები დაიხურა. ინფექციური პროფილის კლინიკები ხედავთ, რა ტიპის განცხადებებს აკეთებენ. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ შევხვდით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს. მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრთან მდებარე მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც ცხელების კლინიკა მოეწყო, განთავსებულიყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტები, რადგან იქვე მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა ინფექციონისტებსა და პაციენტებს. ასევე იყო შეთავაზება, რომ რამდენიმე კერძო კლინიკაში, რომლებსაც აქვთ ფსიქიატრიული განყოფილებები, იქ განთავსებულიყვნენ პაციენტები, მაგრამ ეს შეთავაზებები საბოლოო ჯამში მხოლოდ შეთავაზებებად დარჩა და ფაქტია, რომ დღეს ამ ტიპის პრობლემის წინაშე დავდექით“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, იმთავითვე გადაწყდა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობის პრობლემები ჰქონდათ, მკურნალობა გაევლოთ ინფექციური პროფილის კლინიკებში და მათი მკურნალობის პროცესს ინფექციონისტებთან ერთად მოწვეული ფსიქიატრი წარმართავდა:

„ამ შემთხვევაში, სამინისტრომ შეუწყო ხელი კლინიკებისა და ფსიქიატრების დაკავშირებას. ბუნებრივია, მათ აქამდე არც კონტრაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან და არც რაიმე მოდელი არსებობდა, მაგრამ როდესაც გაჩნდა ამის საჭიროება, ეს ორი სერვისი დავაკავშირეთ ერთმანეთთან და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრი მიდის ადგილზე, ნახულობს პაციენტს და ნიშნავს შესაბამის მკურნალობას. თუმცა, გარკვეული ფაქტები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ მიმართულებით იდეალური სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს და კიდევ უფრო მეტი ყურადღებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“.

კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების ან შესაძლო ინფიცირებულების მკურნალობის პროცესს, რომლებსაც თან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ, წარმართავს ფსიქიატრი დავით ზურაბაშვილი. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, როდესაც ცენტრში შედის შეტყობინება, რომ საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია, დაუყოვნებლივ ხდება ამ მომსახურების გაწევა, იქნება ეს შეტყობინება კლინიკიდან თუ საკარანტინე სივრციდან:

„ინფიცირებულთან თუ სავარაუდო ინფიცირებულთან, შევდივარ სრული ეკიპირებით. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის დისტანციური მართვაც, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ფიზიკურად ახლოს მისვლა, გასაუბრება, მაგალითად, პულსის გასინჯვა, თუნდაც ბოდიშის მოხდა, რომ ვარ ასე ჩაცმული. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პაციენტმა, რომელთანაც მქონდა შეხება, გაიარეს შესაბამისი მკურნალობის ეტაპი“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მასშტაბით აღირიცხა "სამი ან ოთხი პაციენტი", რომლებსაც კორონავირუსთან ერთად ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზიც ახლდათ.

XS
SM
MD
LG